ანკა ვისდეი

გორის თეატრი

რეჟისორი: ლუკა ინწკირველი

მხატვარი: ელენე მეგრელიშვილი

კომპოზიტორი: კონსტანტინე ეჯიბაშვილი

მონაწილეობენ: იოანა პოპესკო - ელენე დარჩია, ალექსანდრა პოპესკო - ანი დიდმანიძე

 

დემონსტრაციების, პოლიტიკური აჯანყებისა და სოციალური ცვლილებების ფონზე არეულობა იწყება პოპესკოების ოჯახშიც. გარემოება დებს ერთმანეთისგან აშორებს. მათ შორის არსებული ფიზიკური მანძილის მიუხედავად, გაცვლილი წერილები და სატელეფონო ზარები მათ დამაკავშირებელ სიმბოლურ ძაფს წარმოადგენს. თხრობაში ცენტრალური ადგილი უკავია შერიგების მოტივს. რადგან ორივე პერსონაჟი თანხმდება წარსულის შეცდომებსა და გაუგებრობებზე და პირნათლად ასრულებს ვალდებულებას - დარჩნენ „მუდამ ერთად“.

ჩვენ ვხედავთ ისტორიული მოვლენების გავლენას ერთ კონკრეტულ ოჯახზე. სპექტაკლის განმავლობაში პერსონაჟები უამრავ გამოწვევას აწყდებიან, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. გმირები უპირისპირდებიან რეპრესიული რეჟიმის პირობებში ცხოვრების მკაცრ რეალობას, მათ შორის ცენზურას, სიღარიბეს და პოლიტიკური დევნის მუდმივ საფრთხეს.

ანი დიდმანიძის (ალექსანდრა პოპესკო) პერსონაჟი განიცდის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას მოზარდობიდან ზრდასრულობამდე. სპექტაკლის დასაწყისში ალექსანდრა ახალგაზრდა და ამბიციური მწერალია, რომელსაც სურს საკუთარი თავის აღმოჩენა. მისი გადაწყვეტილება -დატოვოს სამშობლო 18 წლის ასაკში, არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. პოლიტიკურად მჩაგვრელ რეჟიმში ალექსანდრა ცენზურას, პიროვნულ დანაკარგს და ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს ებრძვის. იოანა (ელენე დარჩია) ახალგაზრდა მსახიობია, სავსე ოცნებებითა და მისწრაფებებით. სპექტაკლის დასასრულს კი უკვე მოწიფული, ინტროსპექტული ქალია, რომელიც განიცდის საკუთარ გამოცდილებას.

ელენე მეგრელიშვილის მხატვრობა ზუსტად მიყვება პიესაში აღწერილ ინტერიერს. მიუხედავად კონფლიქტისა, სარკისებრი ეფექტი (დების საძინებელი ერთმანეთის ანალოგია) ინარჩუნებს დებს შორის კავშირს. ალექსანდრას საძინებელში ტელეფონი და საბეჭდი მანქანა დევს გაზეთების დასტასთან ერთად, რაც გამოსახავს მწერლის როლს და მის ინტელექტუალურ მისწრაფებებს; კომუნიკაციისა და კავშირის სურვილს; მის აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე მოვლენებთან და სოციალურ საკითხებთან. იოანას მხარეს დაწყობილი წიგნები კი გატაცებაა ლიტერატურისა და ხელოვნებისკენ, თითქოს წარმოსახვისა და შემოქმედებით სამყაროში გაქცევის ფიზიკური გამოვლინებაა. სარკისებრი/გაორებული დეკორაცია ხაზს უსვამს ალექსანდრას და იოანას პარალელურ ცხოვრებას, რაც აისახება მათი შესაბამისი სივრცეების იდენტურ განლაგებაში. კარადაზე პროექციის გამოყენებით, რაზეც გამოსახულია დაბურული, ნისლიანი ტყე, ჩვენ გადავყავართ იმ სამყაროში, სადაც დები ირგებენ როლებს -  თეატრი თეატრში - შექსპირის სამყარო. სწორედ ამ პერიოდში შემოდის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ თემა - ამოდენა ტყე სულ მოვვლე ფრენით, მაგრამ არ იქნა, ვერ მივაგენი. ყვავილის ძალა გულით მეწადა, იმ ათენელზე გამომეცადა... არცა ჩანს რამე, არც რამე ისმის, როგორღა ვნახო მე კვალი მისი...

„ჰო, მართლა, გამოცდისთვის პაკის  ტექსტი მოგიმზადე“ - ალექსანდრა თავისი დისთვის შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრიდან“ პერსონაჟი პაკის ანალიზს აკეთებს. ეს არ არის შემთხვევითი, პირიქით ღრმა მნიშვნელობა აქვს პიესის კონტექსტში. პაკი ცნობილია თავისი ბოროტი საქციელებით და ეშმაკობით. თითქოს ალექსანდრა მზადყოფნაშია იმ მოვლენების მიმართ, რომელიც უნდა განვითარდეს. იოანას პაკთან პარალელით ალექსანდრა იყენებს ინტელექტუალურ ხრიკს. ალექსანდრა: წერილებისთვის კოდი უნდა მოვიფიქროთ. თუ არადა, ცენზურას ვერ გადავურჩებით. გენერალურ მდივანს „უბუთი“ მოვიხსენიებ („უბუ“ - ალფრედ ჟარის პიესა, სადაც გაშარჟებულია დიქტატორი და დიქტატურა). წერილებში დები ანდრეის ობერონით, ხოლო ალექსანდრას ტატიანათი მოიხსენებენ (ესენიც „ზაფხულის ღამის სიზმრის“ პერსონაჟები) – ეს მეტაფორული პარალელები წერილებს ღრმა სიმბოლურ დანიშნულებას მატებს. ობერონი ადვილად იცვლის სახეს, სწორად ამიტომ იყენებს რეჟისორი ნიღაბს, რომელიც ფინალურ სცენაში უკვე სახიდან ჩამოხსნილი, ჯოხზე კიდია.

სპექტაკლის დასაწყისში ანი დიდმანიძე აფასებს საქორწინო კაბას, რომელზეც პროექტორის საშუალებით გადის საბჭოთა მარშის კადრები. წარსულის რელიკვია - დედის საქორწინო კაბა, წარმოადგენს ტრადიციას, მემკვიდრეობას, ოჯახურ ტვირთს. საბჭოთა მარში მიუთითებს პოლიტიკური იდეოლოგიების გავლენას პერსონაჟების პირად ცხოვრებაზე. საქმროს ამაო ლოდინი, ლტოლვის, იმედგაცრუებისა და დაუკმაყოფილებელი მოლოდინების მეტაფორას წარმოადგენს. ეს ალექსანდრას აუხდენელი ოცნებაა. ის თითქოს პარალელს ავლებს გამოგონილ ისტორიასა და მის პირად ცხოვრებას შორის. საქორწინო კაბა, როგორც პიროვნული და ოჯახური ისტორიით გამსჭვალული ხელშესახები ობიექტი, ხდება ტრადიციის, საზოგადოების მოლოდინებისა და წარსულის ტვირთის ძლიერი მეტაფორა. კაბა, რომელიც თავდაპირველად სიმბოლურად რომანტიკულ მისწრაფებებსა და ოჯახურ ბედნიერებას ასახავს, უთანხმოებისა და ღალატის ბინძურ საგნად იქცევა. საქორწინო კაბა, ოდესღაც იმედისა და მოლოდინის სიმბოლო, დამსხვრეული ოცნებებისა და დარღვეული ურთიერთობების მძაფრ ემბლემად იქცევა.

საკარნავალოდ გამოწყობილ ელენე დარჩიას შემთხვევით არ ახურავს რქებიანი ქუდი. რქები ასოცირდება ცხოველებთან, რაც გამოხატავს აგრესიას და ძალაუფლებას. ამ კონტექსტში, რქები შეიძლება ასახავდეს იოანას თავდაჯერებულ, მებრძოლ ხასიათს. შეგვიძლია აღვიქვათ პირდაპირი გაგებითაც - პატარა და „რქებს ადგამს“ უფროს დას, როცა მას ღალატობს. რქების ქუდით ტარება უნებლიედ მიუთითებს იოანას მხრიდან ალექსანდრას რომანტიკული მისწრაფებების ჩაშლაზე. ტორტსაც კი უმცროსი და აქრობს უფროსი დის მაგივრად, მის ნაცვლად იფიქრებს სურვილს.

სპექტაკლში გადაჭარბებულია მსახიობების ისტერიკით/ჩხუბით საუბარი, ესეთი გადაწყვეტა უნდა ემსახურებოდეს მკაფიო დრამატულ მიზანს და არ უნდა იყოს უსაფუძვლო. ყვირილზე გაცილებით ეფექტური ემოციების გამოხატვის უამრავი დახვეწილი ფორმა არსებობს. მსახიობებმა უნდა იგრძნონ თავიანთი დიალოგებისა და მოქმედების ქვეტექსტი, რაც განაპირობებს მათი გმირების ქცევას და უფრო დამაჯერებელიც გახდება პერსონაჟების ქმედება.

ყველა წარმოდგენას შეიძლება მოუძებნო დადებითი და უარყოფითი მხარეები. კოტე ეჯიბაშვილის ორიგინალურ მუსიკას გამორჩეული ადგილი უკავია სპექტაკლში. კონკრეტულ სცენებს ნიჭიერი კომპოზიტორი უქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს თავისი შემოქმედებით. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაწერილმა მუსიკამ უნიკალური გახადა ამ კუთხით წარმოდგენა. ესე არ ჯობს, გაცვეთილ, გადაღეჭილ, „გაპაპსავებულ“ კომპოზიციებით წარმოდგენების გაფუჭებას?

გაუგებარია რატომ აირჩია რეჟისორმა ეს პიესა, რომლის თემაც, ჩემი აზრით, არ არის აქტუალური. ასეთ დროს სპექტაკლი ჩანასახშივე წარუმატებელია.

Comments

Popular Posts