ჯორჯო სტრელერის "მეფე ლირი"





შექსპირის “მეფე ლირი” გენიალური დრამატურგის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, შავბნელ და იდუმალ პიესად ითვლება. შექსპირის ტრაგედია, რომლის აზრი ნამდვილად ამოუწურავია, უამრავ სცენურ ინტერპრეტაციას ვარაუდობს.

პირველ რიგში, შევეხოთ იმას, თუ როგორაა აგებული ეს პიესა. იგი ორ ნაწილად იყოფა, შეიძლება სამ ნაწილადაც: 1. ქარიშხლის დაწყებამდე; 2. ქარიშხალი; 3. ლირის თავიდან დაბადება.

პირველი მოქმედების პირველ სცენაში ჩნდებიან გლოსტერი, კენტი და ედმუნდი, შემდგომ _ ლირი და მისი სამი ქალიშვილი, ამას მოსდევს ედმუნდის შეთქმულება თავისი მამის _ გლოსტერის წინააღმდეგ. ამავე აქტის მესამე სცენაში პიესის განმავლობაში ერთხელ ნაჩვენებია ლირის წაჩხუბება გონერილასა და რეგანასთან. მესამე მოქმედებაში დგება კულმინაცია: ქარიშხალი, ლირის შეშლა, გლოსტერის დაბრმავება, ფრანგული არმიის მოსვლა დასამარცხებლად. მეოთხე მოქმედებაში შედარებით მიწყნარება სუფევს: ჩვენ წინაა გონერილასა და რეგანას შორის მეტოქეობა ედმუნდის ხელში ჩაგდების გამო, შემდეგ შეშლილი ლირის შეხვედრა ბრმა გლოსტერთან _ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი, და შერიგების სცენა უკვე არა შეშლილ, არამედ ბავშვობაში ჩავარდნილ ლირსა და კორდელიას შორის. ახლა ამინდიც მშვენიერია, ქარიშხალი ჩადგა. მეხუთე აქტში წარმოებს ბრძოლა და მოქმედების კვანძის გახსნაც მიღწეულია: ერთი ქალიშვილის თვითმკვლელობა, მეორის მკვლელობა, კორდელიას დაღუპვა, ლირის სიკვდილი.

პიესაში პარალელური სიუჟეტიც პოულობს სრულ განვითარებას: გლოსტერისა და ლირის. მთავარი სიუჟეტის კალაპოტში ლირი ტყუვდება თავისი ქალიშვილების შეფასებისას და განდევნის კეთილ და გულმართალ ქალიშვილს, გვერდით სიუჟეტში ასევე ცდება ვაჟიშვილებში გლოსტერი და იშორებს, განდევნის, უდანაშაულო ვაჟს. ლირი პასუხისმგებელია თავისი მოქმედების გამო, გლოსტერი _ უფრო ნაკლებად, რადგან მან სხვათა სიტყვებს დაუჯერა, მათ ანკესზე წამოეგო. ერთი მამა გონებას კარგავს, შეიშლება, მეორე მამას აბრმავებენ. ერთი მამა ხვდება კეთილ ქალიშვილს და იცნობს მას, მეორე _ შეხვდება და ვერ ცნობს თავის კეთილ ვაჟიშვილს. ორი ბოროტი ქალიშვილი ერთმანეთს ანადგურებს, კეთილი ვაჟიშვილი კლავს ბოროტ ძმას. ლირი მკვდარი ქალიშვილის გამო დარდით კვდება, გლოსტერი კვლავ პოულობს კეთილ შვილს, რომელიც უვლიდა მას და ისიც კვდება. მთავარ სიუჟეტში კატასტროფას იწვევს უგუნური ვნება, სულერთია, კეთილი თუ ბოროტი. გვერდით სიუჟეტში კრახის მიზეზი გონება ხდება, ასევე სულერთია, კეთილი თუ ბოროტი. ლირი უფრო ტრაგიკულია, რამდენადაც იგი საკუთარ გრძნობებს ფლობს, გლოსტერი _ საცოდავია, რადგან ცდილობს ტანჯვას თავი აარიდოს, გაექცეს.

შექსპირის შემოქმედებითი ინტერესები მოძრაობენ პიროვნებიდან სულიერი მდგომარეობისაკენ, იმ სულიერი მდგომარეობისაკენ, რომელიც ეუფლება ცალკეულ ადამიანს და რამდენიმე ადამიანს ერთად. სწორედ სულიერ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და არა ჩამოყალიბებულ ხასიათებთან, ამიტომ ამ პიესაში განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს ნიღბები (არა პირდაპირი მნიშვნელობით): ედგარი, რომელიც მამისაგან მოძულებული შვილია, თავს ისე წარმოადგენს თითქოს ყველაფრისადმი გულგრილი, განურჩეველი უგუნურია, ამას ჩადის იმისთვის, რათა არ გაანადგუროს მამისადმი თავისი სიყვარული. ის ეშმაკი და გაწაფული ხდება და თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს შეცნობილი ჰქონდეს ბოროტება. ისიც და ლირიც მიიჩნევენ, რომ ადამიანები ერთნაირები არიან: ლირი კაცობრიობას ერთნაირად სუსტად მიიჩნევს, ედგარი,_ ერთნაირად ბოროტად.

თუ ძველ ბერძნულ ტრაგედიაში პერსონაჟები ბედისწერის მსხვერპლნი არიან, შექსპირის ტრაგედიაში ისინი მსხვერპლი ხდებიან საკუთარი ვნებების. ეს ვნებები პოლიფონიას ქმნიან. ვნებების სამყარო, ადამიანის ბუნების დაპირისპირება სტიქიებთან, მსოფლიოს ფიზიკურ სამყაროსთან პიესის ჭეშმარიტ კონტრაპუნქტს ქმნის. ქარიშხალი უსასრულოდ ძლიერია ადამიანზე, მაგრამ იგი სწრაფჩამვლელია. ქარიშხალი ულმობელია, მაგრამ უდანაშაულო. მასში არ არის ბოროტება, ის არ მიისწრაფვის იყოს რაღაც სხვა, გარდა ქარიშხლისა. მეორე მხრივ, უბედური, შიშველი, ორფეხა არსება _ ადამიანი _ განიცდის უსაზღვრო განდიდების უსაზღვრო სურვილს, ისწრაფვის გახდეს ის, რაც არ არის. როგორც პასკალი ამბობს, მთელი ხილული სამყარო მხოლოდ უმცირესი ატომია ბუნების უფსკერო სიღრმეში, არც ერთ ცნებას არ შეუძლია მოიცვას იგი. მაგრამ ადამიანის არსება სამყაროზე დიადია, რადგან მას აქვს გონება და ნება.

რა სურთ პიესის პერსონაჟებს? რაში მდგომარეობს კონტრასტი მათ ბუნებასა, საზოგადოებრივ მდგომარეობასა და სოციალურ ფუნქციებს შორის? ლირს სურს აბსოლუტური ძალაუფლება და სხვათაგან უსაზღვრო სიყვარულს მოითხოვს. ის არის მამა და მეფე და მას უპყრია ძალაუფლება. ძალაუფლება მომდინარეობს მისი ბუნებისა და მეფური ღირსებიდან. ის საკუთარი ნებით ტოვებს ტახტს. ის ჯერ კიდევ მეფეა, ბუნებით აღჭურვილი ძალაუფლებით, თუმცა სოციალური მდგომარეობით ის იქცა ქვეშევრდომად. ის გამოჰყავთ მოთმინებიდან და ვნებებს აყოლილია, ამასთანავე, მისი მეფური ღირსება მძაფრ დაპირისპირებაშია უძლური მოხუცის სხეულთან, რომელსაც ქარიშხალმაც მოუსწრო. მისი სამეფო დაიშალა. ახლა მისი ბუნება ბავშვური გახდა, ხოლო საზოგადოებრივი სტატუსით ის კორდელიას მამა _ ბალღად იქცა. ორი ბოროტი და ანგარებიანი ქალიშვილი ცდილობს მამის უღლიდან განთავისუფლებას და თავისუფლების მიღების შემდეგ მათ იპყრობთ უსაზღვრო, მანიაკალური სურვილი საკუთარი ნების განხორციელებისა, რაც მათ მკვლელობისკენ უბიძგებთ და, ბოლოსდაბოლოს, რასაც ისინი დაღუპვამდე მიჰყავს: უკანასკნელ მოქმედებაში რეგანა შხამისგან კვდება, ხოლო გონერილა თავს იკლავს. თავისი არსით ისინი მტაცებლურ, მგლურ ბუნებას ავლენენ.

რა სურს კორდელიას? კორდელის სურს უყვარდეს თავისუფლად, ყოველგვარი იძულების გარეშე და პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ის განმარტავს სიყვარულს, როგორც მოვალეობას, და როცა გონზე მოსული ლირი ეუბნება, რომ მისმა დებმა უმიზეზოდ აწყენინეს მამას, ხოლო მას, კორდელიას, აქვს მიზეზი, არ უყვარდეს იგი, ქალიშვილი პასუხობს, არავითარი მიზეზი არ არსებობსო. კორდელიას არ სურს ძალაუფლება, მას მხოლოდ ის უნდა, რომ უყვარდეს თავისუფლად, უყვარდეს მშობელი უანგაროდ.

პიესის დასაწყისში ედმუნდს თითქოს სხვა არაფერი უნდა, გარდა იმისა, რომ ედგარი იყოს. მაგრამ თანდათან მას აიტაცებს ძალაუფლების მოპოვების ცდუნება და ის თანდათან ბოროტდება. იგი ცრუობს უმიზეზოდაც, ცრუობს სიცრუისთვის და სულ უფრო საშიში ხდება გარეშეთათვის. ის თითქოს ცეცხლთან თამაშობს. გაუგებარია, რატომ წაჰკიდა გონერილა რეგანას და რატომ მოუწოდებს, რომ მოკლან ლირი და კორდელია, როცა ამის საფუძველი არა აქვს. ის დამნაშავე ხდება.

რა ემართება გლოსტერს? დასაწყისში იგი ჩვეულებრივი ადამიანია, ყველასაგან პატივცემული ხანდაზმული კარისკაცი. გადაჭარბებულ, უსაფუძვლო ნდობას ერთი ვაჟიშვილისა (ედმუნდის), მისი სიტყვების შეუმოწმებლად დაჯერებას, ხოლო, მეორე მხრივ, მეორე ვაჟიშვილის (ედგარის) ადვილად დადანაშაულებისკენ მიდრეკილებას გლოსტერი გამოჰყავს ჩვეული კალაპოტიდან, მისი არსებობა უფერული ადამიანის არსებობის ჩარჩოებს სცდება. გლოსტერი დაღუპვამდე მიჰყავს იმას, რომ იგი ლირის გადარჩენას ლამობს, ის იქცევა როგორც პიროვნება და არა როგორც კარისკაცი, ტრადიციული გაგებით. იგი გადაიქცა განდეგილად, დევნილ უსინათლოდ, ბალღად ქცეულ მამად და მისი სიკვდილიც, გამსჭვალული წრფელი, ღრმა პირადული სიხარულით, ასევე უჩვეულოა.

შექსპირისთვის ცნობილი ხერხი _ “სამყაროს გადაბრუნება”, “თავდაყირა დაყენება” გამოიყენა სტრელერმაც თავის დადგმაში. მაგალითად მასხარისა და ლირის ურთიერთდამოკიდებულება ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. “სიტყვები, სიტყვები, სიტყვები...” მასხარა სხვაზე უკეთ ხვდება სიტყვათა უაზრობასა და არასაიმედობას, ცხოვრებამ ასწავლა, სხვებზე უკეთ მოიხმაროს ისინი. მასხარამ იცის “სიტყვის ნაგვის” უკან დამალული სიმართლე, მან ბევრი იცის, იცის ის, რაც არ იცის ლირმა და ამაში ის თავის ბატონზე მაღლა დგას. მაგრამ ლირი ბრმაა, მასხარა კი _ მუნჯი. და ეს ათანაბრებს მათ. და მაინც დგება მომენტი, როცა მსახური მეფეს “გაამასხრებს”. ვფიქრობთ, რომ მასხარა სწორედ მაშინ გაქრა, როცა იგი აღემატა თავის მეფეს და მასხარად სწორედ იგი დატოვა.

ბევრი რამ არის თავდაყირა დაყენებული ამ პიესაში, ბევრი გარდასახვა, ბევრი ცდუნება... ასევეა სპექტაკლშიც. სანამ მას თანმიმდევრულად გავყვებოდეთ, საჭიროდ მიმაჩნია ზოგი რამის წინასწარ აღნიშვნა.

ჯ.სტრელერი შექსპირით მიბრუნდა “პიკოლოში”. მან 1972 წლის 4 ნოემბერს “მეფე ლირის” პრემიერით გახსნა სეზონი. ამ დროისათვის ახალი მინელებული იყო ახალგაზრდული რევოლუციის, საზოგადოებრივი საპროტესტო მოძრაობა. რეჟისორმა, რომელმაც პირადად იწვნია ამ მღელვარების ავი და კარგი, ვერ შეიკავა თავი, რათა სპექტაკლი არ დაეყო ძველებად და ახლებად, მოხუცებად და ახალგაზრდებად. “ლირის” სხვა პლანს შორის, რეჟისორმა სიბერისა და ახალგაზრდობის პლანიც გამოჰყო. ახალგაზრდები “ბატონობენ” ლირის სამყაროში, ისინი ბევრნი არიან და აქტიურნი, ცოტანი არიან ხანდაზმულნი, რომლებიც სხვათა ბოროტმოქმედების მსხვერპლი ხდებიან. როგორც სტრელერი რეჟისორულ ექსპოზიციაში წერდა, “მოხუცები აქ მამონტებივით არიან მტაცებელი, მოხერხებული, დაუნდობელი ნადირების გვერდით, რომლებიც მათ შემდეგ იცხოვრებენ”.

ახალგაზრდობისა და სიბერის ეს კონტრასტი (თაობათა და მსოფლმხედველობათა კონფლიქტი) თავიდანვე გამოკვეთილია სპექტაკლში. სამეფოს განაწილების სცენაში მეფე მეფური გვირგვინითა და მუქი წითელი მანტიით ცენტრში ზის. გვერდით არიან დანარჩენებიც, მდიდრულად ჩაცმულნი, როგორც დიდებულთა წრეს შეეფერება. ყველა ისინი ახალგაზრდები არიან, გრძელი თმებით, ფუშფუშა წვერით, ფანტასტიკურად გაჩეჩილი ვარცხნილობით. მეფე კი მოხუცი ჩანს, ჭაღარა და დანაოჭებული. მის ერთ მხარეს მეორე მოხუცია, ჭროღათვალება და რაღაცით სასაცილო _ სხვა ხანდაზმული არავინაა. მათი იზოლირებულობა და მარტოობა აღნიშნული კონტრასტის გამო დამაჯერებელია.

სპექტაკლის ბოლოსკენ ეს კონტრასტი უფრო მძაფრი და ხაზგასმულია. მოხუცები _ ლირი და გლოსტერი _ ნელა მოძრაობენ დარეტიანებულებივით. საშინელია ამ ბრმა სიბერის სახე, რომელიც ტალახში მოჩანჩალებს: ერთი ბრმა, მეორე _ შეშლილი. ირგვლივ კი ახალგაზრდები ირევიან. მათში მგზნებარე და ცივი ვნებები დუღს. ის ახალგაზრდები კი, რომლებიც სტრელერის სპექტაკლში მტაცებლებს არ წარმოადგენენ, თითქოს ახალგაზრდები არც კი იყვნენ, ისინი უბრალოდ უცნაურებად ჩანან. კორდელიაში მასხარას სიბრძნეა, ედგარი კი, პიესის შესაბამისად, მოხუცი, ბინძური შეშლილის სახით წარმოდგა. სამაგიეროდ, ედმუნდი ჩანს სიცოცხლით სავე, როცა პარტერიდან მსუბუქად შეხტება სცენაზე. რაც შეეხება გონერილას და რეგანას, ისინი ჯან-ღონით აღსავსე ახალგაზრდები არიან, რომლებიც იატაკზე გაწოლილები კატებივით იზმორებოდნენ, როცა მშვიდად საუბრობდნენ თავიანთ მოულოდნელ წარმატებაზე, სამეფოს გაყოფის რიტუალის შემდეგ რომ ერგოთ. ვხედავთ ჯანსაღ, ლამაზ, მგრძნობიარე და ამასთანავე უგრძნობ, უსინდისო, ულმობელ სამყაროს, “უსიყვარულო პლანეტას”, როგორც სტრელერი წერდა. ტყუილად კი არ გამოიყურება სტრელერის სპექტაკლში საშინლად უდაბურად ეს სამყარო, რომელიც ჭეშმარიტად კოსმოსურ სიცივეს გამოსცემს. მაგრამ სტრელერმა იპოვა “მეფე ლირის” ამ ბნელი უფსკრულიდან გამოსავალი. იგი ავიდა იმ სიმაღლეზე, საიდანაც გადახედა დროის სივრცეს და მაშინ დრო, რომელიც უადამიანო და ულმობელი სამყაროს ბრუნვის დრო იყო, ისტორიის ეპიზოდი აღმოჩნდა მას კვლავ დაუბრუნდა ისტორიული ოპტიმიზმი, რომლის მუდმივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ სიყვარული და რწმენა ადამიანისადმი.

სპექტაკლი იწყება მეფე ლირის მონოლოგით, იმ სცენით, როცა იგი ქონებას უნაწილებს ქალიშვილებს. ფაქტობრივად, ეს არის გამოცდა სიყვარულში, ტესტი, რომელმაც უნდა გამოავლინოს, როგორ უყვართ ქალიშვილებს მეფე _ მამა. ამ დროს ავანსცენაზე გამოდის მსახიობი და მთელ სცენას აფარებს ფარდას, მოქმედება ფარდის შიგნით, როგორც ბურუსში, გრძელდება. მეფის ქალიშვილებს პირველივე შეხედვით გაარჩევთ, მათი გარეგნობა და კოსტიუმები გვეხმარება პერსონაჟების ამოცნობაში. გონერილას (ლია ტანაცი) თეთრი, ხვეული და გაჩეჩილი თმა აქვს, აცვია შავი ტანსაცმელი, როგორც მის დას, რეგანას (ანა როსინი), რომელიც მხოლოდ მოწითალო ფერითა და თმის სიგრძით განსხვავდება დისაგან. მათი დამოკიდებულება ქონებისა და მამის მიმართ ერთნაირია: როდესაც მეფეს უმტკიცებენ თავიანთ სიყვარულს, ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ამოძრავებთ (ქონების ხელში ჩაგდება). რაც შეეხება მათ მესამე, ნაბოლარა, დას, კორდელიას (ოტავია პიკოლო), იგი ლირს ფეხებთან უზის, რაც დიდი სიყვარულის ნიშანია, წაბლისფერი, სწორი, თმა და ნაზი გარეგნობა ფაქიზ სულსა და კეთილშობილებაზე მიუთითებს. როდესაც კორდელია უარს ამბობს პირფერობაზე, რაც მის დებს არ ეთაკილათ, მეფე სწყევლის და განდევნის მას სამეფო ოჯახიდან, ამ დროს ქალიშვილი იხდის მოსასხამს და ფარდის გარეთ, ავანსცენაზე გამოდის. ხოლო დანარჩენები რჩებიან ბურუსში. იგი დგას განდევნილი, ცალკე, მარტო, მაგრამ ამაყი და საკუთარ თავთან მართალი. გამწარებული ლირი, რომელმაც ვერ მიიღო საყვარელი ქალიშვილისგან სათანადო პასუხი, ჩამოგლეჯს და შუაზე ხევს ფარდას.

ლირი იხსნის მუყაოს ოქროსფერ გვირგვინს, რომელსაც შიგნიდან მეორე გვირგვინი აქვს გამოკრული, აცალკევებს მათ ერთმანეთისგან და ესვრის შვილებს (გონერილას და რეგანას), ისინიც ხარბად იტაცებენ ძალაუფლების ამ სიმბოლოს, სინამდვილეში კი _ მამის სამეფოს.

ნამდვილი რაინდია კენტი, მისი ჩაცმულობაც და, რაც მთავარია, ქცევაც მეტყველებს მის კეთილშობილებაზე: მეფის ერთგული ქვეშევრდომი, რომელიც ვერ აიტანს იმ უსამართლობას, რასაც მისი მბრძანებელი დაატრიალებს, იგი გაიხდის ოქროსფერ აბჯარს, ანუ კარისკაცის ღირსებას აიყრის პროტესტისა და კორდელიასთან სოლიდარობის ნიშნად და უარს იტყვის ყველა პატივზე, რომელიც მეფის კარზე ეკუთვნის.

როგორც კორდელიას, ასევე კენტს სასახლიდან მოკვეთენ. ეს სცენა არის სცენა _ პროლოგი, მდიდრული და რიტუალური: მოხუცი მეფე ანაწილებს სამეფოს, გადასცემს რა მიწიერ ძალაუფლებას თავის ქალიშვილებსა და მათ ქმრებს. მას რჩება სხვა ძალაუფლება _ მირონცხებულის ძალაუფლება, რომელიც ხელშეუხებია, რომლის წართმევაც არ შეიძლება: ღვთით ბოძებული მეფური უფლება. კიდევ ერთი ძალაუფლება რჩება, ასეთივე ბუნებრივი და ასევე ღვთით ბოძებული, _ ძალაუფლება მამისა, რომელიც ყველას მამაა, არათუ საკუთარი შვილებისა და ეს ძალაუფლებაც ბუნებრივია და ჩვეული იმიტომ, რომ ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება: მოხუცები ბრძენები არიან, მათ უნდა უჯერებდნენ და პატივს სცემდნენ.

და ის, რომ ყოველივე ეს გამოიხატება რიტუალით , რომელიც, კაცმა რომ თქვას, სასაცილოა და ჩვენთვის ბავშვურიც ჩანს, უკვე ეს არის სცენური ეფექტი, რომელსაც დემისტიფიცირების დიდი ძალა აქვს. (I სცენა)

სცენა ფსიქოლოგიურად შეიძლება გამართლებულიც გახდეს, თუ იქიდან ამოვალთ, რომ მეფე დაჩაჩანაკებული, ავადმყოფი, უგუნურია: მოხუცი მეფე თითქმის ბავშვობაში ჩავარდნილი, დესპოტური და ფიცხია, რომელიც უკვე ვერ იმორჩილებს ჭკუას და “ტახტიდან გადადგომობანას” თამაშობს.

მაგრამ სასაცილო მეფის გონებასუსტობა კი არ არის, არამედ რიტუალის შეუსაბამობა იმ შედეგებთან, რომელთა მიღებაც სურდა ლირს. სასაცილო ამაში ისაა, რომ მოხუცი ვერ გრძნობს, რომ იგი ისტორიამ ჩამოიტოვა, ის მის გარეთ დარჩა, რომ ის უბრალოდ სასაცილო მოხუცია. სასაცილოა, რომ მას არაფერი ესმის ადამიანთა შორის ურთიერთობისა.

ამგვარად, პირველი სცენა ცოტა ჯადოსნურია, ცოტა ზღაპრული, რაღაც საშუალო თამაშსა და რიტუალს შორის, რომლის ყველას სწამს და არც სწამს. აქ არქაული დამოკიდებულებები მხოლოდ ჩვევის გამოა შენარჩუნებული, მხოლოდ ტრადიციის გამო და მათი მსხვრევა გაადვილებულია, ლირი, როგორც მარტოხელა, მოხუცი, ახალგაზრდების გროვაში მოქცეული, წარსულ თაობას წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, რიტუალის განმახორციელებელიცაა. როცა რიტუალს ჩაუშლიან, ის თავზარდაცემულია. შეშინებულიც არის და დაბნეულიც, ამიტომ რისხვით, წყევლით, ყვირილითა და უკიდურესი გაღიზიანებით ატყდება თავს კორდელიას, რომელმაც დაანგრია მთელი ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული რიტუალური კონსტრუქცია _ თამაში, თანაც დაანგრია ისე, რომ წინასწარ არავინ გაუფრთხილებია, უეცრად, მოულოდნელად. ცხადია, რომ ამ ქცევით კენტის მდგომარეობაც რთული შეიქნა: ის ცდილობს გულისწყრომა გაუნელოს მეფეს. მას არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ მეფე, თავის მხრივ, მართალია. ალბათ, არც მოელოდა, რომ კორდელია, ასე გაგლეჯდა კვანძს, მაგრამ არც იმას ელოდა, რომ მეფე კორდელიას საქციელს ასე სერიოზულად აღიქვამდა და ასე დასჯიდა ქალიშვილს. მეფემ ამბოხად მიიჩნია უმცროსი ქალიშვილის უარი რიტუალური ფორმის შესრულებაზე (სიტყვით გამოეხატა მამისადმი სიყვარული), ეს მან სერიოზულ თავდასხმად მიიჩნია მეფურ ხელისუფლებასა და ღირსებაზე, მთელ სიყალბეზე, რომელიც ამ ხელისუფლების საფუძველს შეადგენს. ამიტომ ჩამოართვა კორდელიას მემკვიდრეობა და ცოლად საფრანგეთის მეფეს მისცა, რომელსაც იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიჰყავს. სიუჟეტი თანმიმდევრულად ვითარდება. ახლა სცენაზე ბურგუნდთ მთავარი (აგოსტინო დებერტი) და საფრანგეთის მეფე (ფრანკო პატანო) შემოდიან, მათ დანახვაზე მაშინვე ვხვდებით, ვის მიმართ უნდა ვიყოთ კეთილად განწყობილი. ბურგუნდთ მთავარს ეტყობა, რომ მზითვის გამოა მოსული, მომხდარის შეტყობინების შემდეგ (კორდელია მამამ ოჯახიდან მოიკვეთა და არც მზითვი მისცა) იგი იმედგაცრუებული ტოვებს სცენას. რაც შეეხება საფრანგეთის მეფეს, ის, ამ შემთხვევაში, მეტად ჰუმანური და კეთილშობილია, მას ბედნიერს მიჰყავს საფრანგეთის დედოფლად უმცროსი ქალიშვილი. შექმნილი სიტუაციისგან განადგურებული მეფე, უგვირგვინოდ ჯდება ტახტზე, ჩამქრალ სცენაზე, სულ მარტო...

იცვლება სურათი. ვხედავთ, რომ გონერილასა და რეგანას უკვე გვირგვინები დაუდგამთ თავზე, ცარიელი კალათები მოუტანიათ რაღაცის წასაღებად. ისინი იატაკიდან (მიწიდან) იღებენ შუაზე გახეულ ფარადს, ერთმანეთის დახმარებით მას ჭიმავენ მთელი ძალით, როგორც გარეცხილ თეთრეულს და შემდეგ თავთავიანთ კალათებში ათავსებენ. ეს მიზანსცენა თემატურია: ქალები მეფის განადგურებაზე ფიქრობენ და საუბრობენ, თუ როგორ მოიშორონ მოხუცი მამა. დიალოგის მერე ერთად დგებიან და გადიან სცენიდან, რაც მარტივად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ შავ-ბნელ საქმეში ისინი თანამოაზრენი არიან.

პარტერში პროჟექტორი გაანათებს მომღიმარი ჭაბუკის სახეს. რეჟისორს ედმუნდი (ჯუზეპე პამბიერი) მაყურებელთა გვერდით დაუსვამს. ის სიმპათიური უსინდისოა. იგი ზანტად დგება თავისი სკამიდან, მსუბუქად და პლასტიკურად ახტება ფიცარნაგზე და წარმოთქვამს თავის მონოლოგს გამოკვეთილად და თავისუფლად. შემდეგ ადის სცენაზე, სადაც კულისიდან გამოდის მოხუცი _ მამა. მოხრილი, საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, რაღაცას ბუტბუტებს. თავიდან ეს მოხუცი ანუ გლოსტერი (რენატო დე კარმინე) მეფე ლირი გეგონება, იმდენად ჰგავს მას. მისნაირი ტანსაცმელი, მისნაირი გრიმი, თმა და წვერიც ერთნაირი აქვთ. გლოსტერი ედმუნდის მიერ მისდამი დაწერილ წერილს, რომელიც ძირს ეგდო,აიღებს და იწყებს კითხვას. მანამადე კი შავ სათვალეს გაიკეთებს, რის გამოც ნამდვილ ჭოტს ემსგავსება, ისე გამოიყურება, თითქოს თავიდანვე უსინათლო იყო. ეს “სიბრმავე” მის პიროვნულ სიბრმავეზე მიუთითებს. ეს მიზანსცენა ხსნის მის ბრმა დამოკიდებულებას და ნდობას ედმუნდისადმი. ამ დროს მისი უკანონო შვილი ზურგს უკან ეშმაკურად იცინის. ჯუზეპე პამბიერი წამებში ახერხებს გარდასახვას, მამასთან, ძმასთან, დედოფლებთან, ყველასთან ნიღაბი აქვს მორგებული, შეუძლია იყოს ყველას ერთგული და ყველას მოღალატე ისე, რომ ამას ვერავინ მიხვდეს.

იცვლება სურათი, მოქმედება გადადის გონერილას სასახლეში, სადაც მეფე ლირი თავის მსახურებთან ერთად ილხენს. მინიმალური დეკორაციით _ სცენაზე, პატარა რკინის კონსტრუქციის შემოტანით ცვლის რეჟისორი მოვლენათა ადგილს. ამ სცენაში გრაფი კენტი სახეშეცვლილია, უფრო მდაბიურ გარეგნობას შეფარებული, იგი მარჯვენა ხელს მალავს, ვითომ მოკვეთილი აქვს, სახის გამომეტყველებაც შეუცვლია. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რათა მეფის გვერდით ისე იყოს, რომ ვერ შეიცნონ, ცხადია, ძველ იერს ვერ შეინარჩუნებდა, რადგან მეფეს გაგდებული ჰყავს. ვხედავთ მასხარას, რომელსაც მრავალი დანიშნულება აქვს როგორც პიესაში, ასევე სპექტაკლშიც. ის არის ბრძენი, თუმცა თავს მოსულელოდ აჩვენებს, ერთგული და მოსიყვარულე მასხარა მეფისა სათქმელს ყოველთვის ამბობს, იქნება ეს პირდაპირ თუ შენიღბული იუმორით. იგი, შეახსენებს ლირს დაშვებულ შეცდომებს და აფრთხილებს მოსალოდნელი ხიფათის შესახებ. პირველად როდესაც ჩნდება, შავით არის შემოსილი, თითქოს სამღვდელოების წარმომადგენელი იყოს, მაგრამ როგორც კი ხმას ამოიღებს იხდის ქუდსა და მოსასხამს, ვხედავთ ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალ-მასხარას, შესაბამისი გრიმითა და თვალებთან მიხატული ცრემლებით. ეს მიხატული ცრემლები მასხარას მუდმივი სევდის ნიშანია. ის პიესაში “სევდიანადაც” მოიხსენიება. “მეფის მასხარა ყოველთვის მოწყენილია, ნაღვლიანია” _ ეს რეპლიკა უსწრებს მის გამოსვლას. იგი ნაღვლიანია კორდელიას განდევნის გამო, იმის გამო, რომ ის აქ არ არის. იმათთაგან, ვინც სცენაზეა, მასხარას არავინ უყვარს.

ეს არ არის შემთხვევითი. მასხარას გამოჩენის შესახებ, როგორც ზემოთ ვთქვით, აცხადებენ, რომ მოვიდა სევდა, ანუ ჩუმი, უსიტყვო სევდა _ დარდითა და მარტოობით სასოწარკვეთილი ბოროტების წინაშე, მეფის სისასტიკის წინაშე... საერთოდ, ყველა მეფის წინაშე... მასხარა მაშინვე ჩნდება, როცა უბედურების პირველ ნიშანს შეიტყობს.

ვინ არის იგი: მოსულელო ადამიანი თუ ის, ვინც თავს ისულელებს ან იქნებ სალოსია, რომელსაც წინასწარმეტყველების უნარ აქვს?

სტრელერი თავის შენიშვნებში “მეფე ლირის” დადგმის შესახებ წერს, რომ პიესაში სამი შეშლილია: ლირი, ედგარი და მასხარა. გრადაცია კი ასეთია: 1. ის, ვინც სინამდვილეში გიჟდება (ყოველ შემთხვევაში რაღაც პერიოდით) _ მოხუცი მეფეა, შეშლილი; 2. ის, ვინც თავს იგიჟიანებს (გარკვეული დროით) _ ეს ახალგაზრდა ჰერცოგია, რომელიც თავს გიჟ თომად ასაღებს; 3. ის, ვისაც პროფესიით ეკუთვნის იყოს სულელი, მეფის მასხარაა, სალოსი. პრობლემა ისაა, რომ მასხარა, იმის გარდა, რომ პროფესიითაა უგუნური, სინამდვილეშიც უგუნურია, თუ ჯანმრთელია და მხოლოდ პროფესიის გამო თამაშობს სალოსს, ან მართლაც სალოსია და თან მასხარაც? შექსპირული ტრიადის ეს პერსონაჟი თითქოს სამივე შემთხვევის შემკრებია.

სტრელერი ბევრს მსჯელობს იმაზე, ათამაშოს თუ არა ქალს ეს როლი, კერძოდ, კორდელიას როლის შემსრულებელმა მასხარას როლიც შეასრულოს. მისთვის ჩვეული ღრმა ანალიზის შემდეგ იგი ოტავია პიკოლოს ორივე როლის შესრულებას მიანდობს. მსახიობი ქალი ერთდროულად კომიკურიც არის და ტრაგიკულიც. მისი მეტყველება სწრაფია, მაგრამ ყოველი სიტყვა გარკვევით ისმის, არ იკარგება მათი ორაზროვნება და სიმახვილე, არც ირონია, რომლითაც იგი ტრაგიკულ განცდებს ნიღბავს. მასხარას პატიოსნება სრულიად დამოუკიდებელია, არავის ზეწოლას არ განიცდის. ის მარტივ ჭეშმარიტებებს წარმოთქვამს ისე, რომ გრძნობა-განცდებს არ ურევს მათ. თუ ზოგადად კომედიებში მასხარა მისთვის მიუღებელი პირობითობების წინააღმდეგ მხედრდება, აქ, ტრაგედიაში,მასხარა უჯანყდება ხოლმე პიროვნული ვნებების გააფთრებას, როცა ზოგად ჭეშმარიტებებს, რომლებიც საღი და გონივრულია, გახაზავს. სიმართლის თქმა და ერთგულება მას კორდელიასთან აახლოებს. როგორც ჩანს, არ არის შემთხვევითი, როცა თავზარდაცემული ლირი სპექტაკლის ბოლოს დასცქერის კორდელიას უსულო სხეულს, სინაზით ეუბნება: შენ ჩამოგახრჩვეს, საბრალო მასხარაო.

საინტერესო სცენაა სპექტაკლში ედგარის გარდასახვა გიჟ თომად: იგი თმას იჩეჩავს, სახეს იდღაბნის, მთლიანად შიშვლდება და მაყურებელთან ზურგით დედიშობილა დგას, იღებს თეთრ ნაჭერს დაიხვევს ინტიმურ ადგილზე; პირველყოფილი ადამიანის სახით გვევლინება, რომელიც თითქოს თავიდან დაიბადა. მსახიობი ოსტატურად ფლობს მთელ სხეულს, დაკრუნჩხული ხელებითა და სახის მიმიკით ახერხებს შეშლილი ადამიანის განსახიერებას. ჩვილი ბავშვივით მუხლებზე დადის, ზურგზე წვება, ხელებსა და ფეხებს ახალშობილივით იქნევს. მისი დანახვით აღფრთოვანებული მეფე იხდის ტანზე და თეთრი პერანგისამარა, ისიც ზურგზე წვება და იმეორებს ედგარის მოძრაობებს. მასაც უნდა, რომ იყოს შეშლილი და თავისუფალი... ამ მიზანსცენით ის თითქოს განიწმინდა ძველი ცოდვებისგან, ჭუჭყი ჩამოიბანა ხელებიდან და დარჩა სცენაზე, როგორც უმანკო ბავშვი. მეფე ჯდება ფიცრის შუაგულში, კიდეებზე დგანან კენტი და ედგარი, ხან ერთი წევს ფიცარს ძირს, ხან მეორე. თითქოს ამ “აიწონა-დაიწონამ” უნდა განსაზღვროს, ვინ უფრო მეტს იწონის როგორც ადამიანი. კენტი კი “პინაზე” რჩება, როგორც უფრო საიმედო და ერთგული კაცი. იგი არ ეძებს ახალ გზებს, რჩება იმად, რაც იყო _ პატიოსან და თავდადებულ მსახურად. ფიცრიდან ვარდება ედგარი, ზურგზე დაცემული, ქვიშაში ზანტად იკლაკნება. ამჯერად სცენაზე გლოსტერი შემოდის და ჯაჭვისებურად, ხელიხელჩაკიდებულები გაჰყავს მეფე, მასხარა, შეშლილი თომა, კენტი, მიჰყავს უკეთეს თავშესაფარში, სადაც მეფე უკვე სამეფო მოსასხამის ნაცვლად ძონძებშია გამოწყობილი.

ლირი იწყებს “სასამართლოს” გათამაშებას, სკამებზე აფარებს თეთრ ზეწარს. თვითონ შიგნით დგას, ხელებს ისე აწევს და იშვერს ზეწრისკენ, თითქოს ქალს ამშობიარებსო, ხელებს გამოაჩენს, უჭირავს პამიდორი, რომელსაც ჭყლეტს _ ამით მან გაასამართლა გონერილა და რეგანა. გიჟი თომა, ლირი და მასხარა ამ სცენის მერე ძირს ეცემიან, თითქოს გარდაიცვალნენ. მეფე გაჰყავთ საკაცით.

შთამბეჭდავია გლოსტერის წამების სცენა. ის ოთხ მსახურს უჭირავს თოკით, რომელიც ხელებსა და ფეხებზე აქვს მოჭერილი, მას ჩაუშვებენ ამოჭრილ იატაკში, ზედ დაეცემა კორნვალი და თვალებს სთხრის სათითაოდ, რა დროსაც რეგანა განიცდის სიამოვნებას, მისთვის სექსუალური აქტის ტოლფასია გრაფის წამება. ეს შემაძრწუნებელი მიზანსცენა ხაზს უსვამს მეფის ქალიშვილის არა მარტო სისასტიკეს, არამედ ვულგარულობასაც, რაც აქამდეც მის ყოველ მოქმედებაში ჩანდა.

გრაფის თხოვნით ედგარს ის მიჰყავს კლდის მწვერვალისკენ, საიდანაც ის აპირებს გადახტომას, ვაჟს ხელით მიჰყავს თავისი მამა. ედგარი ადგილზე ტრიალებს, ხელჩაკიდებული გლოსტერი კი მას წრეზე დაჰყვება, როგორც საათის ისრები, ფეხების ბაკუნიც საათის ხმიანობასავით რიტმულია. ბოლო ნაბიჯი დარჩა სიკვდილამდე, გრაფს ჰგონია, რომ უკვე კლდის მწვერვალზეა, ის ხმამაღლა ლაპარაკობს, მის სიტყვებს ედგარი იმეორებს, თითქოს შორეული ექო იყოს, გამოსამშვიდობებელი სიტყვები დაადუმებს ედგარს, ხმას ვეღარ გამოსცემს ექოსავით. გლოსტერი შეცბება, როცა ექოს დაკარგავს. გამოემშვიდობება ყველაფერს და თავის ჭკუაში გადახტება, მაგრამ მოტყუებული იქვე ორ ნაბიჯში ეცემა...

საინტერესოა გაგიჟებული ლირისა და თვალებდათხრილი გლოსტერის შეხვედრა, ისინი გვერდიგვერდ სხდებიან, ორივეს ძონძები აცვია, შორიდან რომ შეხედოთ, იფიქრებთ, რომ მხედველობის გაორება დაგმართნიათ, იმდენად ერთნაირები არიან, მხოლოდ გრაფის უსინათლო, ჩაშავებული თვალებით თუ გაარჩევთ ერთმანეთისგან. ერთი ფიზიკურად არის ბრმა, მეორე _ სულიერად. მაგრამ ორივე ბრმაა და ორივე უბედურია. ამის თქმა სურს სტრელერს. ამ დროს შემოდიან აზნაური და მსახურები, რომლებიც მეფეს თეთრ მოსასხამს წამოახურავენ, ლირი ხელებს აჯვარედინებს და განთავისუფლებას ლამობს, თითქოს გიჟის ხალათის გახდა უნდოდეს. ამის პარალელურად ედგარი დაქანცულ მამას, რომელიც ღონემიხდილი ფიცარზე წევს, აკვანში ჩაწოლილი ჩვილივით, არწევს და აძინებს.

ღვთისმშობლისა და იესოს ხატი წარმოგვიდგება თვალწინ, როდესაც სცენაზე ვხედავთ მუხლებზე დამხობილ კორდელიას, რომლის წინაც ყრმასავით წევს ღრმად მოხუცი მეფე ლირი, იღვიძებს, როგორც ახალშობილი. სულისშემძვრელი სახეა! თეთრი ტანსაცმლით ისინი მისტიკურ გამოცხადებას ჰგვანან. კორდელია ეფერება შუბლზე, თმაზე. ამ ჟესტში არის ალერსიც, სიყვარულიც, ღიმილიც, ზრუნვაც და სიბრალულიც იმ სიცოცხლის მიმართ, რომელიც ეს-ესაა დაბრუნდება,ეს ესაა, კვლავ იყვავილებს. მოხუცს მუხლები აქვს მოხრილი, ხელები _ მუშტად შეკრული, მისი სუნთქვა ძლივს შესამჩნევია.მერე ის თვალს ახელს და თვალებში უყურებს ქალიშვილს. მოხუცი მამაა, ქალიშვილი _ შვილი. მოხუცი, რომელსაც სიცოცხლეს ჩუქნის მისი გოგო, რომელსაც ის “ყოველთვის უყვარდა”. მარადიული ქალიშვილი _ დედა. სიცოცხლისა და ახალგაზრდობა-სიბერის წრებრუნვა, ამ ჟესტით რომ იკვრება. სიყვარულის ჟესტით _ ვკითხულობთ ჯორჯო სტრელერის ექსპლიკაციებში.

სტრელერს ლირის გამოღვიძების სცენა ყველაზე რთულად მიაჩნდა დასადგმელად, რადგან ეს გამოღვიძება ხელახალ დაბადებას უდრიდა.

წარმოდგენა დასასრულს უახლოვდება, ჩვენ წინ გაშლილია ბრძოლის არენა, სადაც დები იბრძვიან, ამჯერად ედმუნდის ხელში ჩასაგდებად, ერთმანეთს დაშნებით ებრძვიან ძმებიც _ ედგარი და ედმუნდი. სასიკვდილოდ დაჭრილი ედმუნდის დანახვაზე თავს იკლავს გონერილა, რომელმაც მის გამო ცოტა ხნის წინ მოწამლა რეგანა. ედმუნდი აყირავებს შემოღობილ ფიცარნაგს (საბრძოლო არენას), რითიც გვეუბნება, რომ ბრძოლა დასრულდა. იგი კვდება და მიცვალებულ დებს შუა პოვებს ადგილს.

ლირს ხელში აყვანილი გარდაცვლილი კორდელია შემოჰყავს. მამა ტრაგიკულად დასტირის თავის ყველაზე საყვარელ და სათნო ქალიშვილს. მოხუცის ნატანჯი სული და დაშლილი სხეული დარდს ვეღარ უძლებს. იგი კვდება. სპექტაკლი მთავრდება ედგარის მონოლოგით და ამ მონოლოგიდან ჩანს, რომ ედგარი, რომელიც კანონიერი შვილის უფლებებს ეძებდა, რომელიც განდგომილი და ზურგშექცეული იყო არა მარტო მამის, არამედ საზოგადოების მხრიდანაც, რომელსაც მოსვენებას არ აძლევდა დანაშაულის გრძნობა და როცა მას ნორმალური ცხოვრებისათვის საყრდენი გამოაცალეს, გონებასუსტად აჩვენებდა ყველას თავს, ხასიათშეცვლილია. ის თავისი საკუთარი სიტყვების არსს სწვდება და სპექტაკლის ფინალისთვის უკვე პიროვნებად იქცევა.

როგორც ვხედავთ, ჯორჯო სტრელერმა სხვადასხვა პლანში წარმოადგინა ადამიანის ბუნება, ვნებები, ხასიათი; გვიჩვენა, რომ ხშირად ძალა და ძალმომრეობა იმარჯვებს, რომ ყოველთვის კეთილი არ არის ზღაპრის დასასრული, გონიერებასა და პატიოსნებასაც დიდი საფრთხე აქვს შექმნილი ამ სამყაროში. ამავე დროს მან უხმო ისეთ ალეგორიებსაც, როგორიცაა დაბერების ალეგორია, სიბერისა და ახალგაზრდობის დაპირისპირება (ზოგჯერ სამკვდრო-სასიცოცხლო); მხატვრულად მოგვითხრო, თუ რა ემართებათ ძველ რიტუალებს, ძველ სტრუქტურებს, როცა მათი შეცვლის დრო დგება, რომ მათ ხშირად არ შეუძლიათ, უნარი არ შესწევთ ადგილი დაუთმონ ახალს. ამ შეტაკებაში ტყულ-მართალი ერთმანეთში ირევა, ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს და სამართალიც. ამიტომ ორივე იტანჯება. ასეთია ეს, მიწიერი სამყარო. ასეთი იყო ოდითგან. მისი შეცნობისთვის ადამიანმა სამყაროში უნდა იცხოვროს. საკუთარი ცხოვრებაა ყოველი ადამიანისთვის შემეცნების გზა. ეს გზა პიესის გმირებისათვის ფიზიკურ ტანჯვაზეც გადის, ზოგჯერ _ სიგიჟეზეც. იმისთვის, რომ ლირი ადამიანად ქცეულიყო მან გაიარა აქტიური შეშლილობის, აქტიური საოსოწარკვეთის ფაზა. ძილისა და გამოღვიძების შემდეგ ხელახლა დაიბადა და იპოვა ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება იპოვა გლოსტერმაც, ოღონდ იმის მერე, რაც დაუნდობლად და საშინელი სისასტიკით თვალები დასთხარეს. მან მხედველობა დაკარგა, მაგრამ მისი სულის შინაგანმა ბირთვმა გამოიღვიძა...

მიუხედავად პიესაში ჩამალული რთული აზრების სიუხვისა, სრულიად გასაგებად, ლოგიკურად და ბუნებრივად წარმოადგინა სპექტაკლი ჯორჯო სტრელერმა. მაგრამ, რათქმაუნდა, ღრმად იდუმალი, რომელიც იგრძნობა პიესაში და რომელიც აუხსნელია, აუხსნელი დარჩა. აუხსნელიც უნდა იყოსო, _ ამბობს რეჟისორი.



Comments

Popular Posts