რომეო და ჯულიეტა


     შექსპირის შესაცნობად საჭიროა შევისწავლოთ არა მხოლოდ მისი გმირები, არამედ იმ მსახიობების შემოქმედებაც, რომლებიც თამაშობენ ამ გმირებს. სწორედ მსახიობთა შემოქმედებას ეხება იოსებ იუზოვსკის “შექსპირის რვეული”. აქ მოცემულია ნარკვევები ისეთ მსახიობებზე, როგორებიც იყვნენ: ასტანგოვი, ბაბანოვა, ოსტუჟევი, სიმონოვი, მანსუროვა, ხორავა, ვასაძე და სხვები. რომლებიც სხვადასხვა დროს თამაშობდნენ რომეოს, ჯულიეტას, ოტელოს, იაგოს, ლირს, ჰამლეტს, ბენედიქტს და ა.შ.
     რეჟისორმა ალექსი პოპოვმა სპექტაკლ “რომეო და ჯულიეტას” პირველ აქტში მონტეკებისა და კაპულეტების ქუჩური ჩხუბის ეპიზოდში სცენაზე გამოუშვა უსახელო ბიჭი, რომელსაც მსახიობი ბორის ტოლმაზოვი ასრულებდა. ქარისგან გაწეწილი ოქროსფერი კულულები, თვალში საცემი ბედნიერი ღიმილი ერთ წუთში მთავრდება გულში გაყრილი დაშნით. ის თითქოს ახლა გამოფრინდა დედის ბუდიდან, ახლა ჩააცვა დედამ ლამაზი ტანსაცმელი და პირველად გამოუშვა ქუჩაში სიცოცხლითა და ენერგიით სავსე. ის მიფრინავს, თითქოს ვერც კი გრძნობს ფეხქვეშ მიწას, და აი სიკვდილიც...

     “უნაზესი ყვავილი, ნაადრევი ყინვის მიერ შეპყრობილი” – ამბობს ჯულიეტას მამა ამ ყმაწვილის ცხედარზე, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება რომეოზე, მერკუციოზე, პარისზე და კიდევ სხვა უამრავზე. ეს ტრაგედია ლაიტმოტივად გასდევს შექსპირის მთელ შემოქმედებას. თუმცა საბჭოური თეატრი ამაზე შეგნებულად ხუჭავს თვალს, მას თითქოს ვერონის ცისფერი ცა და რენესანსის გამჭირვალე ჰაერი უფრო ხიბლავს. მისი ყურადღება უფრო კაპულეტის ბაღებში მოსეირნე წყვილებს მიეპყრო, ვიდრე ცხოვრებისეულ ტრაგედიებს. თვით კაპულეტის საძვალეც კი არ არის ისეთი პირქუში და შემზარავი, როგორიც ჯულიეტას წარმოედგინა, ის ერთი ლამაზი არქიტექტურული კომპოზიციაა, რომელიც გაიძულებს დაივიწყო მისი დანიშნულება, მოკლედ საკმაოდ სიმპათიური საძვალეა. მხოლოდ ბოლოს ისმის ჯაჭვების ღრჭიალი, როდესაც შიგ გადარეული რომეო შევარდება და ჩაბნელებულ სცენაზე გამოჩნდება შავი ლანდები, რისაც ჯულიეტას ყველაზე მეტად ეშინოდა სანამ დასაძინებელ წამალს დალევდა.
     თეატრი აქ აშკარად სცოდავს. ის უპირატესობას ანიჭებს ისტორიას და არა ორი ადამიანის დრამას, რომელთა სიყვარულს შეერთება არ უწერია. პოპოვისეული ეს ისტორია სავსეა გაუგებარი ოპტიმიზმით, ნათელი ფერებით, მომხიბვლელობით, თითქოს უნდა შექსპირის განთავისუფლება შუასაუკუნის სიბნელისა და ბარბაროსობისაგან.
     ასეთ ფონზე თუ განვიხილავთ იმ პერსონაჟს, რომელიც ასახავს სპექტაკლის სტილს ეს არ იქნება ლორენცო არც რომეო და არც ჯულიეტა, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ჰერცოგი, რომელიც სულ სამჯერ გამოდის სცენაზე. მას ბრწყინვალედ თამაშობს შაგინი. ჰერცოგი გამოდის როგორც ახალი წესების რწმუნებული. ის არის სპექტაკლის კომპოზიციური ცენტრი, რომელიც იშვა ორი ერთმანეთის გამანადგურებელი ძალების დაპირისპირების შედეგად (ტიბალტი და მერკუციო). ტიბალტი ბოროტი და პირქუში სულია. ის თვით ცხოვრებამ მოიკვეთა. მან იცის რომ ბევრი აღარ დარჩენია და ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს. მის სულში აღარ არის სიყვარული, აღარც მეგობრობა, მხოლოდ სიძულვილია. მერკუციო გაუნათლებელი, უხეში და უღირსი ადამიანია, ის დასცინის ყველანაირ გრძნობას, სიზმრებსა და წინათგრძნობებს. მიუხედავად იმისა, რომ რომეო მზად არის შეურიგდეს ტიბალტს, მერკუციო ძალიან აგრესიულია მის მიმართ. რატომ? ის ხომ არ ეკუთვნის არცერთ მეომარ გვარს. ის მხოლოდ ჰერცოგის ნათესავია და მეტი არაფერი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტიბალტი თავითფეხებამდე დიდგვაროვანია და ეს მერკუციოს ძალიან აღიზიანებს. აქ მერკუციოში რენესანსის სული ბობოქრობს და მსახიობი მთლიანად გამოხატავს შექსპირის განწყობას.
     აღსანიშნავია, რომ რენესანსის ეპოქამდე თეატრი წარმოადგენდა ყოფით, მდაბიო სანახაობას, რომელიც თავისი მიწიერი ბუნებით მთლიანად მოტივირებული იყო კომერციულ მოგებაზე. ამისთვის თეატრი მიდიოდა ყველაფერზე. შექსპირის შემოსვლა თეატრში სწორედ რომ დროული იყო. ეს იყო რენესანსის პირველი მერცხალი. მიუხედავად შექსპირის ასეთი ზეციურობისა რეჟისორები მაინც ცდილობენ მის მიწიერად გარდაქმნას, მისთვის ფეთქებადი ფერებისა და ყოფითი არომატის მინიჭებას. მაგ. იმ სცენაში, სადაც რომეო მეჯლისზე იმყოფება, ის გამოაწყვეს დათვის ფორმაში, სად რომეო და სად დათვი. ეს დახვეწილი შეყვარებული, თავზეხელაღებული ხასიათით, უცებ გახადეს ბაჯბაჯა დათვი, ამას ემატება გაშიშვლებული ბიჭის სკულპტურა აუზთან, მსახურების მხიარული ინტერმედიები. ყოველივე ამას სპექტაკლი მიწიერად უნდა გადაექცია.
   
     შეიქმნა სპექტაკლი, დიდი, ფართომაშტაბიანი ტრაგედია. ალექსი პოპოვმა და ილია შლეპიანოვმა შექმნეს ბრწყინვალე სპექტაკლი. მაგრამ უყურებ ამ წარმოდგენას და გრძნობ, რომ რაღაც აკლია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, შექსპირისეული. სურათს სურათი ცვლის. ტიბალტი მოკლეს, მერკუციოც აღარ არის ამ ქვეყანაზე, ტრაგედია კი ძალებს იკრებს, რომ ჩაითრიოს მაყურებელი მთავარ მორევში, რომელსაც რომეოსა და ჯულიეტას სიკვდილი ჰქვია. მაგრამ რა გამორჩა რეჟისორს? ყველაზე მთავარი – სიყვარული. დიახ, რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული, ასევე ძიძის სცენა. შექსპირის მიხედვით ჯულიეტა აღმერთებს ძიძას, ძიძა მისი გულისთვის ჯოჯოხეთში გადავარდება, სცენაზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა. კი ძიძას უყვარს ჯულიეტა მაგრამ ეს სიყვარული თანაბრად აქვს განაწილებული რომეოზე, მერკუციოზე, სენიორ კაპულეტიზე, მათ შორის ის განსხვავებას არ აკეთებს. და განა შექსპირს ასე აქვს? ძიძა ჯულიეტასთვის დედაზე ძვირფასია, სპექტაკლში კი იმასაც ვერ დაიჯერებ, რომ ჯულიეტა ამ ქალის გაზრდილია. აქ ძიძა ერთი ეგოისტი ქალია, კი ის პრაქტიკულ რჩევებს აძლევს ჯულიეტას, ხმის ამოღებასაც მხოლოს ის გაბედავს ჯულიეტას მამის მრისხანების დროს, დაღუპულ ჯულიეტასაც მწარედ გლოვობს, მაგრამ ყოველივე ამაში ეგოიზმი იკვეთება. არადა მსახიობ პიჟოვის (ძიძა) ნიჭი სავსებით ეყოფოდა ამ პერსონაჟის შექსპირისეულ თამაშს, ეს ხომ ძალიან გაამდიდრებდა სპექტაკლს.
     არაა რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულიც ხარვეზების გარეშე; რომეოს სიყვარული ეჭვიანობითაა სავეს, ჯულიეტა რა თქმა უნდა შეყვარებულია, მაგრამ რაღაც გარკვეულ ზღვრამდე და როგორცკი ამ ზღვარს უახლოვდება, შეშინებული გარბის.
     სპექტაკლის შემდეგ მთავარი დარტყმა ასტანგოვმა (რომეო) მიიღო. ის არც რომეო იყო და არც შექსპირი. ის მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მან უნდა გადმოსცეს ვნება, შიშველი გრძნობა, ის კი ეძებს რაღაც შინაარსს, რაღაც რაციონალურს, და როგორცკი პოულობს ხარბად ებღაუჭება მას. ის ყველგან ეძებს აზრს, აღრმავებს მას. ასტანგოვი უარს ამბობს შექსპირის დახმარებაზე და თვითონ ქმნის თავის გმირს, და აი უკვე ისმის დარბაზიდან თანაგრძნობისა და სიმპატიის ხმები. აქ მეტი გრძნობები და გულწრფელობაა საჭირო, უფრო ზუსტად მიამიტობა. აი ეს არის შექსპირი. ასტანგოვს სურს გაიგოს რატომ დასდევს მის გმირს სიკვდილის აჩრდილი. ის მიდის დიდ რისკზე, შეიძლება გაემიჯნოს შექსპირის რომეოს, მაგრამ მისმა რომეომ უნდა იცოდეს რატომ არის განწირული. ასეთ კრიტიკულ წუთებში მას სწორედ შექსპირი ეხმარება. ხანდახან რომეოს მონოლოგი ჰამლეტის მონოლოგს უფრო ჰგავს, ამ დროს ის ერთი მიამიტი და გულანთებული შეყვარებული კი არ არის, არამედ ამ ცხოვრების ჭირვარამგადაყრილი ჰამლეტი. ხოდა ასტანგოვიც ჩაებღაუჭა ამ დახმარებას და აღარც უშვებს ხელიდან  სპექტაკლის ბოლომდე.
     და აი ასტანგოვი – რომეო და ჯულიეტას წინაშეა. მთვარე ანათებს კაპულეტის ბაღს, ბულბულები გალობენ, მეტი რა უნდა უნდოდეს შეყვარებულს, მის წინ ხომ ჯულიეტაა. მეტი გრძნობა, მეტი ემოცია, მეტი თავგანწირვა; ასტანგოვი კი უკან იყურება, ლაპარაკობს სიყვარულზე, მაგრამ მისი ფიქრები სხვაგან დაქრიან, ბედნიერების საშუალებას არ აძლევს. მსახიობს ავიწყდება, რომ ირგვლივ სამხრეთის არომატული ღამეა, რომელიც ვერ იტანს მესამეს, ზედმეტს. ასტანგოვი დამარცხდა. მაგრამ ეს პატიოსანი და ძალიან ნაყოფიერი დამარცხებაა. Aქამდე რომეოს სახელი ასოცირდებოდა “ტენორთან”, ასტანგოვმა მას სხვანაირი შეფერილობა მისცა და რაც შექსპირის რომეომ არ დაიმსახურა, ეს ასტანგოვის რომეომ შესანიშნავად გაარკვია.
     ბაბანოვას ჯულიეტაც შემოდის სცენაზე, ეს არის უმანკო ქმნილება, რომელიც ოდნავ თუ ეხება დედამიწას სიარულის დროს, საოცრად დაუცველია ამ ცხოვრებისეული ქარიშხლების წინაშე, რომელიც სულ მალე წალეკავს მას, მაგრამ ეს შექსპირის მიხედვით. ბაბანოვას ჯულიეტა მტკიცედ დგას სცენაზე, კი ფარფატებს როგორც როლი მოითხოვს, მაგრამ ამავდროულად მყარად დგას. აბა სცადე და დაძარი, როდესაც ძიძა პატარა ბავშვივით წაუთაქუნებს უკანალზე, ის შეცბება და გვერძე გახტება, მაგრამ ამ შეცბუნებაში უფრო ცელქობაა, ეს ძალიან მიწიერი ჟესტია და ხელს უშლის მის “ღვთაერიობას”. მართალია ჯულიეტა ჯერ მთლად ბავშვია, მაგრამ მისი ხასიათი უკვე გამოკვეთილია და ჭირვეული. ის ძალიან კრიტიკულად უყურებს ყველას და ეს შეიძლება აბაბანოვას უნებლიედ გამოსდის. ის ნაზად ეუბნება რომეოს: “ჩემო ძვირფასო, იყავ ერთგული”, ქვეტექსტი კი ასეთია: ჭკუით მოიქეცი თორემ მე შენ გიჩვენებ!
     ბაბანოვა შესაძლოა თავისი ყოფილი როლების გავლენით, პოეტურად ასახიერებს ჯულიეტას – როგორც მოსიყვარულე, ერთგულ და ნაზ შექსპირისეულ გმირს; კაპულეტის სცენა სავსეა პოეზიით. ჯულიეტა საუბრობს ნაზად, გარკვევით,  მან იცის, რომ მალე გათენდება და დღე მოიტანს ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს, რომ ის უბიწო აღარ იქნება და ცდილობს უკან დაბრუნდეს. მაგრამ ის უკვე შეიცვალა, მასში იფეთქა საწყისმა და გახდა ქალი. ასეთი ცვლილებები ტრაგედიებში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, შექსპირს ეს ცვლილება დასჭირდა, რომ ჯულიეტა მოემზადებინა ფინალური აქტისთვის. უბიწო ქალიშვილი იმას ვერ გააკეთებს, რისთვისაც ბედისწერამ ჯულიეტა გაწირა.
     Kრიტიკამ ბაბანოვის თამაშის სუსტ მხარედ აღიარა ის სერიოზული სცენები, როდესაც მამა აიძულებს გათხოვდეს პარისზე, როდესაც თავის ძიძას “დაწყევლილ მოხუცად” და “მავნე ეშმაკად” მოიხსენიებს, როდესაც მკვლელობის შემდეგ მძიმე ფიქრებშია გართული მაგრამ ეს იყო ზღურბლი ბაბანოვას ნიჭისა და ბოლომდე ვერ ამაღლდა შექსპირის გმირამდე.



Comments

Popular Posts