კაცია, ადამიანი.
ილია
ჭავჭავაძის მოთხრობის - „კაცია - ადამიანი?!“ - მიხედვით
ინსცენირების ავტორი - საბა ასლამაზიშვილი, მანანა ანთაძე
რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი - გიორგი
უსტიაშვილი
ქორეოგრაფი - კოტე
ფურცელაძე
კომპოზიტორი - კონსტანტინე
ეჯიბაშვილი
მონაწილეობენ: შაკო
მირიანაშვილი, თამრი
ბზიავა, ბექა
ჯუმუტია
ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „კაცია - ადამიანი?!“ - მიხედვით
ინსცენირების ავტორი - საბა ასლამაზიშვილი, მანანა ანთაძე
რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი - გიორგი უსტიაშვილი
ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე
კომპოზიტორი - კონსტანტინე ეჯიბაშვილი
მონაწილეობენ: შაკო მირიანაშვილი, თამრი ბზიავა, ბექა ჯუმუტია
არის ასეთი მოსაზრება, რომ ილია ჭავჭავაძის მოთხრობის სათაური „კაცია - ადამიანი?!“ თავისი შინაარსობრივი საწყისით „ვეფხისტყაოსანს“ უკავშირდება. რუსთაველთან „კაცი ვარ, ადამიანი“ ავთანდილის სიტყვებია; ილიასთან ეს ფრაზა კითხვად იქცევა; ასლამაზიშვილი კი შეეცადა პასუხის გაცემას ფინალური სცენით.
„ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი,“ - „ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან“ / „ვეფხისტყაოსანი“, 233-ე სტროფი. შეშინებული ასმათის დასამშვიდებლად ნათქვამი ავთანდილის სიტყვები - „კაცი ვარ, ადამიანი“ - გვერდიგვერდ მდგომი ორი სინონიმური ცნება: „კაცი“ და „ადამიანი“ ილია ჭავჭავაძესთან ირონიულ დატვირთვას იძენს. თავდაპირველად ნაწარმოებს „კაცია, ადამიანი“ ერქვა, ხოლო - „კაცია - ადამიანი?!“ - შემდეგ გამოცემაში გამოჩნდა. მძიმე ტირემ შეცვალა, მტკიცებით ინტონაციას კი კითხვა-ძახილის ნიშნები დაემატა, რამაც სათაურის არსი შეცვალა.
რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლის სათაურად „კაცია, ადამიანს“ ირჩევს, თუმცა ამით ილიას დასმულ კითხვას ვერც და არც გაურბის. პირიქით, კითხვა სათაურიდან სასცენო მოქმედებაში გადააქვს. სპექტაკლის განმავლობაში არაერთხელ ისმის ლუარსაბის (შაკო მირიანაშვილი) თავდაჯერებული განაცხადი - „კაცი ვარ, ადამიანი“, მაშინ როცა მისი ქცევა, აზროვნება და ცხოვრების წესი მაყურებელს კვლავ ავტორის კითხვასთან აბრუნებს.
პარტერიდან ხვნეშით შემოსული ლუარსაბი თითის გაშვერით ითვლის დარბაზში მსხდომ მაყურებელს, თითქოს სწორედ ისინი იყვნენ ილიასეული ბუზები. ორმოცამდე მისული თვლას ვეღარ აგრძელებს და თავიდან იწყებს. კომიკურ ეპიზოდს მსახიობი უჩვეულოდ დრამატულ ელფერს სძენს. ჩვენს წინაშე აღარ დგას ჩასუქებული, კარიკატურული ლუარსაბი. შაკო მირიანაშვილის გამხდარი, დაძაბული, შინაგანი სიმძიმით დამუხტული ფიგურა თავიდანვე არღვევს პერსონაჟის ტრადიციულ, სტერეოტიპულ აღქმას. ლუარსაბის კომიკურობას მისი გარეგნობა კი არა, აზროვნება განსაზღვრავს. რეჟისორი ამ ფორმით გვაჩვენებს, რომ პერსონაჟი მხოლოდ ილიას ეპოქას არ ეკუთვნის. ის შეიძლება ნებისმიერი დროის ადამიანი იყოს, რომლის ადამიანურობასაც გარეგნობა კი არა, ღირებულებები ქმნის. შაკო მირიანაშვილი თავისი დრამატულობით თავიდანვე გვაჩვენებს, რომ მისი გმირი ძალიან ტრაგიკულია.
გიორგი უსტიაშვილის სცენოგრაფიაში სცენა მთლიანად ათვისებული აქვს თანამედროვე სამზარეულოს. აქ იყრის თავს ლუარსაბისა და დარეჯანის მთელი ყოფა: საჭმლის მზადება, ღვინის სმა, კამათი, ცეკვა, სიყვარულობანა, ოცნება შვილზე, ღმერთსაც კი აქედან მიმართავენ. სამზარეულო მათი სახლიცაა, სარეცელიც და ტაძარიც.
თანამედროვე სამზარეულოში მოფუსფუსე ქალი (თამრი ბზიავა), რომელიც სადილს ამზადებს და ქმარს ელოდება, არ ჰგავს იმ დარეჯანს, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. საბა ასლამაზიშვილი (ისევე როგორც ლუარსაბის შემთხვევაში) აქაც შეგნებულად არღვევს დამკვიდრებულ ფორმას. თამრი ბზიავა ასრულებს მომხიბვლელ, ვნებიან, სიცოცხლით სავსე ცოლის როლს. მსახიობი პერსონაჟის სტერეოტიპს ამსხვრევს და მაყურებელს მის ხელახლა გააზრებას სთავაზობს.
„ჩიხირთმა თუ ბოზბაში“ კულინარიულ დუელში გადაიზრდება. ცოლ-ქმარი ერთმანეთს საჭმელს ესვრის, სახეზე უსვამს, თავზე ასხამს. საკვები პერსონაჟთა ურთიერთობის სემანტიკურ ნიშნად იქცევა, რომელიც ერთდროულად გამოხატავს აგრესიას, დომინირების სურვილსა და ეროტიკულ ლტოლვას. სამზარეულოს მაგიდა კი, რომლის გარშემოც ეს დაპირისპირება ვითარდება, ერთ მოძრაობაში ცოლ-ქმრის სარეცლად ტრანსფორმირდება. მხატვარი ყოველდღიური დანიშნულების საგანს (მაგიდას) სცენურ მეტაფორად გარდაქმნის და აერთიანებს ტრაპეზს და ინტიმურ სიახლოვეს, როგორც ადამიანის არსებობის ორ ფუნდამენტურ ინსტინქტს.
მაყურებლის ყურადღებას იპყრობს სცენაზე ძირითადი დეკორაციისგან განცალკევებით მდგარი ბროწეულის ხე - სიცოცხლის, ნაყოფიერებისა და ქორწინების ერთ-ერთი უძველესი სიმბოლო. უშვილო წყვილის კარ-მიდამოში მისი არსებობა შემთხვევითი არ არის. დარეჯანი პერიოდულად რწყავს ხეს, უვლის. თითქოს სიცოცხლის გაგრძელების იმედს ებღაუჭება. ამ უშედეგო მოლოდინის ფონზე გრძელდება ღმერთთან საყვედური. მერე ისევ ვედრება. დარეჯანი ლუარსაბს ქვაბის თავსახურს შარავანდედივით ადგამს, ხელს აღაპყრობს და წამით ღვთისმშობლისა და ყრმის იკონოგრაფიული სცენა ცოცხლდება.
ლუარსაბის სიტყვების - „ღმერთო, აბა შენ იცი“ - პასუხად „ქვესკნელიდან“ ამოდის მკითხავი (ბექა ჯუმუტია). მსახიობი ყარაჩოხელის პლასტიკითა და იერით, მძივებიანი ჩადრითა და ფიალებით გროტესკულ თეატრალურ სახეს ქმნის. მისი გამოჩენა სასოწარკვეთილი ადამიანების გამოძახილია, რომლებმაც პასუხი ვერც ღმერთისგან და ვერც ცხოვრებისგან ვერ მიიღეს. ქრისტიანული ლოცვისა და მისტიკური მკითხაობის თანაარსებობა პერსონაჟების სულიერ დაბნეულობას კიდევ უფრო ამძაფრებს, ხოლო ბექა ჯუმუტია ამ მოკლე ეპიზოდს ზუსტი სახასიათო შესრულებით დასამახსოვრებელ სცენურ სახედ აქცევს.
„გლეხს გლეხობა უნდა ეტყობოდეს და თავადს - თავადობა.“ - ეპოქა შეიცვალა, მაგრამ ცნობიერება - არა. სოციალური უპირატესობის განცდა, საკუთარი თავის აღმატება და მუდმივი თვითდამკვიდრების მოთხოვნილება ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილად რჩება. ლუარსაბის ტრაბახი - „ჩემოდენა მოსავალი, ჩემოდენა ღვინო“, მაგიდაზე ასვლა, დოლის რიტმზე ცეკვა და არაერთხელ წარმოთქმული - „კაცი ვარ, ადამიანი“, ძველი თავადის თვითკმაყოფილების თანამედროვე ვარიაციად იქცევა. ამ სცენის მობილური ტელეფონით გადაღება (დარეჯანის მიერ) ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: თვითწარმოჩენის სურვილი, რომელიც ილიას ეპოქაში სოციალური სტატუსით გამოიხატებოდა, დღეს ეკრანზე მუდმივი თვითდაფიქსირების მოთხოვნილებით გრძელდება.
ერთ-ერთ ეპიზოდში ლუარსაბი დარეჯანს სიზმარს უყვება, სადაც მოკვდა და საყვედურობს, რომ ცოლი მასთან ერთად არ დაიმარხა, სიცოცხლე გააგრძელა. ერთი შეხედვით, ეს მორიგი ეგოცენტრული მონოლოგია, რომელიც ლუარსაბის საკუთრების გრძნობასა და ცოლისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს. თუმცა, რეჟისორი ამ მონოლოგს ფინალში ძალიან ემოციურად პასუხობს - დარეჯანის გარდაცვალების შემდეგ ლუარსაბი მის გვერდით წვება და კვდება. ადამიანი, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ჭამა-სმაზე ფიქრობდა, საბოლოოდ სიყვარულის ყველაზე მძიმე ფორმას ირჩევს - იზიარებს საყვარელი ადამიანის ბედს. ამ სცენით საბა ასლამაზიშვილი ილიას კითხვას თავისებურ, ღრმად ადამიანურ პასუხს სცემს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ლუარსაბი საკუთარი ადამიანობის დამტკიცებას სიტყვებით ცდილობს. ფინალი მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. იქ, სადაც თითქოს მხოლოდ ირონიისა და სატირის გაგრძელებას ველით, რეჟისორი სიყვარულის ყველაზე ემოციურ და ადამიანურ სცენას გვთავაზობს.
ამ ფინალური მიზანსცენით რეჟისორი სპექტაკლის ვექტორს ცვლის და კითხვას - კაცია ადამიანი?! სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებით პასუხობს. რუსთაველთან სიყვარული გმირობას ბადებს, ილიას მოთხრობაში იგი ყოფითობამდეა დაყვანილი. საბა ასლამაზიშვილი კი სწორედ ამ ყოფითობის სიღრმიდან წინა პლანზე წევს მის ყველაზე ადამიანურ სახეს.
„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია...“ - ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი რეზო ლაღიძის მელოდია კონსტანტინე ეჯიბაშვილის (კომპოზიტორი) არანჟირებით ლუარსაბისა და დარეჯანის პირადი ტრაგედიის მუსიკალურ რეკვიემად გარდაიქმნება და ფინალს კიდევ უფრო ღრმა სევდას მატებს. მანანა ანთაძის ინსცენირება და კოტე ფურცელაძის ქორეოგრაფია რეჟისორის ბოლო პერიოდის დადგმების განუყოფელი ნაწილად იქცა. შემოქმედებითი გუნდის ძალისხმევით ჩვენ ვიხილეთ ილია ჭავჭავაძის სატირული თხრობის თანამედროვე სცენური ენა/ქმედება. სწორედ ამ ერთიანი ხედვის შედეგია სპექტაკლის მაღალი მხატვრული ხარისხი.
Comments
Post a Comment