ბაკულას ღორები



ფოთის თეატრი

დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით       

რეჟისორი - სოფიო ქელბაქიანი

მხატვარი - ავთო მოდებაძე

კომპოზიტორი - თამარ ფუტკარაძე-ლაშხი

ქორეოგრაფი - ირინა კუპრავა; კობა დარახველიძე

მონაწილეობენ: გალაქტიონი - ჯანო იზორია; შაშა - გენადი შონია; ვასილ ვიანიჩი - გიორგი სურმავა; ზენათი - თამარ აბშილავა; პატია - ანიკო შურღაია; ქორო: რამინ კილასონია, თემურ გოგინავა, მარტინ ღამბარაშვილი.

„ახლა არ არის სიტყვაკაზმულობით ტკბობის დრო“.

“მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!” (ქორო) - ამ სიტყვებით იწყება ფოთის თეატრში სოფო ქელბაქიანის სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ და მაყურებელს თავიდანვე აფრთხილებს, რომ კლდიაშვილის მოთხრობას, როგორც ყოფით კომედიას, ისე არ წაიკითხავს. ეს მხოლოდ რამინ კილასონიას წარმოთქმული რეპლიკა არ არის, ეს პრინციპია, რის მიხედვითაც თავიდანვე განისაზღვრა წარმოდგენის მიმართულება. რეჟისორი მართლაც პირდაპირ საქმეზე გადადის და უარს ამბობს ვრცელ ექსპოზიციაზე.

სპექტაკლის მეტაფორული ენა დაწყებისთანავე თვალსაჩინოა. ქოთანში ჩარგული გადახრილი, აყვავებული ხე სიცოცხლის სიმბოლოა, მაგრამ ფესვებს მოწყვეტილი მცენარე რამდენ ხანს იყვავილებს? გარეგნულ სილამაზეს ბუნებრივი საყრდენი აღარ აქვს. თითქოს, ხე იმ ადამიანების მეტაფორად იქცევა, რომლებიც არსებობას აგრძელებენ, თუმცა ნიადაგი უკვე გამოცლილი აქვთ.

სცენაზე შემოდის ქორო/მთხრობელები/ღორები - ადამიანები, რომლებმაც ინდივიდუალობა დაკარგეს და ძალადობის უსახო კოლექტიურ ძალად იქცნენ. რეჟისორი ძველი ბერძნული თეატრის ქოროს ფუნქციას სრულიად თავდაყირა აყენებს. კლასიკურ ტრაგედიაში ქორო საზოგადოებრივი სინდისის ხმაა - აფასებს, აფრთხილებს, თანაუგრძნობს. ქელბაქიანთან  - ქორო თავად ხდება მოძალადე. სწორედ ამ რადიკალური ტრანსფორმაციით რეჟისორი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოება ამ ყველაფერს კი არ დაუპირისპირდეს, არამედ თანამონაწილეც გახდეს.  

სპექტაკლის სიმბოლურ ხაზს რეჟისორი რუსული სამხედრო ატრიბუტიკის საშუალებით აგრძელებს. მაშინ, როდესაც გალაქტიონი შაშას სადილად ეპატიჟება, სცენაზე ჯერ მაღალი ჩექმები და ოფიცრის ქუდი ჩნდება, შემდეგ კი ვასილ ივანიჩი. ეს - ერთი შეხედვით, უმნიშვნელო მიზანსცენა, სინამდვილეში, სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი რეჟისორული გადაწყვეტაა. ძალაუფლება პირველად არა ადამიანის, არამედ სიმბოლოს სახით შემოდის. რეჟისორი მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟი კი არ არის მჩაგვრელი, არამედ სისტემაა, რომლის არსებობასაც ადამიანები მის გამოჩენამდეც გრძნობენ.

ამ რეჟიმის პირველი მსხვერპლი გალაქტიონია, ერთი ჩვეულებრივი კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად შიშის ეშინია. ამიტომ ყოველ ჯერზე იმ გზას ირჩევს, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს აარიდებს. პრობლემის გადაწყვეტას სიმართლის გზით კი არა, კომპრომისით ცდილობს. ბაკულას დაშინება ვასილ ივანიჩის გავლენით სურს, რასაც საკუთარი ოჯახის ღირსებასაც კი სწირავს. განსაკუთრებით მძიმეა ეპიზოდი, როდესაც ქალიშვილს (ანიკო შურღაია), სტუმრის გულის მოსაგებად, ცეკვას აიძულებს. ვასილ ივანიჩი გოგონასთან ვნებიან და აგრესიულ ცეკვას იწყებს. ამ დროს გალაქტიონი ცდილობს შვილის დაცვას, ტექნიკურად აშორებს სტუმარს, ზურგზე ჩახსნილ კაბას უკრავს, მაგრამ შიში მასზე ძლიერი აღმოჩნდება. მოძალადის შესაჩერებლად, თავად იწყებს ცეკვას.

ქელბაქიანისთვის ძალადობის აქტზე მნიშვნელოვანი მისი შედეგის ჩვენებაა. ზენათის გაუპატიურების ეპიზოდს რეჟისორი მინიშნების ფორმით წარმოგვიდგენს. ქოროს/ღორებს ქალი სცენიდან გაჰყავთ. ძალადობის აქტი მაყურებლის თვალს მიღმა რჩება. სცენაზე დაბრუნებული მოძალადის შარვლის ელვის შეკვრის - ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჟესტი, საკმარისი ხდება იმისთვის, რომ მაყურებელმა მომხდარი სრულად აღიქვას. რეჟისორული გადაწყვეტა იმდენად ფრთხილი და ლაკონიურია, რომ მაყურებლის ნაწილმა შესაძლოა მომხდარის მნიშვნელობა ბოლომდე ვერც კი გააცნობიეროს. თუმცა სწორედ ეს თავშეკავებული ფორმა უფრო ამძაფრებს ამბავს.

„შაშა: ალექსანდრე დამიძახე ვასილ ივანიჩ, ალექსანდრე!“ - ამ რეპლიკაში შაშას სრული გარდასახვა იკითხება. სპექტაკლის დასაწყისში იგი მორჩილი, შეშინებული და ზემდგომზე დამოკიდებული ადამიანია, თუმცა ძალაუფლების მცირე შესაძლებლობის გაჩენისთანავე სწორედ ის მოითხოვს მიმართვის ფორმის შეცვლას - კნინობით კი არა, სრული სახელით მიმართვას. თითქოს, უმნიშვნელო მოთხოვნა სინამდვილეში სტატუსის დამკვიდრების მცდელობაა. ამ მომენტიდან შაშა არა მხოლოდ ახალ სტატუსს ირგებს, არამედ იმავე ძალაუფლების მოდელს იმეორებს, რომლის მსხვერპლიც თავად იყო.

შაშას ტრანსფორმაციის პარალელურად ვხედავთ გალაქტიონის მარცხს, რომელიც უღელშებმული ოთხზე დამდგარი მძიმედ გადის სცენიდან. მთელი სპექტაკლის განმავლობაში გალაკტიონი ცდილობს შიშს კომპრომისით და გარიგებით გაუმკლავდეს, მაგრამ საბოლოოდ თავად ირგებს იმ უღელს, რომელსაც ასე გაურბოდა. ის ხდება მორჩილი.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სპექტაკლის ფინალი. თუ წარმოდგენის განმავლობაში მამაკაცი პერსონაჟები შიშის გავლენით თანდათან საკუთარ ღირსებასა და თავისუფლებას თმობენ, ქალები საპირისპირო გზას ირჩევენ. ძალადობის მსხვერპლი პატია ფინალში უკვე სრულიად სხვა სახით გვევლინება. ის ცეცხლით იგერიებს ღორებს და ბოსტნის საზღვარზე მესერს არჭობს. აქ სწორედ ქალი ამბობს „არას“. წინააღმდეგობის უნარი სწორედ იმ პერსონაჟში იბადება, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ყველაზე დაუცველი ჩანს. ამით ქელბაქიანი კლდიაშვილის ფინალს ახალ მნიშვნელობას სძენს - კაცები ბოსტნის გადარჩენას ძალაუფლებასთან გარიგებით ცდილობენ, ბოლოში კი ამას ქალები ახერხებენ. ზენათი პირველი ცდილობს წინააღმდეგობას, ხოლო პატია ამ წინააღმდეგობას მოქმედებად აქცევს.

ქოროს შემსრულებლები: რამინ კილასონია, თემურ გოგინავა და მარტინ ღამბარაშვილი სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს ქმნიან. მათი ქორო მხოლოდ თხრობით ფუნქციას არ ასრულებს. მსახიობები მუდმივად ცვლიან ფუნქციებს - ერთდროულად არიან დამკვირვებლები, მოქმედი პირები და ძალადობრივი სისტემის კოლექტიური სახე. ისინი ძალიან თავისუფლად და გუნდურად მოქმედებენ რაც ქმნის სცენურ ენერგიას და სპექტაკლის რიტმს/დინამიკას.

ჯანო იზორია პერსონაჟის ტრაგედიას ხმამაღალი ემოციებით არ გამოხატავს. პირიქით, გალაქტიონის შიში, ყოყმანი და მუდმივი შინაგანი წინააღმდეგობა მის მზერასა და პაუზებში იკითხება. მსახიობი ინარჩუნებს პერსონაჟის განვითარების ლოგიკას და მაყურებელს აჩვენებს - ღირსების შენარჩუნების მცდელობა თანდათან როგორ იქცევა მორჩილებად. გენადი შონია კი თავისი გმირის ცვლილებას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს. სპექტაკლის დასაწყისში მისი დგომა მანერული და არამდგრადია, მოგვიანებით კი წელში იმართება, თავდაჯერებული ხდება. ცვლის საუბრის ტონსაც - მერყევს კატეგორიული ანაცვლებს და გალაქტიონთან ურთიერთობაც მისი უპირატესობის დემონსტრირებაში გადადის. რაც შეეხება გიორგი სურმავას, ვასილ ივანიჩს ყოველგვარი პათოსის გარეშე ქმნის. თითქოს მსახიობი თავისი გმირის ძალაუფლებას ისედაც ფლობდეს. მას არ ჭირდება ზედმეტი ძალისხმევა და თავისი აუღელვებელი, თავდაჯერებული თამაშით პერსონაჟს კიდევ უფრო შემზარავს ხდის.

რეჟისორის ინტერპრეტაციაში ქალი პერსონაჟები პატრიარქალური ძალაუფლების სისტემას უპირისპირდებიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ აბშილავას როლი. მსახიობი ქართველი გლეხი ქალის სახეს ქმნის. ზენათი ვერ ეგუება საკუთარი ხელით მოვლილი ბოსტნის განადგურებას. სწორედ ის უბიძგებს გალაქტიონს წინააღმდეგობისკენ. ძალადობა კი არ ანადგურებს, პირიქით უმძაფრებს წინააღმდეგობის სურვილს. ზენათი არ წყვეტს ბრძოლას, უპირისპირდება ხელისუფლების წარმომადგენელს და ფინალში ქმარსაც საკუთარი სხეულით ეფარება. თამარ აბშილავას გმირი არ ეგუება საკუთარ ბედს. მსახიობი ქმნის ქართველი გლეხი ქალის (ღირსეული, შრომისმოყვარე, შეუპოვარია) განზოგადებულ სახეს. ქალის, რომელსაც არ ეშინია არც შრომის და არც ბრძოლის. სწორედ ეს შინაგანი სიმტკიცე განსაზღვრავს პერსონაჟის/მსახიობის მოქმედების ლოგიკას სპექტაკლის დასაწყისიდან ფინალამდე. დედის დაწყებულ ომს მისი ქალიშვილი, პატია, აგრძელებს და აგვირგვინებს ბოსტნის შემოღობვით. ანიკო შურღაიას ამოცანა რეჟისორული კონცეფციის შეჯამებაა. მისი  პერსონაჟის ფინალურ სცენას წარმოდგენის ლოგიკურ დასასრულამდე მივყავართ. პატია ზენათის მემკვიდრეა - ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება ერთი თაობით. მთლიანობაში, სპექტაკლის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება სწორედ მისი სამსახიობო ანსამბლია. არც ერთი მათგანი არ ცდილობს ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას, პირიქით, სცენაზე მსახიობები გამოირჩევიან პარტნიორული დამოკიდებულებით. 

 

სოფო ქელბაქიანის „ბაკულას ღორები“ დავით კლდიაშვილის მოთხრობის უბრალო ინსცენირება არ არის. რეჟისორი მას თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ ალეგორიად გარდაქმნის, სადაც მთავარი თემა არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ შიში და ამ შიშთან საზოგადოების შეგუებაა. სიმბოლოების, ზუსტად აგებული მიზანსცენებისა და სამსახიობო ანსამბლის მეშვეობით სპექტაკლი გვაჩვენებს, თუ როგორ იქცევა ძალაუფლება სისტემად, როგორ ამარცხებს შიში ადამიანს და როგორ იწყებს იმ ძალადობის გამეორებას, რომლის მსხვერპლიც თავად იყო. თუმცა ქელბაქიანის ფემინურ ფინალში ქალები იცავენ თავისუფლების, ღირსების საზღვრებს.

Comments