მოდერნი

  მოდერნი, როგორც სტილური ტენდენცია, როგორც სტილი, შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპასა და ამერიკაში. ტერმინი, რომელიც ფრანგული სიტყვაა და “თანამედროვეს” ნიშნავს, ყველაზე აქტიურად ესპანეთსა და რუსეთში გამოიყენება, თვით საფრანგეთში აღნიშნული მოვლენის დასახელებაა “არ ნუვო” (Aრტ ნოუვეაუ), ანუ “ახალი ხელოვნება”, გერმანიაში “იუგენდშტილი” (ჟუგენდსტილ), რაც ნიშნავს “ახალგაზრდულ სტილს”, იტალიაში მას “ლიბერტის” (Lიბერტყ) უწოდებენ, ანუ “თავისუფლებას”. ეს სახელწოდებები: “თანამედროვე”, “ახალი ხელოვნება”, “ახალგაზრდული სტილი”, “თავისუფლება” მოდერნის, როგორც მხატვრული ფენომენის წახნაგებს ასახავენ, კერძოდ იგი იყო ახალი, ახალგაზრდული და თავისუფალი სტილი, რომელიც კულტურის თავისებურ მხატვრულ-ესთეტიკურ რეაქციას წარმოადგენდა მასში XIX საუკუნეში გაბატონებულ პოზიტივისტურ-მატერიალისტურ ტენდენციებზე, კერძოდ ხელოვნებაში – ნატურალიზმზე, რეალიზმსა და აკადემიზმზე. მისი უპირველესი დანიშნულება იყო გამოევლინა ეპოქის დაძაბული, მშფოთვარე სული. 
     მოდერნიზმის შინაგანი მამოძრავებელი ძალაა ესთეტიზმი (როგორც იმპრესიონიზმშიც, ამიტომ მოდერნიზმის ერთ-ერთ პირველ წყაროს ზოგი მკვლევარი სწორედ იმპრესიონიზმში პოულობს), მის საფუძველს წარმოადგენდა “საუკუნის გარდატეხის” ხელოვანთა მისწრაფება კულტურაში შეემუშავებინათ პრინციპულად ახალი “დიდი სტილი”, რომელიც ორგანულად დაეყრდნობოდა წარსულ ეპოქათა მხატვრულ მიღწევებს, ადამიანის ყოფიერების მთელ გარემოს, ხელოვნების ყველა სახისა და ჟანრის ჩათვლით და ამავე დროს დაეფუძნებოდა წმინდა ესთეტიკურ პრინციპებს, რომლებიც “მშვენიერებასთან” იქნებოდა დაკავშირებული. ხელოვნების ყველა სახის სინთეტიზმი, მათი შეხამების ორგანულობა ხორციელდებოდა მცენარეულ და ცხოველურ სამყაროში არსებულ ფორმათა ორგანული აგებულებების პრინციპთა საფუძველზე. აქედან გამომდინარეობდა ხაზგასმული ფლორეალურობა და ბიოგენურობა.
     მოდერნიზმის წამომწყებნი იყვნენ მხატვრები – ფერმწერები და გრაფიკოსები, მაგრამ უფრო მეტად იგი გამოვლინდა არქიტექტურაში, როგორც ხელოვნების ყველა დარგის მასინთეზირებელ ფაქტორში. პრინციპულად, ახალი მოდერნიზმის არქიტექტურაში იყო უარის თქმა ფასადისა და ინტერიერის მორთვის სისტემის ტრადიციულ ორდერულ სტილზე. “მოდერნში” შეუძლებელი ხდება დაყოფა შენობის კონსტრუქციულ და დეკორაციულ ელემენტებად; მოდერნის დეკორატიულობა მდგომარეობდა არქიტექტურულ ფორმათა ესთეტიკურ გააზრებაში, რაც ხშირად იწვევდა შენობის უტილიტარული დანიშნულების უგულებელყოფასაც.
     მოდერნის არქიტექტურა იყო პირველი ნაბიჯები XXსაუკუნის არქიტექტურის განვითარებაში. იგი ეძებდა კონსტრუქციული და მხატვრული ერთიანობის საწყისებს, თავისუფალ და ფუნქციურ დაგეგმარებაში იყენებდა კარკასულ კონსტრუქციებს, ახალ მრავალფეროვან მასალას (რკინაბეტონი, მინა, ლითონი, დამუშავებული ქვა, ტილო და სხვ.) მოდერნის არქიტექტორები ცდილობდნენ შენობა თავისუფლად ჩაედგათ სივრცეში. ნაირფერად აფორმებდნენ მის ფასადებს, გამოდიოდნენ სიმეტრიისა და რეგულარული ნორმების წინააღმდეგ ქალაქმშენებლობაში. სხვადასხვა ფორმის უმდიდრეს მასალას, რასაც ახალი ტექნიკა იძლეოდა, ისინი იყენებდნენ ხაზგასმული ინდივიდუალობის გამოსაკვეთად. ამით შენობა და მისი კონსტრუქციული ელემენტები დეკორაციულსა და სიმბოლურ – მხატვრულ  გააზრებას იძენდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ესპანელი არქიტექტორის ანტონიო გაუდის (1852-1926) ნაგებობები. მოდერნის სტილშია შესრულებული მისი სრულიად უჩვეულო და უცნაური, ერთი შეხედვით, ახირებულფორმებიანი შენობები ბარსელონაში. მაგალითად, სიგრადა ფამილიას ტაძარი, რომლის მშენებლობა 1884-1926 წლებში გრძელდებოდა და დაუმთავრებელი დარჩა, აგრეთვე კასა ბატლო, კასა მილა, რომლებიც ხასიათდება თავისებური პლასტიკის მქონე გარდამავალი მოცულობებითა და თამამი კონსტრუქციული სიახლეებით, მათ რიცხვს მიეკუთვნება პარაბოლური თაღები, დახრილი საყრდენები, მსუბუქი კამარები და სხვ., რომლებიც ქმნიან ხელით ნაძერწი მრუდხაზოვანი ფორმების შტაბეჭდილებას.
     მოდერნი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ორნამენტს, რომელიც არამარტო ამკობს ნამუშევრებს, არამედ ავლენს მათ კომპოზიციურ სტრუქტურას. მოდერნული სტილის მიმდევრები იყენებდნენ იაპონური გრავიურის ხაზობრივ წყობას, ეგეოსური ხელოვნებისა და გოტიკის ნაყშს, ბაროკოს, როკოკოსა და ამპირის დეკორაციულ კომპოზიციებს. მოდერნის ორნამენტისათვის დამახასიათებელია რიტმის თავისებურება, მოქნილი ხაზი. ამავე პერიოდში განვითარდა ლითოგრაფიის, ქსილოგრაფიის, ილუსტრაციის ხელოვნება. შეიქმნა შესანიშნავი გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის პლაკატური.
     ფერწერასა და ქანდაკებაში “მოდერნი” დაკავშირებული იყო სიმბოლიზმთან, მაგრამ ამასთანავე იგი ცდილობდა დამოუკიდებელი სისტემის შექმნას. ამ სტილის მხატვრობისათვის დამახასიათებელია ცალკეული დეტალის ან ფიგურის შეხამება დეკორაციულ ფონთან, სილუეტურობა, დიდი ფერადოვანი ლაქებით ფერწერული გამომსახველობის მიღწევა, ასევე, დახვეწილად ნიუანსირებული ფაქიზი მონოქრომიაც. მხატვართაგან ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს ფრანგმა პოლ გოგენმა (1848-1903), ავსტრიელმა გუსტავ კლიმტმა (1862-1918), ნორვეგიელმა ედუარდ მუნკმა (1863-1944), რუსმა მიხაილ ვრუბლმა (1856-1910) რომელთა ნამუშევრები დღესაც პოპულარულია მსოფლიოში.

Comments

Popular Posts