არლეკინი _ ორი ბატონის მსახური


არ შეიძლება ისაუბრო სტრელერის შემოქმედებაზე და არ განიხილო მისი უკვდავი სპექტაკლი _ “არლეკინი _ ორი ბატონის მსახური”. გენიალურმა რეჟისორმა სულ 300 სპექტაკლი დადგა ნახევარი საუკუნის განმავლობაში, აქედან დღეს მხოლოდ “არლეკინის” ნახვა შეუძლია მაყურებელს. 63 წლის განმავლობაში ეს სპექტაკლი არ კარგავს თავის განუმეორებელ ხიბლს. ეს არის კლასიკა, შექმნილი მათთვისაც კი, ვისაც ფეხი არ შეუდგამს თეატრში.
სტრელერმა ეს სპექტაკლი დადგა 1947 წელს “პიკოლოს თეატრში”, კარლო გოლდონის “ორი ბატონის მსახურის” მიხედვით. მაშინ ის 26 წლისა იყო, ჯორჯო ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც შეძლო ჩასწვდომოდა საუკუნეების მიღმა, აღორძინების ეპოქაში შექმნილ კომედია დელ არტეს საიდუმლოს და კვლავ აეღორძინებინა იტალიური ნიღბების კომედია.
კარლო გოლდონის _ იტალიის პირველი დრამატურგის _ პიესები ჯ.სტრელერის განსაკუთრებული სიყვარულის საგანს წარმოადგენდა. უყვარდა მას თვითონ გოლდონიც, როგორც პიროვნება. ხშირად წერდა მასზე. ცდილობდა ეროვნული თეატრსა და კულტურაში მიეჩინა მისთვის ის მაღალი, და შესაძლოა, ერთადერთი ადგილი, რომელსაც იგი იმსახურებდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იტალიურ თეატრში მასშტაბური ცვლილებები დაიწყო, სხვაგვარი გახდა მიმართება გოლდონისადმი, რომელსაც იმ ხანად დაახლოებით ასე აფასებდნენ: იტალიური დადგმები გოლდონის პიესათა უგემოვნობით გვთრგუნავენო, რომ გოლდონის არც სიღრმე აქვს და არც სიმაღლეო და ა.შ.
 თეატრალური რეჟისურა, რომელიც სცენური ხელოვნების საერთო განახლებას უწყობდა ხელს, ინტერპრეტაციის პრობლემებს აყენებდა წინ. თეატრში მოდიოდა ახალი დრამატურგია; იმ წლების საუკეთესო დადგმებში კლასიკური ნაწარმოებებიც კი თავისუფლდებოდა სტერეოტიპებისა და შტამპებისაგან, რომლებიც საუკუნეებით იყო დაგროვილი. ეს, უწინარეს ყოვლისა, კარლო გოლდონსაც ეხებოდა. მის კომედიებში თეატრი ახლა უკვე სულ უფრო ხშირად პოულობდა ადრე უცნობ შესაძლებლობებს, აღმოაჩენდა ახალ აზრებსა და აზრთა ჩამალულ ელფერებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია სტრელერის, როგორც რეჟისორის, მუშაობა “არლეკინის” ტექსტსა და დადგმებზე.
არსებობს “არლეკინის” 10 ვარიანტი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე დადგა სტრელერმა, ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყალიბდებოDA “არლეკინის ესთეტიკა”. სპექტაკლის ყოველი ახალი ვერსია ძველი ვერსიისაგან რაღაცას უკუაგდებდა, რაღაცას ახალს შეიტანდა, რომელიც შემდგომ ხანგრძლივად და სამუდამოდ რჩებოდა სპექტაკლში. ეს ეხებოდა როგორც სცენის გაფორმებას, ისე ყოველი პერსონაჟის, როგორც მხატვრული სახის, მონახაზს, იქნებოდა ეს პანტალონე, ექიმი, არლეკინი, ბრიგელა, სმერალდინა თუ შეყვარებულები. იხვეწებოდა კლასიკური და იქმნებოდა ახალი ლაც(ი)ები. სპექტაკლი მუდმივად ახლდებოდა, იცვლებოდა დროების შესაბამისად და მისი ხანგრძლივი სიცოცხლეც, ალბათ, ამან განაპირობა. იგი იქცა არა მარტო “თავისი” თეატრის ემბლემად, არამედ, საერთოდ, თეატრის სიმბოლოდ.
ქვემოთ მოკლედ განვიხილავთ “არლეკინის” რამდენიმე ვერსიას. ისინი ყველა, თავისებურად დაუვიწყარი იყო და რაღაც თავისას, საკუთრივ მისთვის დამახასიათებელს ატარებდა, იქნებოდა ეს ახალი საღებავები, ახალი რიტმები თუ ახალი შინაარსი.
არლეკინის პირველი დადგმა სტრელერმა 1947 წელს “პიკოლო” თეატრში განახორციელა. ეს სპექტაკლი გათამაშდა სცენაზე, რომელიც აღადგენდა XVII საუკუნის იტალიური ნიღბების თეატრის ფიცარნაგებს, სადაც განლაგებული იყო ტრადიციული, სამკარიანი სცენიდან გამოსასვლელი მსუბუქი ტილოს ფარდით. მხატვარმა ჯანი რატომ და სტრელერმა არ დაიშურეს ფერები: სპექტაკლი მზიანი და ყველა ფერით მოელვარე გამოვიდა, ტრადიციული კოსტუმებიც კაშკაშა იყო, დეკორაციები კი მსუბუქი და მხიარული. ამ თბილ, კეთილ, მხიარულ და ალერსიან სპექტაკლში სიცოცხლე იმარჯვებდა. ხოლო ცხოვრება ბედნიერ და ზეიმურ თამაშს ჰგავდა.
არლეკინის პირველი რედაქცია მაყურებლისთვის უბრალოდ აღადგენდა დელ არტეს კომედიანტების ხერხებს. “ჩვენ ვცდილობდით, წერდა სტრელერი, გვეპოვა წონასწორობა კლასიკური, მაგრამ სიტყვის შესაბამისი ცოცხალი მნიშვნელობით, რიტმთან გვსურდა გვეთამაშა არა ნატურალისტურად, მაგრამ ამავე დროს არც გაცვეთილად. გვსურდა სიმშრალე და არსითობა, ყოველგვარი პათეტიზმის გარეშე”.  1950 წლიდან გოლდონის პიესა უკვე აღარ იყო ძველებური ხერხების რესტავრაციის საბაბი, ის მიმართული იყო არა წარსულზე, არამედ აწმყოზე.
სტრელერის მიერ ფორმის კრიზისის დაძლევასა და სამყაროს პოეტური ხედვის შეძენაზე მოწმობდა ახალი “არლეკინი _ ორი ბატონის მსახური”, 1952 წლის “არლეკინი”, სწორედ ის რედაქციაა, რომელმაც შემდგომში მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
თითქოს გარეგნული ცვლილებები არც მომხდარიყოს _ ენცო ფრიჯეროს იგივე დეკორაციები: ვიწრო ფიცარნაგი, რომლის თავზე საზეიმოდ ფრიალებენ სხვადასხვა ფერის დროშები, მოხატული უკანა დეკორაცია, რომელიც ქალაქის მოედანს გამოხატავს, იგივე ჩანაფიქრი: არა უბრალოდ თეატრი, არამედ თეატრი თეატრში.
“როცა ფარდა აიწეოდა, მაყურებელი ხედავდა დელ არტეს კომედიანტთა დასს, რომელიც სპექტაკლისთვის ემზადებოდა. მათგან მოისმოდა რეპლიკათა ნაწყვეტები, მუსიკალურ ფრაზათა ნაწყვეტები, მცირე საცეკვაო პირუეტები, რაღაც რთული გარბენები და ნახტომები, მანდოლინისა და გიტარის შეუწყვეტელი ჟღერა _ მოკლედ, სცენაზე ხმაური, გუგუნი და ალიაქოთი იდგა. მაგრამ ამ მხიარულ კაკოფონიას თავისი ხიბლი ჰქონდა, თითქოს სპექტაკლის დაწყებამდე კულისების მიღმა შევიხედეთ და დავინახეთ ის, რაც წუთის მერე ამოქმედდება, როგორც მთლიანი და დინამიკური ორგანიზმი”. 
დემონსტრატიულად ხაზგასმულია თამაშზე გადასვლა. მსახური გააპობს ბრბოს და სცენაზე შემოდის. იგი ხმამაღლა აბრახუნებს ხის კვერთხით იატაკზე, სასწრაფოდ ქრებიან სცენიდან რომელიღაც პერსონაჟები, სხვები იყინებიან თავიანთ პოზებში. ცენტრში გრაციოზულ პოზაშია შეყვარებულთა წყვილი; მოშორებით ერთმანეთისკან დახრილი ორი მოხუცია _ თეთრწვერიანი პანტალონე და ულვაშშეღებილი ექიმი. ფიცარნაგების მარჯვნივ მომხიბლავად იღიმება მსახური სმერალდინა, რომელიც ასევე გაშეშებულია. სცენის სიღრმეში ჩანს ბრიგელა თეთრი, სირმიანი კოსტუმით გამოწყობილი.
ასევე იყო ჩაფიქრებული 1956 წელს განხორციელებული სპექტაკლი (ედინბურგის ვარიანტი), რომლის პრემიერა შოტლანდიაში იყო ნაჩვენები. ზემოაღნიშნული მოტივით (თეატრი თეატრში) საშუალებას იძლეოდა ნაჩვენები ყოფილიყო მოხეტიალე კომედიანტების კულისებმიღმა ცხოვრება: სცენიდან გასული მსახიობი იხსნიდა ნიღაბს, სრულიად იცვლებოდა მისი პლასტიკა, ის ლაპარაკს ჩვეულებრივ ხმაზე იწყებდა, მოძრაობდა ყოფით რიტმში და სხვ. ასევე საგანგებოდ გაიხსნა ნიღაბთა თეატრის ზოგიერთი “საიდუმლო”: როცა ვინმეს სილას გააწნიდნენ, სცენის მიღმა მდგარი კაცი უროს სინქრონული დარტყმით “ახმოვანებდა” ლოყაში გარტყმის ხმას. ახალი პერსონაჟებიც გაჩნდნენ. მაგალითად, სუფლიორი. გოლდონის ტექსტის დამატებებიც (მეტატექსტებიც) შემოიღეს, რომლებსაც მსახიობები სცენის გარეთ წარმოსთქვამენ. ეს ტექსტი მუდმივად იცვლებოდა, ივსებოდა და იმ დროიდან სპექტაკლი განუწყვეტლივ იზრდებოდა და ვითარდებოდა, იძენდა რა ახალ სცენებსა და ახალ ლაციებს.
დიდი მარჩელო მორეტის მოულოდნელად და ნაადრევად გარდაცვალების შემდეგ (მარჩელო დაიღუპა გენერეალური რეპეტიციის დროს. ის ასახიერებდა სულის შემძვრელ ბერანჟეს, ენრიკესის პიესაში “მარტორქები”. ეს პიესა პრემიერამდეც ვერ მიიყვანეს), 1963 წელს “არლეკინში” ახალი შემსრულებელი წარმოდგა _ ფერუჩო სოლერი (1960 წლის 28 თებერვლიდან 2010 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, მან კარლო გოლდონის “ორი ბატონის მსახურში” არლეკინის როლი მსოფლიოს 32 ქვეყნის სცნაზე 2064-ჯერ ითამაშა). მაშინ სპექტაკლი პირველად დაიდგა ღია ცის ქვეშ, მილანის ახალ ვერსიას “ფურგონების ვერსია” უწოდეს. მოტივმა “თეატრი თეატრში” აქ შემდეგი განვითარება პოვა.
რამდენადაც სპექტაკლი ვილა ლიტას ეზოში იდგმებოდა, ვილას შესასვლელთან განლაგებული იყო დაბალი ფიცარნაგი რამპის დიდი დანთებული სინათლებით. ეკიდა ნაჭრის ფარდაც. მის მარცხნივ და მარჯვნივ ორი დიდი დახურული ოთხთვალა იდგა, რომლებითაც მოხეტიალე მსახიობები ოდესღაც გარს უვლიდნენ ევროპას. მსახიობები ფურგონებიდან გამოდიოდნენ, ფეხს გამართავდნენ, გაიზმორებოდნენ, იცვამდნენ კოსტუმებს, იკეთებდნენ ნიღბებს _ ასე იწყებოდა სპექტაკლი. 
ახალმა არლეკინმა მაშინვე დაიპყრო მაყურებელი. მორეტის არლეკინი უფრო მყიფე და რაციონალისტური ჩანდა. მას არ ჰქონდა მორეტის პერსონაჟის სირბილე და სინაზე, მაგრამ მაყურებელს აღაფრთოვანებდა ახალგაზრდობის მძლავრი ენერგიით, სოლერი _ არლეკინი ამ ნიღბის სწორუპოვარი შემსრულებელი, XX საუკუნის მეორე დიდი არლეკინი გახდა, თუმცა პირველისგან სრულიად განსხვავებული.
“პიკოლომ” თავისი დაბადების ორმოცი წლის თავი “არლეკინის” ახალი და უკანასკნელი დადგმით აღნიშნა. სტრელერმა გადაწყვიტა, რომ მოვიდა დამშვიდობების დრო, ამიტომ ამ ვერსიას უწოდა “დამშვიდობება” (Dელლ’Aდდიო). სპექტაკლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ამ კომედიის ყველა უკანასკნელ ინტერპრეტაციას შორის. იგი მოულოდნელად გაჩნდა, თითქმის შემთხვევით, მაგრამ იქცა ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და მნიშვნელოვან მხატვრულ მონაპოვრად. ეს ვერსია დაბინდული და სევდიანია, ძალიან განსხვავებული წინა სპექტაკლებისგან. იგი გაითამაშეს ნახევრად ბნელ სივრცეში. რაღაც განგაშის მაგვარი ახლდა ამ ვერსიას, მასში კვალიც არ იყო კომედიის ადრინდელი გადაწყვეტების სიმსუბუქისა და ნათელი ატმოსფეროსი, რაღაც ავი, რაღაც მოჩვენებითი და იმქვეყნიური იგრძნობოდა მასში. “ფიცარნაგებზე” იდუმალი და უცნაური სამყარო ჩნდებოდა, _ წერს ამ სპექტაკლის მნახველი ა.ბარტოშევიჩი, _ მოქმედება ჩაძირული იყო ბინდში, სინათლე ქვემოდან ამოდიოდა, და ამ მოციმციმე შუქში თითქოს დნებოდა ადამიანთა სხეულები, თავისუფლდებოდნენ წონასა და მოცულობისგან. სცენაზე დასრიალებდნენ, თითქოს დაფრენდნენ უსახური აჩრდილები. ეს იყო აჩრდილისებრი ვენეცია, გოცისა და ჰოფმანის ვენეცია”.  არლეკინი (ფერუჩი სოლერი) ამ სპექტაკლში სრულიად სხვად წარმოდგა, გააფთრებული ენერგიით, მძვინვარე, საშიში და თავისი პროტოტიპის ნიღაბს _ კომიკურ შუასაუკუნეების ეშმას დამსგავსებული. “მისი ურთიერთობა დარბაზთან იყო აგრესიული _ არავითარი კეთილგანწყობა მაყურებლისადმი, თუნდაც მისი სიცილი გამოეწვია, ეჩხუბებოდა მას, უღრენდა...”
“დასამშვიდობებელი” ვერსია წარმატებით იდგმებოდა ორი წლის მანძილზე და ვიდეოზეც იყო გადაღებული. სპექტაკლი მოიხსნა, მაშინ ფიქრობდა ზოგიერთი, რომ მოიხსნა სამუდამოდ, მაგრამ გამოხდა ხანი და სტრელერს დაუძლეველი მოთხოვნილება გაუჩნდა, დაბრუნებოდა საყვარელ სახეს. მან მაშინ დადგა “არლეკინი”, რომელსაც დაარქვა “გამარჯობა” (Bუენო Gიორნო). ამ სპექტაკლში სრულიად ახალგაზრდა მსახიობი და “პიკოლო თეატრთან” არსებული თეატრალური სკოლის სტუდენტები აიყვანა. კვლავ განათდა მზე და აკიაფდა მხიარული ფერები. მაგრამ ამ “არლეკინშიც” და მომდევნო მის ყველა ვერსიაში ბურუსიანი დასაწყისი, თუმცა შერბილებულია, მაგრამ მაინც ბოლომდე რჩება.
სპექტაკლმა დაუჯერებლად დიდხანს გაძლო სცენაზე და ახალ საუკუნეშიც გადმოაბიჯა (თუმცა უკვე ახლებურად). ახლა აშკარაა, რომ XX საუკუნემ “არლეკინის” ნიშნით ჩაიარა. სპექტაკლის დღეგრძელობა მის სიცოცხლისუნარიანობასა და დროსთან ერთად ცვალებადობაშია. მისი დადგმების ისტორია თვით დროის მოძრაობაზე გვიქმნის წარმოდგენას.
ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, ენახა “არლეკინის” ბოლო ვერსია, რომელიც “პიკოლოს” 50 წლისთვისადმია მიძღვნილი, არ დაავიწყდება ათწლეულობით ნაძერწი ფორმის სრულყოფილება, შესრულების სიზუსტე, ვერაფერს რომ ვერ შეედრება ამ სპექტაკლით მოგვრილი სიხარული და ღრმა სევდა. დაუვიწყარია მისი “მზიანი მელანქოლია”. უკანასკნელ “არლეკინში” კვლავ მოიყარა თავი ბუნების სტიქიათა იმ სახეებმა, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი იყო სტრელერისათვის სამყაროს ერთიანი და ყოველთვის ცვალებადი სურათის შესაქმნელად.
სპექტაკლი განხორციელებულია რბილ, დაბალ ტონებში; შემოდგომის ელეგიური ფერები, გვიანდელი ჯორჯო სტრელერის საყვარელი გამა, ჭარბობს სცენაზე, რომელიც თითქმის ცარიელია. მრავალი წლის მანძილზე რეჟისორი თანდათან აცარიელებდა ამ სცენას და ახლა ზედ თითქმის არაფერია. აქ არ არის ტრადიციული უკანა დეკორაციაც კი, რომელსაც ხიდები და სახლები ეხატა. მაგრამ ვენეცია არის. არის უფრო მეტი ვიდრე ადრე იყო. “ქუჩის სცენები სრულდება ნათელი უკანა დეკორაციის ფონზე, სცენის შორეული კიდე ნავსაბელს ჰგავს, თვით დეკორაცია კი მორუხო ბოლის ტონშია მთლიანად 
_ იგი მოულოდნელად მოცულობას, სიღრმეს, ჰაეროვნებას იძენს და წყნარ ლაგუნას წააგავს, ნისლში გახვეულს. მკრთალად მოციმციმე შორეთში მიმავალი შუქურის ცეცხლები გზის მაჩვენებლები არიან. სცენის სივრცე ფართოვდება, უფრო ღრმა ხდება, უფრო შორეული, უსასრულობაში მიდის, და აი, სამყარო, სადღაც შორს გაწოლილი ახლომყოფიც ხდება და მჭიდროდ დაკავშირებულიც იმასთან, რაც სცენაზე ხდება. ფარული მსუბუქი მელანქოლია, რომელიც ადრეც იგრძნობოდა სპექტაკლში, ახლა წინა პლანზე გამოდის. ეს განსაკუთრებული ძალით ფინალში გამოვლინდა.
კაშკაშებენ რამპის სანთლები. სცენაზეა ყველა მოქმედი პირი. ყოველმა ის მიიღო, რაც სურდა, _ ყველა ბედნიერია. უეცრად ყველაფერი იცვლება, იწყება ჭექა-ქუხილი, უცბად მოვარდნილი ქარი ფოთლებს გაყრის, ელვა ანათებს, მეხის ხმა ისმის. ყველაფერი ელვარებაშია. ყველა ცდილობს, სადმე შეაფაროს ავდარს თავი. ბნელი სილუეტები, დარბიან სცენაზე. ისინი უსხეულო აჩრდილებს ჰგვანან, არარეალურ არსებებს, მოჩვენებებს. ერთი წუთით არლეკინი მარტო რჩება. არ იცის, რა იღონოს და იწყებს სანთლების ჩაქრობას და უცებ შინდება, როცა სიბნელეში აღმოჩნდება. სრულ წყვდიადში, ჩამქვრალი სანთლებისა და ჩამდგარი ქარის პირობებში ძლივს ისმის მისი საბრალო ხმა _ “მიშველეთ!”.
ამ მოულოდნელმა ფინალმა ბევრ რამეზე ჩააფიქრა მაყურებელი _ ცხოვრების წარმავლობაზე და ბედნიერების მოჩვენებითობაზე. საკმარისია ქარის ერთი დაქროლვა და ჩვეული სამყარო შეწყვეტს არსებობას.
მაგრამ სტრელერს ფინალისათვის ყოველთვის ჰქონდა გადამალული მაჟორული ნოტები. სიცოცხლის სიყვარული, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის იმარჯვებს. წარმოდგენა სრულდება. მსახიობები მხიარული ცეკვის რიტმში გამორბიან თავის დასაკრავად. ისმის მაყურებლის ტაში. რაღაც მომენტში ფერუჩო სოლერი ერთი მოძრაობით მოიხსნის ნიღაბს. დარბაზი ამოიოხრებს, სცენაზე დგას ჭაღარით გათეთრებული მოხუცი, რომელიც სულ ახლახანს ხტუნავდა, მალაყს გადადიოდა და ისეთი ახალგაზრდა ჩანდა! მსახიობი იღებს მილოცვებს. ასეთი იყო ფინალი. ამ სპექტაკლმა დატოვა საოცარი შეგრძნება ცხოვრების სისავსის, უმაღლესი ოსტატობისა და დიდ კულტურასთან ზიარების. თავისი სცენური ცხოვრების 50 წლის მანძილზე “არლეკინი” გახდა ბევრად ფართო, ღრმა, იდუმალი. მაგრამ მასში იყო და დარჩა ის, რისი მიცემაც მისთვის მხოლოდ სტრელერს შეეძლო თავისი ჰარმონიის გრძნობითა და ცხოვრების სიყვარულით. Gოლდონი, ამჯერად, წარმოდგა როგორც არა მხოლოდ მხიარული და სიცოცხლისმოყვარე დრამატურგი, არამედ როგორც სერიოზული, ბრძენი, გამჭრიახი და უაღრესად მრავალმხრივ შემოქმედო. ხოლო მისმა დამდგმელმა რეჟისორმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ იგი იყო პირობითიც და ყოფითიც, მკვეთრად თეატრალური და ღრმად ფსიქოლოგიურიც, ხისტი და ზოგჯერ დაუნდობლად სასტიკიც, აგრეთვე ნაზი და მღელვარე. მისთვის დამახასიათებელი აღმოჩნდა ყველაზე “ღვთიური მელანქოლია”, რომელიც ჭეშმარიტ პოეტს ყველასგან გამოარჩევს.
ეს უკვდავი სპექტაკლი თბილისშიც ჩამოვიდა 2010 წელს და ფერუჩო სოლერის ვირტუოზული თამაშით გაოგნდა მაყურებელი. 
დიდი ხნის შემდეგ _ წერს სოლერი _ 1987 წელს, სტრელერმა მითხრა ფრაზა: “ფერუჩო ერთი უცნაური მოვლენა ვერ ამიხსნია, თქვენ ბერდებით, თქვენი არლეკინი კი ახალგაზრდავდება. როგორ ახერხებთ ამას?”  


                        






















Comments

Popular Posts