საახალწლო აფიშა


Walt Disney-ს მუსიკალური ანიმაციური ფილმი „ალადინი“, ჩემი თაობისთვის (90-იანი წლები) ერთ-ერთი საუკეთესო მულტიპლიკაციური ფილმი იყო. 

სულ ახლახანს (2019 წელი) გაი რიჩის მიერ გაკეთებულმა ეკრანიზაციამ გაავსო კინოთეატრების დარბაზები. ამის ერთ-ერთი დამსახურება ალბათ ისიც არის, რომ ჯინის როლს ასრულებს უილ სმიტი. ჩვენი საყვარელი დისნეის ანიმაციის შემდეგ, რთულია მოიწონო ეს ფილმი, თუმცა ნამდვილად აქვს მხატვრული ღირებულება. ბევრი რომ არ გავაგრძელო ფილმზე საუბარი გადავალ უკვე სცენურ ვერსიაზე, რომელიც დიმიტრი ხვთისიაშვილმა და ლევან გვაზავამ შექმნეს მოზარდმაყურებელთა თეატრში ( პრემიერა - 2019 წლის დეკემბერი). 
სიმართლე რომ გითხრათ, სანამ თეატრში მივიდოდი დიდხანს ვფიქრობდი, როგორ უნდა გაეცოცხლებინა რეჟისორს ისეთი რთული სცენები, როგორიცაა ბაზრის სცენა, სადაც ალადინი ქურდობს და დიდი დაბრკოლების მერე სამშვიდობოს გადის პრინცესა ჟასმინთან ერთად; ასევე - გამოქვაბულის, საიდანაც ლამპარი უნდა მოიპაროს; სასახლის სცენა, როცა ალადინი მოაჯირიდან ხტება და მფრინავ ხალიჩას ამოჰყავს პრინცესასთან. რეჟისორმა ეს  სამივე ეპიზოდი მთელი სიზუსტით გადმოიტანა ვიდეო ინსტალაციისა (ლევან გვაზავა) და დეკორაციის (ნინო კიტია) საშუალებით (ამის აღწერას არ დავიწყებ, რადგან სჯობს თქვენ თვითონ ნახოთ). 
მფრინავი ხალიჩა (ქეთი ჩაჩუა), თუთიყუში (ნიკა ფაიქრიძე), მაიმუნი (ანა ზამბახიძე) და მისი უდიდებულესობა ჯინი, ეს ის დასამახსოვრებელი სახეებია, რომლებიც მსახიობებმა გააცოცხლეს. სწორედ ჯინის როლის შემსრულებელია (ლევან გვაზავა) მიუზიკლის ინსცენირების, არანჟირების და თავად პროექტის ავტორი. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქორეოგრაფია (დავით მეტრეველი), რასაც დადებითი ემოცია მოაქვს, განსაკუთრებულია პრინც ალი აბაბუას მეფის კარზე წარმოდგენილი სცენა - ნაირ-ნაირი ფერადი კოსტიუმებით, ცეკვით, სიმღერითა (ქორმაისტერი - ალექსანდრა ლორთქიფანიძე) და მუსიკით.
ეფექტური, მასობრივი სცენები, აღმოსავლური ცეკვები და რაც მთავარია ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი მუსიკა ანიმაციიდან - ეს ის კომპონენტებია, რამაც შეკრა წარმოდგენა და ბავშვებს ნამდვილი ზეიმი აჩუქა.





Comments

Popular Posts