ორთა ბოდვა / კუ და ლოკოკინა



ეჟენ იონესკო - რუმინელი წარმოშობის ფრანგი დრამატურგი, აბსურდის ესთეტიური მიმდინარეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, XX საუკუნის თეატრალური ავანგარდის აღიარებული კლასიკოსი.

აბსურდი რეალობის შიდააზრის უგულებელყოფაა. ადამიანთა ურთიერთობების გროტესკულ-კომიკური დემონსტრაცია, სიცრუე, უმწეობა გარესამყაროს წინაშე,  სიკვდილის გარდაუვალობით გამოწვეული შიში.

ეჟენ იონესკოს პიესა „ორთა ბოდვა“, რეჟისორმა კოკო როინიშვილმა ფესტივალ „მუზარტის“ ფარგლებში, წარმოგვიდგინა კაჭრეთის „ამბასადორის“ ღია სივრცეში. ოთხი პერსონაჟიდან (მოქმედი პირები: ქალი, მამაკაცი, ჯარისკაცი, მეზობელი) რეჟისორი პიესაში ტოვებს მხოლოდ ორს - წყვილს, რომელიც გაურკვეველ ურთიერთობაშია. ვერ ვიგებთ შეუღლებულები არიან თუ არა, ვიცით მხოლოდ მათი წარსული და აუხდენელი ოცნებები. „კუ და ლოკოკინა ერთია“ - ამ აბსურდული, მაგრამ ლოგიკური ნააზრევით იწყებს ქალი (თეკლა ჯავახაძე) კონფლიქტს მამაკაცთან (ირაკლი გოგოლაძე). დაძაბულობა თანდათან მწვავდება და გადადის ოჯახურ ძალადობაში. ამ დროს გარეთ გაჩაღებულია ომი. გაუგებარია ვინ იბრძვის და რატომ. სიმწვანეში გაშლილი თეთრი ნაჭრის კონსტრუქცია სახლის ილუზიას გვიქმნის. გრამაფონი და ტაშტი, რომლებიც კუ და ლოკოკინად იქცევიან; მინიმალური და მნიშვნელობებით დატვირთული დეკორაცია (ბარბარა ასლამაზი) სიმსუბუქის განცდას ტოვებს.

ომი - მეტაფორაა. ურთიერთობის ნგრევასთან ერთად ინგრევა ქალაქიც. აქ არ აქვს მნიშვნელობა გამარჯვებულ მხარეს. ორი დროშა, ორივე წითელი და მწვანე ფონით, ქმნის ომობანას თამაშის ილუზიას - „ბრძოლა მოიგო იმან, ვინც არ წააგო“, „ისინი არ იყვნენ მართლები, იმიტომ რომ დამარცხდნენ“ (სპექტაკლიდან). სინდისის ქენჯნა აწუხებს ორივე პერსონაჟს, ისინი მისტირიან თავიანთ არშემდგარ პროფესიებს თუ ცხოვრებას, მისტირიან თავიანთ ყოფილ მეუღლეებს. განსაკუთრებით ტრაგი-კომიკურია თეკლა ჯავახაძე, როცა ქვითინით და ამავდროულად ირონიით იხსენებს, როგორ მიატოვა თავისი არჩასახული შვილები. არ შეიძლება არ აღინიშნოს ახალგაზრდა ქალბატონის სამსახიობო ოსტატობა, ვფიქრობ მან ძალიან ზუსტად მოახერხა დაეცვა ბალანსი ტრაგედიასა და კომედიას შორის, უამრავი გარდასახვა, ისე რომ არ ამოვარდე კონტექსტიდან, ძალიან რთულია. მას არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს კიმონოში გამოწყობილი ირაკლი გოგოლაძე. სცენაზე იდგეს ორი ადამიანი და გვესაუბრებოდეს იონესკოს ენაზე, აბსურდი გახადოს გასაგები, ძალიან რთულია, მაგრამ როცა დგას ორი პროფესიონალი მსახიობი, რომლებმაც ზუსტად გაუგეს რეჟისორის ჩანაფიქრს, ამოცანა უკვე ამოხსნილია.

მსახიობების გრიმი კუს ჯავშანს მოგვაგონებს. პერსონაჟები თან თითქოს გაბედულები თანაც შეშინებულები ამოფარებულნი არიან ამ ნიღბებს. პათოსის გამოყენება დღეს ძალიან სარისკოა მაყურებელთან. პათოსი ჰეროიკისა და რომანტიკის განუყოფელი ნიშანია და პირდაპრ კავშირშია პოეტურ ექსტაზთან. თავისი მარადიული ღირსების გამო, იგი ზოგიერთ თეატრალურ მიმდინარეობაში გადაიქცა მექანიკური მიბაძვის საგნად და ამის გამო შეიძინა სცენური სიყალბის ნიშნები (მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი 2011წ.), თუმცა რეჟისორმა სწორად მოარგო ეს მექანიზმი სპექტაკლს, რამაც უფრო კომიკური და მომხიბლავი გახადა წარმოდგენა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი მიზანსცენა, რომლითაც კოკო როინიშვილმა ჩემი სათქმელიც თქვა - ირაკლი გოგოლაძის პერსონაჟი მიდის მიკროფონთან, სწევს დაბლა და ამბობს: „აი ეს ვინ მოიგონა მითხარი, ვინ მოიგონა ეს?!“ ამით რეჟისრმა უარყო ხერხი, რომელსაც  ხშირად იყენებენ დღეს ქართულ სცენაზე.

კუც და ლოკოკინაც, ორივე საკუთარ სახლს დაატარებს, ორივე თავდაცვისას ინსტინქტურად იმალება თავის ჯავშანში. გრამაფონის ხმის გამაძლიერებლის ზურგზე მორგებით ირაკლი გოგოლაძე იქცევა ლოკოკინად, ხოლო ტაშტში შემალული თეკლა ჯავახაძე კუს ასახიერებს. ემალებოდე ცხოვრებას ძალიან შემზარავი და სევდისმომგვრელია. იონესკო არ ითხოვს პერსონაჟებისგან გმირობას და არ საყვედურობს მათ, პირიქით თანაუგრძნობს. ადამიანისთვის ხომ ასეთი ბუნებრივია ჩაებღაუჭოს სიცოცხლეს. მთელი სპექტაკლის მანძილზე პერიოდულად ისმის აფეთქებების და სროლის ხმა - „სამი კაცი მოუკლავთ, ერთი - ერთი მხრიდან, მეორე - მეორე მხრიდან, მესამე - ნეიტრალი“ (სპექტაკლიდან), ეს არის ომის სისასტიკე, მეტოქეების და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა. 

ერთი შეხედვით ყველაფერი ბოდვაა, რაც წყვილის ცხოვებაში ხდება - მათი გაუთავებელი კამათი, გადაბრალებები, წყრომა თუ ფიზიკური შეურაცხყოფა არაფრის გამო. უფიქრდები და ხვდები, რომ ჩვენც ასე ვცხოვრობთ, ომიც არაფრის გამო იწყება და რჩება შიში, სიკვდილის შიში. 

“როცა არაფერი ხდება, მაშინ ყველაფერი ხდება“ (სპექტაკლიდან)


ნუცა კობაიძე

Comments

Popular Posts