შავი კომედია

 


„ადამსების ოჯახის“ (ავტორი: მარშალ ბრიკმანი) ქართული ადაპტაციისა და ინსცენირების ავტორი, რეჟისორი და მსახიობი ლევან გვაზავა მოზარდ მაყურებელთა თეატრში განხორციელებული „ალადინის“ შემდეგ გვთავაზობს, ახალ, საინტერესო და მასშტაბურ პროექტს, ენდრიუ ლიპას მუსიკალური ნაწარმოების მიხედვით, მუსიკალურ კომედიას ორ მოქმედებად - „ფრთხილად ადამსები“. 1964 წლის სატელევიზიო სერიალიდან დაწყებული „ადამსების ოჯახმა“ პოპულარობა პოვა მსოფლიოში და დღემდე იქმნება ანიმაციური, თეატრალური თუ კინოვერსიები. დიდი გავლენა მოახდინა ამერიკულ კომიქსებსა თუ ტელევიზიაზე და განიხილება, როგორც გოთური სუბკულტურისა და მისი მოდის შთაგონებად. არც ჰელოუინის დღესასწაული აღარ არსებობს ადამსების პერსონაჟების კოსტიუმების გარეშე.

ამ ნაწარმოების ხსენებაზე, მომენტალურად გვაგონდება ჰიტად ქცეული „საუნდტრეკი“, რომელსაც თითების ტკაცუნს ვაყოლებთ. დიდი იმედგაცრუება იქნებოდა, ეს მუსიკა რომ არ დაეტოვებინა რეჟისორს თავისი გამომხატველი ჟესტით. უმეტესობა ხომ ამის გასახსენებლად მოდის სპექტაკლზე და აი ისიც, მთელი დარბაზი წარმოდგენის მანძილზე რამდენჯერმე გაჟღერებულ ჩვენს საყვარელ მელოდიას შეძახილებით და თითების ტკაცუნებით ჰყვება.

1715 წლიდან მოყოლებული ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, გალავან შემოვლებულ დიდ სასახლეში, საფლავებით გაწყობილ ტერიტორიაზე, მშვიდად ცხოვრობს ადამსების ოჯახი. მდიდარი არისტოკრატული კლანი, რომელიც ოდითგანვე გადმოსახლებულა ესპანეთიდან. მათ უცნაური ტრადიციები აქვთ და გამოირჩევიან წყვდიადის განუმეორებელი სიყვარულით. ოჯახი შედგება გომესი (ლევან გვაზავა) და მორტიშა (ნინო კიკაჩეიშვილი/კატო სარიქაძე) ადამსების, მათი შვილების - ვენსდეი (ანა ზამბახიძე) და პაგსლი (ზუკა ხარაზაშვილი/ლევან ხვთისიაშვილი), ოჯახის ახლო წევრების - ბიძია ფესტერი (რაჯდენ კერვალიშვილი), ბებია, იგივე ბება (ქეთი ჩაჩუა), მსახური ლარჩი (გოგა ბერიძე), მოჭრილი უსახელო ხელისგან - ნივთი (ხელი - ლანა მანაგაძე, ხმა - დავით როსტომაშვილი).

სცენაზე შემოდიან ადამსების გაცოცხლებული წინაპრები (გუნდი, ბალეტი), რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ შეყვარებულ წყვილს დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებაში: მიტოვებული პატარძალი - დეიდა ელექტრა (თაკო ჭანუყვაძე); მეკობრე - კაპიტანი დონ კუკო (დევიდ რეხვიაშვილი); ვამპირი - ბიძაშვილი გრაფი ალფონსო (არჩილ სულაქველიძე); მსუბუქი ყოფაქცევის ჯაზ მოცეკვავე - ლოლიტა მამიდა (სოფო ფერაძე); ოპერის მომღერალი - ნორმა ბიცოლა (მარიამ ჩუხრუკიძე); ტორეადორი - ალბერტო (სანდრო ლელუაშვილი).

გვყავს ასევე სასიძოს - ბეინეკენების ოჯახი: ვენსდეის საქმრო - ლუკას ბეინეკენი (გიორგი ჯიქურაძე); მისი მამა - მელ ბეინეკენი (ზურა ავსაჯანიშვილი), დედა - ალისა ბეინეკენი (ანა მღებრიშვილი). და განყენებული პერსონაჟი - სიკვდილი (ნინო ლეჟავა).

ეს ის შემთხვევაა, როცა პერსონაჟებისა და მათი შემსრულებლების სიის ჩამოწერას ვერ ავარიდებდით თავს. თითოეული მათგანი უჩვეულო სცენური მოძრაობებით, ტემპერამენტით, ვირტუოზული სამსახიობო ტექნიკით გამოირჩევა. ზედმეტი მანერულობა და პათოსი არასდროს მომწონს, თუმცა ამ შემთხვევაში რეჟისორმა საკმაოდ ელეგანტური და კომიკური წარმოდგენა შექმნა. მსახიობების ფიზიკური მოქმედება, მიმიკა, ჟესტი, ტანსაცმელი, გრიმი ავტორის ჩანაფიქრს ამართლებს.

კომედიური ხასიათის მუსიკალურ ნაწარმოებში, რეჟისორი სცენოგრაფის (მხატვარი: ნინო კიტია) დახმარებით გვაჩვენებს ზღაპრულ სამყაროს, თავისი კოსტიუმებით თუ დეკორაციით, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. თანამედროვე ყოფითი სიმღერები და ქორეოგრაფია (ქორეოგრაფი: დათო მეტრეველი) ის გამომსახველობითი საშუალებებია, რომელიც სპექტაკლს კრავს. წარმოდგენაში 16 სიმღერაა, რისი მეშვეობითაც პერსონაჟები გვიყვებიან ამბავს. „შეშინებული სკუპი“, „გაშეშებული გვამი“, „უკანასკნელი ხროტინი“, ტვისტი, ფლამენკო, ტანგო სიკვდილთან - იმ ცეკვების ჩამონათვალია, რასაც სცენაზე ვხედავთ. ტანგო სიკვდილთან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სცენაა. ტრივიალური, თუმცა მაინც ეფექტურია ნახევრად კაცის და ნახევრად ქალის კოსტიუმში გამოწყობილი ნინო ლეჟავა, რომელიც ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს შორის ჩამდგარი ხან ერთს ეცეკვება, ხან მეორეს.

კუბიდონის ქანდაკება ადამსების სახლის ცენტრალურ ნაწილში დგას. შეყვარებული ვენსდეი არბალეტით ხელში კი მისი ანალოგია. ერთ-ერთი მითის თანახმად კუპიდონს (სიყვარულის ღმერთი) უყვარდება ადამიანი, რისი წინააღმდეგიცაა მისი დედა და მოუვლენს მთელ რიგ განსაცდელს ამ ურთიერთობის დასანგრევად. საბოლოოდ სიყვარული იმარჯვებს და კუპიდონის დედა ოჯახის წევრად იღებს შვილის სატრფოს. იგივე ხდება აქაც, ოღონდ რეჟისორი ცვლის როლებს - ვაჟკაცური და გამბედავი ქალი იბრძვის საქმროსთვის, არაფრის ეშინია, არბალეტით ამაყად დაიარება თავის სამფლობელოში. მისი სატრფო კი პირიქით - მშიშარა, დედაზე ჩამოკიდებული ბიჭია.

გრიმი არის გარეგნული გარდასახვის ერთ-ერთი ფორმა, რაც მთავარ როლს ასრულებს ამ კონკრეტულ სპექტაკლში. ის მსახიობებს მაქსიმალურად ეხმარება პერსონაჟის ბუნების გახსნაში და მაყურებელიც სწორად შეიგრძნობს მათ მიერ განხორციელებულ მხატვრულ სახეს.

რეჟისორი ლევან გვაზავა ქართული თეატრალური სივრცისათვის ახალ სანახაობას გვთავაზობს. მიუხედავად ქრონომეტრაჟისა, სპექტაკლი არ გღლის - პირიქით. თუმცა მაინც მომხრე ვარ, რომ რამდენიმე სცენა შემოკლდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ წარმოდგენას უფროსებთან ერთად მოზარდებიც ესწრებიან.

 გირჩევთ გახდეთ ამ სანახაობის თანამონაწილე.

Comments

Popular Posts