პირველად ქართულ სცენაზე - ლორან ბაფის „ტოკ-ტოკ“
ილიაუნის თეატრი
რეჟისორი
- დავით ჩხარტიშვილი
თარგმნა
- ვალერი ოთხოზორია
მხატვარი
- ლევან კვარაცხელია
მუსიკა
- ანი ზაქარეიშვილი
მონაწილეობენ
:
მარი - ნანა ბუთხუზი; ლილი - ქეთი ლუარსაბიშვილი; ბლანში - ანა მატუაშვილი;
ბობი - გიგი
ქარსელაძე; ვენსანი - ცოტნე მეტონიძე; ფრედი - გიორგი ცერცვაძე.
დავით ჩხარტიშვილის შემოქმედებაში ფრანგულ დრამატურგიას
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გახმაურებული ტრაგიკული ტრილოგიის ფლორიან ზელერის:
„ვაჟიშვილის“, „მამის“ და „დედის“ შემდეგ რეჟისორი თანამედროვე ფრანგი დრამატურგის
ლორან ბაფის კომედიით, „ტოკ-ტოკით“ გვიბრუნდება. თუ ზელერის პიესებში მთავარი ადამიანური
ურთიერთობები და განცდებია, ბაფის ნაწარმოებში ეს თემები იუმორისა და აბსურდული სიტუაციების
საშუალებით იშლება. განსხვავებული ჟანრის მიუხედავად, ორივე შემთხვევაში ყურადღების
ცენტრში ადამიანია, თავისი მძიმე ყოფით.
თეატრალური ნაწარმოების შეფასებისას მთავარი არა დრამატურგიული
ტექსტის შინაარსი, არამედ ის მხატვრული მთლიანობაა, რომელსაც რეჟისორი სცენაზე ქმნის.
„ტოკ-ტოკში“ ექვსი პერსონაჟის აკვიატებები და იძულებითი ქცევები კომიკური სიტუაციების
საფუძველია. ფსიქოთერაპევტის დაგვიანებით გამოწვეული ლოდინი განსხვავებული ობსესიების
მქონე გმირებს ერთმანეთის პირისპირ აყენებს და ერთ სივრცეში აქცევს.
ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვანია ახალი დრამატურგის
აღმოჩენა და ისეთი ჟანრების მიმართ ინტერესის გაჩენა, რომლებიც ჩვენს სცენაზე იშვიათად
გვხვდება. კომედია მხოლოდ სახალისო ტექსტი და სასაცილო სიტუაციები არ არის. ის მოითხოვს
მსახიობისგან ზუსტ აქცენტებს და ზომიერებას. დავით ჩხარტიშვილის რეჟისორული გადაწყვეტის
შეფასებისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რამდენად გარდაიქმნება ცალკეული
კომიკური ეპიზოდი მხატვრულ მთლიანობად. წარმოდგენაში, ერთი მხრივ, გმირების აკვიატებები
და იძულებითი ქცევები სასაცილო სიტუაციებს ქმნის, მეორე მხრივ კი, ეს ქცევები მუდმივი
შფოთვისა და დაძაბულობის გამოხატულებაა. სწორედ ამ კონტრასტში ჩნდება პიესის უფრო სერიოზული
შინაარსი: მაყურებელი მხოლოდ პერსონაჟების უცნაურ ქცევებზე კი არ იცინის, არამედ თანდათან
ეცნობა იმ სირთულეებსაც, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს.
სცენაზე მინიმალისტური საოფისე გარემო გვხვდება. არც
მუსიკა და განათება გამოირჩევა დიდი მხატვრული გადაწყვეტით, რომელიც სპექტაკლის ატმოსფეროს
შექმნის. ეს კომპონენტები ძირითადად ფუნქციურ
დანიშნულებას ასრულებს. წარმოდგენის ძირითადი გამომსახველობითი ძალა მსახიობების თამაშზე
და კომიკური სიტუაციების განვითარებაზეა აგებული. მნიშვნელოვანია, რამდენად ახერხებენ
ისინი საკუთარი პერსონაჟის ქცევითი თავისებურების სცენურ მოქმედებად გარდაქმნას.
ამ მხრივ, ფრედის როლის შემსრულებელი გიორგი ცერცვაძე
ყველაზე შთამბეჭდავია. მსახიობი პერსონაჟის კომიკურ ბუნებას ზუსტად შერჩეული ხასიათითა
და მთელი სერიოზულობით გადმოსცემს. ფრედის მოულოდნელი, სოციალურად შეუფერებელი გამონათქვამები,
უნებლიე მოძრაობები და გამოკვეთილი ჟესტიკულაცია კომიკურ სიტუაციებს ქმნის, რასაც მსახიობი
გაზვიადების გარეშე ახერხებს. სწორედ ამ ბალანსში იკვეთება მისი ოსტატობა: ფრედი სასაცილოა,
ის ზუსტად გადმოსცემს პერსონაჟის თავისებურებას. ცოტნე მეტონიძის გმირის ქცევას განსაზღვრავს
გამუდმებული, აკვიატებული თვლა და სანაგვიდან ნივთების შეგროვება. მსახიობი ამ დეტალებს
როლის ჩამოყალიბებისთვის იყენებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ფრედი და ვენსანი ხვდებიან
ერთმანეთს სპექტაკლის დასაწყისში, სწორედ მათზეა დამოკიდებული რამდენად გაყვება მაყურებელი
ამბავს, რომელსაც რთული ამოცანა აქვს დასახული - გააცინოს და თან დააფიქროს აუდიტორია.
კომიკური სცენები არა მხოლოდ კონკრეტული მოქმედებით, არამედ პარტნიორის რეაქციითა და
მათ შორის წარმოქმნილი პაუზით იქმნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად გრძნობენ მსახიობები
ერთმანეთს და რამდენად ორგანულად აგრძელებენ ერთმანეთის მიერ დაწყებულ მოქმედებას.
ბლანში (ანა მატუაშვილის) თავისი ისტერიკული სისუფთავით
იქცევს ყურადღებას. ყველა ნივთს ასტერილებს
მის გარშემო, ადამიანებსაც კი. მსახიობი განმეორებად მოქმედებებს განსხვავებული კომიკური
შეფასებებით გადმოსცემს. რაც შეეხება ბობის (გიგი ქარსელაძე) -თავიდან საკუთარ პრობლემას
უარყოფს, თუმცა მისი ქცევა საპირისპიროს გვიჩვენებს. პერსონაჟის აკვიატება განსაკუთრებით
თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც სივრცეში გადაადგილება ან საგნების განლაგება მისთვის
დაბრკოლებად იქცევა. მსახიობები თავიანთი პერსონაჟების ობსესიებს კონკრეტული სცენური
მოქმედებებით გამოხატავენ.
მარი რელიგიურ რიტუალებსა და მუდმივ შფოთვაშია მოქცეული.
ნანა ბუთხუზი ზუსტად თამაშობს გმირს, რომლისთვისაც ყოველდღიური მოქმედებები მუდმივი
ეჭვისა და გადამოწმების მიზეზია. ქეთი ლუარსაბიშვილი ასრულებს ლილის როლს, რომელიც
ექოლალიით არის შეპყრობილი. მას ხშირად უწევს ერთი და იმავე წინადადების ორჯერ წარმოთქმა.
ეს ქცევა მისთვის უბრალო ჩვევა არ არის - ეშინია, რომ გამეორების გარეშე შესაძლოა,
რაღაც ცუდი მოხდეს, შფოთავს. ერთი პერსონაჟის აკვიატება ხშირად მეორისთვის დაბრკოლებად
იქცევა, რაც სპექტაკლს დინამიკურს ხდის. ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად საკუთარ
პრობლემებში არიან ჩაკეტილნი, თანდათან ერთმანეთის მდგომარეობის მიმართ ინტერესს იჩენენ.
აღსანიშნავია მარის კრიზისის ეპიზოდი, როდესაც დანარჩენი პერსონაჟები მის დასახმარებლად
ერთიანდებიან და საკუთარი ქცევითი შეზღუდვები დროებით უკანა პლანზე გადააქვთ.
სპექტაკლის ტემპორიტმი ნელდება და მოსაწყენიც კი ხდება
პერსონაჟთა პირადი ისტორიების მონაკვეთში, როდესაც ისინი ავანსცენაზე გადმოდიან და
საკუთარ ტრაგიკულ ამბებზე იწყებენ საუბრს. თუმცა ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანია, რადგან
ვიგებთ თუ რამ განაპირობა მათი ობესურ-კომპულსიური აშლილობები (პიესის ორიგინალური
ფრანგული სათაური - „Toc Toc“ სამედიცინო ტერმინის Troubles obsessionnels
compulsifs აბრევიატურაა, რაც ქართულად ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობებს ნიშნავს).
დავით ჩხარტიშვილის რეჟისორულ გადაწყვეტაში მთავარი
აქცენტი მსახიობებზეა გადატანილი. მნიშვნელოვანია, როგორ ვითარდება ეს ეპიზოდები, როგორ
უკავშირდება ერთმანეთს და რამდენად ინარჩუნებს სპექტაკლი მაყურებლის ინტერესს. რეჟისურის
ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კომიკურ და დრამატულ ეპიზოდებს შორის ისეთი ბალანსის პოვნაა,
რომელიც პერსონაჟთა შინაგან მდგომარეობებსაც წარმოაჩენს და სპექტაკლის რიტმსაც შეინარჩუნებს.
შესაძლოა, პერსონაჟებში საკუთარი თავი ან თქვენს გარშემო
მყოფი ადამიანები ამოიცნოთ. გაიცინებთ მათ უცნაურობებზე, დაფიქრდებით და კიდევ ერთხელ
დარწმუნდებით, რომ ერთმანეთის მოსმენითა და გვერდში დგომით ყველაფერი დაძლევადია.
ნუცა კობაიძე



Comments
Post a Comment