როჟე ვიტრაკი (1899-1952)


ფრანგი დრამატურგი, პოეტი, პროზაიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, სიურეალისტი, იყო ბრეტონის ჯგუფის აქტიური წევრი 1920-იან წლებში. მან, იმ დროს როცა ჯარში სამსახურს გადიოდა, გაიცნო მაქს მორიზი, რენე კრეველი და ჟაკ ბარონი, რომელთანაც მას აკავშირებდა პოეზიისა და ავანგარდის კულტურის მიმართ საერთო ინტერესი. 1921 წელს მან მარსელ არლანთან ერთად დააარსა ჟურნალი „ავანტიურა“ (“Aventure”, N1-3, 1921 ნოემბერი - 1922 იანვარი), რომელსაც უნდა წარმოედგინა „ყველაზე თანამედროვე ტენდენციები ფრანგულ ლიტერატურაში“. ამ ჟურნალში აქვეყნებს იგი თავის პირველ პიესას - ერთაქტიან ფარსს „მღებავი“ (“Le peintre”, იანვარი, 1922, N3). 
ბრეტონთან და ლუი არაგონთან შეხვედრის შემდეგ იგი იწყებს ჟურნალ „ლიტერატურაში“ ბეჭდვას (პიესები: „მადმუაზელ საფარი“, „Mademoiselle Piege, 1922, N5; „საწამლავი“, “Poison”, 1923, N8). იგი აქტიურად მონაწილეობს ბრეტანის ჯგუფის გამოსვლებში, რომლებიც იმართებოდა სკვერში, რომელიც სენ-ჟიულიენ-ლე-პოვრის ეკლესიასთან არსებობდა. შემდეგ ბრეტონის ჯგუფთან ერთად გატაცებულია ჰიპნოზური სიზმრებით, რამაც ასახვა ჰპოვა სტატიაში „ღია ოთახი“ (“Chambre ouverte”, 1923). 1923 წელს იგი მიემგზავრება სოლონს სიურრეალისტურ „ინიციაციონურ მოგზაურობაში“. სიურრეალიზმის პირველ მანიფესტში ბრეტონი ვიტრაკს ახსენებს მათ შორის, ვინც შეასრულა „აბსოლუტური სიურრეალიზმის აქტი“. ამავე დროს ბრეტონი რეკლამას უკეთებს ვიტრაკის პიესას „სიყვარულის საიდუმლოებანი“, როგორც სიურრეალისტური დრამის ნიმუშს.
პოლ ელუართან და ჟაკ-ანდრე ბუაფართან ერთად, ვიტრაკი წერს ჟურალ „სიურრეალისტური რევულუციისთვის“ წინასიტყვაობას, 1924-სა და 1925 წლებში იგი ხელს აწერს სიურრეალისტთა ყველა კოლექტიურ გამოსვლას. ამავე პერიოდში გამოსცემს თავისი ლექსების პირველ კრებულს - „ლირა-შეშლილობა“, რომელიც მთლიანად აგებულია სიტყვათა დახვეწილ თამაშზე.
როგორც ჟაკ ბარონი თავის მოგონებებში წერდა, იმხანად ვიტრაკის ფილოსოფიური და პოეტური ინტერესები ბრეტონის იდეებთან აბსოლუტურ რეზონანსში იყო: „ თავიდან ბრეტონი და ვიტრაკი ავლენდნენ საერთო ინტერესებს, ისინი, ორივე საშინლად გატაცებული იყვნენ ეზოთერული ნაწარმოებების კითხვითა და „სიტყვის ალქიმიით“, ორივენი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შემთხვევით შეხვედრებს - ობიექტური შემთხვევების ნიშნებს. აქ საქმე არ იყო ბრეტონის გავლენაში, ეს ინტერესები ვიტრაკს ბრეტონთან შეხვედრამდე ჰქონდა.
1920 წლის შემოქმედება განმსჭვალულია ღრმად ეგზისტენციალური იდეით, რომლის სათავე შეიძლება დავუკავშიროთ სიურრეალისტთა ანარქიულ ამბოხს. ვიტრაკის ფიქრების ცენტრში დგას სიკვდილი: სასიკვდილო რისკი მოწოდებულია გახსნას ჭეშმარიტება. მისი ყველაზე არსებითი ნაწარმოებები, დაწერილი 20-იან წლებში, დაკავშირებულია გლობალური ნგრევა-განადგურების იდეასთან.
1926  წელს გამოდის ვიტრაკის პროზაული წიგნი „სიკვდილის შეცნობა“ („Connaissence de la mort”). უფრო ადრე, 1924 წელს მას სურდა შეექმნა „ხანძრის თეატრი“, რაზეც ლაპარაკობს ლ.არაგონი თავის ტრაქტატში „ოცნებათა ტალღა“: „მაგია არ არის საიდუმლო ვიტრაკისთვის, რომელიც ამზადებს „ხანძრის თეატრს“, სადაც კვდებიან თითქოს ტყეში“. და სიურრეალისტებისათვის საყვარელი სიზმრების ინტერპრეტაციას იძლევა სიკვდილის ჭრილში: „სიზმარი - სიკვდილის სწავლაა. სიზმრები წმიდათაწმიდაა“. მიუხედავად ფროიდის იდეების დიდი პოპულარობისა სიურრეალისტთა შორის, ვიტრაკი ყოველთვის ახდენდა მისთვის ამ იდეათა მიუღებლობის დემონსტრაციას. სიზმრების ფროიდულ ანალიზთან შედარებით, იგი აშკარა უპირატესობას ანიჭებდა სიურრეალისტთა ოკულტურ ინტერპრეტაციას, რის შესახებაც თავად წერს სტატიაში „ანდრე ბრეტონი“ („Andre Breton”, 1924).
ვიტრაკი ამუშავებდა ახალი „თანამედროვე“ იუმორის კატეგორიას და ცდილობდა შეედგინა ამ პრობლემისადმი მიძღვნილი ანკეტა. 1927 წელს იგი ამ თემას წყვეტს, ასე ვთქვათ, „ლირიკულად“ პოეტურ კრებულში „იუმორისტულები“ (“Humoristiques”).
არტო მან გაიცნო ბრეტონის ჯგუფში და სიურრეალისტების ხშირი სტუმარი გახდა. ისინი თავს იყრიდნენ ბლომეს ქუჩაზე (მასონი, მირო, ლეირისი, ტიუალი, სალაკრუ). არტო და ვიტრაკი - ორივენი გატაცებული იყვნენ თეატრით და ემზადებოდნენ საკუთარი თეატრის შესაქმნელად, რასაც სრულებითაც არ მიესალმებოდა ბრეტონი. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ 1926 წლის შემოდგომაზე ისინი იწყებენ ალფრედ ჟარის მომავალი თეატრის მანიფესტების გამოშვებას. ბრეტონი დაემდურა ვიტრაკსა და საჯაროდ გააძევა იგი თავისი ჯგუფიდან. 1928 წელს მოხდა მათი ხანმოკლე შერიგება, რომელიც დამთავრდა ახალი განხეთქილებით და ბრეტონმა იგი უხეშად გალანძღა „სიურრეალიზმის მეორე მანიფესტში“, ხოლო ვიტრაკმა უპასუხა კოლექტიური პამფლეტით „გვამი“.
ვიტრაკის, არტოსა და რობერ არონის მიერ შექმნილი „ალფრედჟარის თეატრი“ (1926-1929) პირველი დიდი სცენის მოედანი გახდა ვიტრაკის ისეთი პიესების დასადგმელად როგორიც იყო „სიყვარულის საიდუმლოებანი“ და „ვიქტორი ანუ ბავშვები ხელისუფლებაში“ (არტოს დადგმა). ვიტრაკი აქტიურად მონაწილეობდა თეატრის თეორიულ მანიფესტებში, რომლებსაც იგი არტოსთან ერთად წერდა. ალბათ სწორედ ვიტრაკს ეკუთვნის უკანასკნელი ბროშურა „ალფრედჟარის თეატრი და საყოველთაო მტრობა“ („Le teatre Alfred Jarry et l’hostilite publique” 1930), სადაც შეჯამებულია ამ ავანგარდული თეატრის თეორიული და პრაქტიკული შედეგები. აღნიშნული თეატრი ახლოს იყო სიურრეალიზმთან - კერძოდ, ონორიული თემატიკით, განსაკუთრებულად „სასტიკი იუმორით“.შემთხვევითობისადმი მისტიკური ინტერესით. მის პიესაში „თავისუფალი შესასვლელი“ (“Entrée libre”, 1922) გათამაშებულია სიზმრების თემატიკა, რომლითაც გატაცებული იყვნენ იმ პერიოდში ბრეტონის ჯგუფში; პიესაში „საწამლავი“ თორმეტი სურათიდან თითოეული თავისებურ, არატრადიციულ ინტერპრეტაციას მოითხოვს, ხოლო მთლიანობაში მთელი სპექტაკლი, თუკი დაიდგმებოდა, იქნებოდა სხვადასხვა სცენურ ექსპერიმენტთა დემონსტრაცია, რაც იქნებოდა საინტერესო უფრო მეტად რეჟისორული წვრთნის თვალსაზრისით, ვიდრე მაყურებლის თვალსაზრისით.
პიესას “სიყვარულის საიდუმლოებანი“ როჟე ვიტრაკი „სიურრეალისტურ დრამას“ უწოდებდა. ანდრე ბრეტონი 1924 წელს პირველი „სიურრეალიზმის მანიფესტის“ დაწერისას მას სიურრეალიზმის სანიმუშო ნაწარმოებებს მიაკუთვნებდა.
იგი პირველად გამოქვეყნდა 1924 წელს გამომცემლობა „ლა ნუველ რევიუ ფრანსეზის“ მიერ, „სიყვარულის საიდუმლოებანი“ დიდი დრამაა, მასში ორმოცამდე პერსონაჟი მონაწილეობს, რომლებსაც ერთიმეორეში გარდასახვის უნარი აქვთ. პიესის მთავარი გმირები - პატრისი და ლეა, ან საყვარლების ან არადა ცოლქმრის წყვილია. პიესა შედგება სასიყვარულო ამბების, ძალადობისა და ღალატის ამსახველი სურათების, ნამდვილი ბავშვებისა თუ მათი შემცვლელი თოჯინების მკვლელობის სცენებისგან. სცენაზე გამოდის თვითონ ავტორი და ახორციელებს თეატრალურ თვითმკვლელობას. 1925 წელს არტო „ლა ნუველ რევიუ ფრანსეზში“ აქვეყნებს რეცენზიას, სადაც დაბეჯითებით ამტკიცებს პიესის „მაგიურ“ არსს, რომელშიც ხდება „გრძნობების, შეგრძნებების, მოქმედების ძვრა - ძვრა,ჩვეულებრივი ადამიანური მნიშვნელობით, ეს ცხოვრებისეული მაგიაა... „სიყვარულის საიდუმლოებანი“ – სიყვარულის ალქიმიაა“. პიესის ავტორი საყოველთაო დამანგრეველია და ძალადობაც მეფობს არამარტო პიესის თემატიკაში, რომელიც შეიძლება განხილული იყოს როგორც ადამიანებზე ზემოქმედების სურვილით შექმნილი ვარიაციების კატალოგი, არამედ არტოს თქმის არ იყოს, „ავტორი აცხადებს, რომ დრამატული ხელოვნების არსი იმაშია - ხალხი ჩააგდოს გარკვეული აგზნების მდგომარეობაში, და იმ მომენტში, როცა პუბლიკას ეჩვენება, რომ თითქოს ყველაფერი გაიგო, ის უმტკიცებს მას მკვეთრად საპირისპიროს“.
1927 წელს „ალფრედ-ჟარის თეატრის“ სცენაზე პირველად იყო ნაჩვენები ამ პიესის სამი სურათი (დადგმა - არტოსი, დეკორაცია - ჟანა დე ბოშერის, როლებში: ჟენიკა ატანაზიუ, ჟაკლინ ოპსეინი, ჟან მამი, ედმო ბოშანი, რაიმონ რულო, რენე რეფევრი).
არტოს და ვიტრაკის ბროშურაში „ალფრედ-ჟარის თეატრი და საყოველთაო მტრობა“ მოცემულია „სიყვარულის საიდუმლოებანის“ დახასიათება, სადაც ეგზისტენციალური პრობლემები შერწყმულია „ოცნების“ განხორციელების ამოცანასთან: „ამ ირონიულ ნაწარმოებში სცენური ხორცშესხმა პოვა შფოთვამ, ორმაგმა მარტოობამ, დანაშაულებრივმა ფარულმა აზრებმა, შეყვარებულთა ეროტიზმმა. პირველად იქნა თეატრში განხორციელებული რეალური ოცნება“.
მოგვიანებით, 1948 წელს, თავისი დრამატურგიის სრული კრებულის გამოცემისას, ვიტრაკი ადარებდა თავის პიესას ქვიშის საათს, რომელშიც ერთი ნახევარი წარმოადგენდა „ცხოვრებას“ („დღე“), მეორე კი - „სიზმარს“ („ღამე“): „ცხოვრება თითქოს სიზმარია... სიზმარი - თითქოს ცხოვრება... მუდამ ტრიალში მყოფი დღე-ღამის ქვიშის საათი“.
ვიტრაკი პიესას „სიყვარულის საიდუმლოებანი“ უწოდებდა „მეტაფიზიკურ ვოდევილს“, რითაც ავლენდა ბულვარულ თეატრთან კავშირს და „აბსტრაქტული“ არსის არსებობას დრამაში. ერთი მხრივ „ბულვარული“ დასაწყისი, პაროდირებული სახით, მთლიანად წარმოადგენს სიურრეალისტური დრამატურგიის განუყოფელ ნაწილს. მეორე მხრივ, ვიტრაკი ამით განსჭვრეტს თავის გვიანი პერიოდის შემოქმედებას, სადაც სიურრეალისტური საოცრებიდან ის გადავა უფრო ტრადიციულ თეატრალურ ფორმებზე.
პიესის მეტად გართულებული კონსტრუქცია სცენისთვის მას პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის, რაც შესნიშნავად ესმოდა ვიტრაკს, რომელიც უხეიროდ თვლიდა მას და არც გამოაქვეყნა თავისი დრამატურგიული კრებულის პირველ ტომში. მაგრამ ეს არ აკნინებს ამ ნაწარმოების ისტორიულ მნიშვნელობას, როგორც საკითხავი ტექსტისა, ისე როგორც სიურრეალისტური დრამის ნიმუშისა.
ვიტრაკი 20-იანი წლების ადრეულ პიესებში ბულვარული თეატრის პაროდირებას ახდენდა, მაგრამ, ამავე დროს, აქტიურად სარგებლობდა ამ თეატრის ხერხებით, სრული სიცხადით გამოჩნდა მის პიესაში „ვიქტორი ანუ ბავშვები ხელისუფლებაში“ (“Victor ou les enfant au pouvouare”, 1928). პიესის ბევრი დამახასიათებელი ნიშან-თვისება მომდინარეობს სიურრეალიზმის ესთეტიკიდან. ფრანგ სიურრეალისტთა მთელი დრამატურგიული შემოქმედებითი წრიდან მხოლოდ ეს ერთი შევიდა მსოფლიო თეატრის რეპერტუარში.
პიესა დაიწერა სპეციალურად „ალფრედ-ჟარის თეატრისათვის“, სადაც იგი წარმოდგენილი იყო 1928 წლის 24-სა და 29 დეკემბერს და 1929 წლის 5 იანვარს (დადგმა განახორციელა არტომ. თამაშობდნენ: მარკ დარნო (ვიქტორი), რობერ ლე პლონი, ელიზაბედ ლონე, ედიტ ფარნეზი, ჟანა ბერნარი, ოგიუსტ ბოვერი, ჟერმენა ოზლერი, მაქსიმ ფაბერი, დომენიკა ბლაზი, მაქს დალბანი). „სიყვარულის საიდუმლოებათაგან“ განსხვავებით, რომელიც საკითხავი პიესაა, „ვიქტორი“ შექმნილია თეატრალური ფიცარნაგების (სცენების) მოთხოვნათა შესაბამისად. პიესა არ არის მოკლებული კლასიკურ ნიშან-თვისებებს - მასში დაცულია მოქმედების (მოქმედება პარიზში ხდება პომელის ოჯახის ბინაში), დროისა (1909 წლის 12 სექტემბრიდან შუაღამემდე) და ამ მოქმედების ერთიანობა, რომელშიც მონაწილეობს მსახიობთა მცირე (თორმეტი) რაოდენობა: სიმეტრიულ ადიულტერთა წყალობით, ისინი წარმოადგენენ ერთ დიდ ოჯახს (Adultere - ცოლქმრული ღალატი, ორგულობა). პიესის, რომელიც ბურჟუაზიული დრამის სამი აქტისგან შედგება (როგორც მას ვიტრაკი უწოდებდა), მოქმედება ხდება 9 წლის ვიქტორ პამელის დაბადების დღეს, რომელიც ავლენს ნაადრევ სექსუალურ მომწიფებას და საკუთარ ბონა ლილის არ ასვენებს (ფრ.bonne - ძიძა, რევოლუციამდელ რუსეთში უცხოელი ქალი - პატარა ბავშვების აღმზრდელი). როცა მასთან სტუმრად მიდის, ოჯახის მეგობრის შვილი, ესტერ მანიუ, ირკვევა რომ ბავშვების მშობლები ერთმანეთს ღალატობდნენ და ესთერი ვიქტორის დაა. ბავშვები გადაწყვეტენ შური იძიონ და მშობლებს ჰამლეტისეულად უწყობენ „სათაგურის სცენას“. ამის შედეგად ანტუან მანიუ თავს იკლავს, ვიქტორიც (ყოველგვარი მიზეზის გარეშე) კვდება და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს მისი დედა და მამაც. ლილი აჯამებს სიტუაციას: „ეს ხომ ნამდვილი დრამაა!“. ამ სიტყვებში ისმის ბოროტად გამქირდავი ნოტი, ტრაგედია ხომ გათამაშდა რაღაც უცნაურად „გიჟურად“ და სრულიად არასერიოზულად, რასაც ხაზს უსვამს იდა მორტემარის - მომხიბლავი ქალის ნახევრად კომიკური ფიგურა, იგი გამოჩნდება თუ არა სცენაზე, მაშინვე „ბუქსა და ქარს“ აყენებს. იდა მორტემარი სიმბოლური პერსონაჟია, იგი ახორციელებს ქვეცნობიერს, რეალობასთან კავშირგაწყვეტილს, ასევე - სიკვდილს, რასაც მიუთითებს ფრანგული სიტყვა „La mort” – „სიკვდილი“, „მორტემარი“ იდას გვარში.
პიესის სიურრეალისტურ წარმოშობაზეა ლაპარაკი არტოსა და ვიტრაკის წიგნში „ალფრედ-ჟარის თეატრი და საყოველთაო მტრობა“ (1930): „ეს დრამა, რომელიც ადგილ-ადგილ - ლირიკულია, ადგილ-ადგილ სწორხაზოვანი, მიმართულია ბურჟუაზიული ოჯახის წინააღმდეგ, აქ თავმოყრილია ყველა ნეგატიური ფაქტორი: ადიულტერი, ინცესტი, უხამსობა, ბრაზი, სიურრეალისტური პოეზია, პატრიოტიზმი, სიგიჟე, სირცხვილი და სიკვდილი“. არტო თავის მსჯელობაში ვიტრაკის შესახებ ბევრ რამეში ეთანხმება სიურრეალისტურ ესთეტიკასა და იდეოლოგიას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსჯელობს იუმორზე, შეშლილობაზე, ეროტიზმზე. „ვიქტორი“ - წერდა არტო - „ტიპობრივად იუმორისტული პიესაა, თუ სიტყვა „იუმორს“ დავუმატებთ მთელ მის გამანადგურებელ ძალას, სისასტიკის ყველა შესაძლებლობას“. როგორც არტო აღნიშნავდა, ბავშვები გვევლინებიან განსაკუთრებით შესანიშნავებად და შეშლილებად, მაგრამ ყოველთვის ჭეშმარიტი სამყაროს განმახორციელებლებად. „ბავშვები, ამბობდა არტო, თავიანთი ცნობისმოყვარეობით, იწვევენ შეშლილობას, სიყვარულს, პოეზიას, სიკვდილს, შიშს: საერთოდ, მისტერიას“.
1946 წელს პიესა დადგა მიშელ დე რემ, 1950 წელს - როჟე პლანშომ, 1962 წელს - ჟან ანუემ; 1960-იანიდან დაწყებული, ის პერიოდულად იდგმება მსოფლიოს სცენებზე. 1990-იანი წლების დასაწყისში „ვიქტორი“ იდგმებოდა მოსკოვის სატირის თეატრში.





Comments

Popular Posts