ივონა, ბურგუნდიის პრინცესა


პიესაში „ივონა, ბურგუნდიის პრინცესა“ გომბროვიჩმა ახლებურად გაიაზრა „კონკიას“ ცნობილი სიუჟეტი და შექმნა პიესა, რომელშიც გააერთიანა მისთვის საყვარელი ჟანრები - გროტესკი, ტრაგიფარსი და პაროდია. გომბროვიჩმა ზღაპრის ფორმით  გადმოსცა ხელისუფლების სისასტიკე, ძლიერი ხალხის უნარი გაანადგუროს თავისზე სუსტი, არა იმიტომ, რომ იგი რამეს აშავებს, არამედ უბრალოდ, უსაქმურობის გამო, გართობის მიზნით. 

ბურგუნდიის სამეფო ოჯახის მემკვიდრე პრინცი ფილიპი სეირნობისას შეხვდება გოგონას, რომელიც არავის ჰგავს, უცნაურად იქცევა და თითქმის არ ლაპარაკობს. ფილიპი გადაწყვეტს აჩვენოს გაკვეთილი თავის ქარაფშუტა მეგობრებს- „თუ როგორ უნდა ხუმრობა“, და საცოდავ შეუხედავ, ავადმყოფ გოგონას გამოაცხადებს თავის საცოლედ. ივონა მალე იქცევა პრინცის მშობლების, სამეფო კარის მომსახურე პერსონალის, საქმროს მეგობრებისა და ბოლოს პრინცის სიძულვილის საგნად. მისი დაუცველობა იწვევს გარემომცველების აგრესიას, მისი შეუხედაობა - სისასტიკის პროვოცირებას, ხოლო მისი მუდმივი მდუმარება არის გზა სიკვდილისკენ. მეფეს უნდა საძულველი სარძლოს დახრჩობა, დედოფალს - მისი მოწამვლა. თვითონ პრინცი თავის მეგობრებთან ერთად დანით და ნაჯახით შეიარაღებული ყარაულობს ივონას, საძინებლის კართან. ბოლოს, მსახური  ივონას პატივსაცემად საზეიმო სადილის დახვეწილ გეგმას მოიფიქრებს. ძირითად კერძად არჩეულ იქნა კარჩხანა, რომლის ფხაც თუ გადასცდა ადამიანს, მაშინვე კლავს.ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ ავადმყოფურად მორიდებული ივონა აუცილებლად დაიხრჩობა, მით უფრო, როცა მისი თეფშის ყურებას დაიწყებს მთელი სამეფო კარი.
სისასტიკის თემაზე აგებული ეს პიესა, ბევრი მსჯელობის საშუალებას გვაძლევს. პირველ რიგში - რატომ შეიძლება იწვევდეს ადამიანებში ამხელა აგრესიას უსუსური, დაუცველი ადამიანი, რომლის არსებობა უმნიშვნელო და შეუმჩნეველია. ნუთუ ამ მდგომარეობით შეიძლება სხვაში სინდისის ქენჯნა გააღვიძო და ვინმეს დაანახო, რა ადამიანები არიან ისინი? შეიძლება მოვლენებმა შემდგომ ზუსტად იგივე განვითარება პოვონ,  რაც ივონას შემთხვევაში და დადგეს განაჩენი - სიკვდილი.
როცა თევზი, ჩიტი ან ცხოველი არ ჰგავს სხვებს, მას აუცილებლად ანადგურებენ მეზობლები. ყვავები აუცილებლად ჩაუნისკარტებენ თეთრ ყვავს... გომბროვიჩის ფილოსოფიურ იგავს  ეს გუნდური კანონები ადამიანთა საზოგადოებაშიგადმოაქვს. მოქმედების ადგილი არის ყველგან, მოქმედების დრო - ყოველთვის.
„მისი პიესა აგებულია როგორც ჭადრაკის ეტიუდი, რომელშიც სვლების ზუსტ რაოდენობას მივყავართ შამათის გამოცხადების გარდაუვალობამდე“.
პიესის დადგმისას მთავარია გარკვევა, თუ ვინ არიან მეფე და პრინცი, ვინ არის პრინცესა - რა შეუთავსებლობაა სოციუმსა და ე.წ აუტსაიდერს შორის, რას ნიშნავს მათი შეხვედრა და რას - მთავარი გმირის სიკვდილი.
როგორც ვხედავთ, ვიტოლდ გომბროვიჩის პიესა ერთგვარი იგავის ხასიათს იძენს და ყველა ეპოქისათვის აქტუალურია. რა არის ის ძირითადი მიზეზი, რამაც ამ პატარა ნაწარმოებს ასეთი ბედი არგუნა? ვფიქრობთ, გომბროვიჩმა ადამიანის ბუნების, მისი ქცევის ირაციონალური და, ამავე დროს, არქეტიპული მოდელი გამოკვეთა. რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით გომბროვიჩის აბსურდს, სადაც ადამიანთა ქცევას, ერთი შეხედვით, მოტივაცია არა აქვს, მით უფრო მეტად ვგრძნობთ იმ თანშობილ სისასტიკეს, დაუნდობლობას, რომელიც ასე ხშირად იჩენს თავს ადამიანთა შორის ურთიერთობებში და ზოგჯერ გაუგონარ მასშტაბებს აღწევს.
ივონას მიმართ სისასტიკისა და სიძულვილის ატმოსფერო სუფევს. გომბროვიჩი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ეს ხვედრი მას დაბადებიდანვე დაჰყვა. პირველად გოგონას პიესაში დეიდების თანხლებით ვხვდებით. ისინი საჯარო სეირნობის ადგილას მოდიან, სადაც ამ დროს სამეფო კარი და მისი დიდებულები მზის ჩასვლით ტკბებიან. უფლისწული ფილიპი სეფექალ იზას ეპრანჭება. ახალგაზრდები მოსეირნეებს ათვალიერებენ და ერთობიან.  ამ დროს გამოჩნდებიან ივონა და მისი დეიდები. ისინი მაშინვე მიიპყრობენ ახალგაზრდა დიდებულთა ყურადღებას. გომბროვიჩი ივონას პაქტიკულად არ ახასიათებს, ეს პიესის ყველაზე მდუმარე პერსონაჟია, მას სულ რამდენიმე  უმნიშვნელო რეპლიკა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მწერალი ივონას გარემომცველთა ქცევით უფრო ახასიათებს, ვიდრე პერსონაჟის თვითგამოვლენით. ჩვენი აზრით, დრამატურგიის ისტორიაში, ივონა ერთ–ერთი ყველაზე გამოუცნობი პერსონაჟია. ჩვენ არ ვიცით, ლამაზია ის თუ უშნო, ბრაზიანი თუ მშვიდი. ერთი რამ ცხადია, ის კლასიკური მსხვერპლია, რადგან გარემომცველებში უსაგნო და უსაზღვრო აგრესიას იწვევს. ეს პირველივე სცენაში ხდება საცნაური. ივონა, მისი დეიდები სკამზე სხდებიან. დეიდები ბაღში ახალგაზრდებს შენიშნავენ და ივონას ეუბნებიან, რომ გაუღიმოს მათ. ივონა უსიტყვოდ ემორჩილება უფროსებს, თუმცა მაინც იწვევს დეიდების უსაზღვრო გულისწყრომას.
„II დეიდა: რატომ ასე დუნედ? შვილიკო, რატომ იღიმები ასე დუნედ?... გუშინაც არ გაგიმართლა. დღესაც არავინ გაქცევს ყურადღებას. ხვალაც არავინ შემოგხედავს. ძვირფასო, რატომ ხარ ასეთი შეუხედავი? რატომ ხარ ასეთი ასექსუალური? არავის უნდა შენი ცქერა. ნამდვილი წყევლაა!
I დეიდა: ჩვენ მთელი დანაზოგი დაგახარჯეთ, უკანასკნელ გროშამდე, რომ შენთვის ეს ყვავილებიანი კაბა შეგვეკვეთა. ჩვენ მიმართ პრეტენზია ვერ გექნება.“
თუ დავუკვირდებით, ეს ტრივიალური საუბარი ნამდვილი ფარული ძალადობის დემონსტრაციაა. გომბროვიჩი საყოფაცხოვრებო სცენას დრამატულ და, ამავე დროს, ირონიულ ჟღერადობას აძლევს. ეს დეიდები ივონას ჯალათებად გვევლინებიან. მათი საუბრის მანერა თავის თავზე მეტყველებს, ეს გესლისა და სიტკბოს საძაგელი ნაზავია. გოგონას შეუხედავს უწოდებენ, ზრუნვას ამადლიან და, ამასთან, „ძვირფაოსოს“ და „შვილოს“ ეძახიან. ეს პატარა სცენა ჩვენს წარმოსახვას საკვირველ საზრდოს აძლევს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ორი გაუთხოვარი დეიდა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ბედნიერების ფუჭ მოლოდინში გაატარეს. შესაძლოა, ივონა მათი გარდაცვლილი დის ობოლი შვილია. დეიდები თავს კეთილშობილ მოამაგეებად თვლიან და უზომოდ ამადლიან გოგონას მასზე დახარჯულ ფულსა და დროს. მათი განუხორციელებელი სურვილებით გამოწვეული აგრესია ივონას ყოველდღიურად, ყოველწამიერად ეფრქვევა თავს. მაგრამ პარადოქსალისტი გომბროვიჩი რეალისტური სურათის ფარგლებს დაუყოვნებლივ არღვევს. ივონას ახალგაზრდები შეამჩნევენ. იწყება მოქმედების აბსურდული განვითარება. ივონას პირველად პრინც ფილიპის მეგობარი კიპრიანი შემაჩნევს. – აი, მახინჯიც ასეთი უნდა, – კვდება ის სიცილით. – გაწუწული ქათამი, შეხედე, თავსაც იფასებს!
ახალგაზრდათა ჯგუფი სიცილ–ხარხარით იწყებს ივონასა და მისი დეიდების სიახლოვეს „დეფილირებას“. კიპრიანი: – მტირალა! ... მოდი, სეირი ვაჩვენოთ!  კირილი: მართლაც კარგი იქნება, რომ ამ გაბუტულ მტირალას ჭკუა ვასწავლოთ! ეს ჩვენი წმინდა ვალია! წადი და მოგყვებით! 
დეიდების უკმაყოფილება პიკს აღწევს, ისინი ახალი ძალითა და მრისხანებით შეუტევენ ივონას:
II დეიდა: ამის გამო ყველა მხოლოდ დაგვცინის! ღვთის სასჯელია ნამდვილი! ვფიქრობდი, მოხუცებულობის ჟამს მაინც აღარ მექნებოდა დაცინვის შიში, როდესაც ჩემს ქალურ იმედგაცრუებებს ბოლო მოეღებოდა. მაგრამ დავბერდი და შენ გამო ამის ატანა მაინც მიწევს! 
               დეიდის სიტყვები ერთ საინტერესო გარემოებას ავლენს – ივონას დეიდებსაც დასცინოდნენ ოდესღაც, თუმცა ამას ბოლო არასოდეს მოეღება. აქ გომბროვჩი ადამიანთა ურთიერთობების ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ავლენს: ერთმანეთის მიმათ შიშს და მსხვერპლად ქცევის მოლოდინს. დეიდების ბრალდებები ივონას მიმართ სულ უფრო აბსურდული, უმოტივო და ულმობელი  ხდება: –რატომ არავის აინტერესებ? განა ჩვენ  ეს გვსიამოვნებს? ჩვენ მთელი ჩვენი ქალური პატივმოყვარეობა შენში ჩავდეთ, შენ კი... რატომ არ სრიალებ თხილამურით? გომბროვიჩის პიესის გენიალობა იმაშია, რომ ის აბსურდულსა და ფანტასტიკურ სიუჟეტში ღრმა ფსიქოლოგიურ სიმართლეს, ყოველდღიური ცხოვრების რეალისტურ პრობლემატიკას წარმოაჩენს.
               გომბროვიჩს თავისი პიესა ფანტასტიკად არ მიაჩნდა. ტექსტის შენიშვნებში ის წერდა: „ყველაზე უცნაური სცენები რეალისტურად უნდა იყოს ნათამაშები. პიესის გმირები სრულიად ნორმალური ადამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ არანორმალურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.“ პიესა, რომელიც 70 წლის წინ დაიდგა, დღესაც მრავალი რეჟისორისთვის რეფორმატორის სახელის მოხვეჭის საფუძველს წარმოადგენს. სიდუმლოება, როგორც უკვე ვთქვით, თავად პიესაშია. გომბროვიჩი აბსურდის თეატრს უახლოვდება, თუმცა ეს რეალური სიტუაციის აბსურდია.  მიუხედავად ამისა, მაინც ღიად რჩება საკითხი უფლისწულ ფილიპის შესახებ, რომელიც პარადოქსულ გადაწყვეტილებას იღებს. ივონას დაცინვისა და აბუჩად აგდების შემდეგ, უფლისწული უეცრად გადაწყევტს, რომ ამ უცნაურ, უენო და მოუხერხებელ ქმნილებაზე დაქორწინდეს. ის ივონას დეიდებს გამოელაპარაკება. დეიდები ჩივიან, რომ ივონას რაღაც ორგანული ავადმყოფობა აწუხებს: სისხლის მიმოქცევა აქვს დუნე. ზამთარში შუპდება, ზაფხულში იხუთება, შემოდგომაზე მუდმივი სურდო აქვს, ხოლო გაზაფხულზე თავის ტკივილები აწუხებს. 
               პრინცი ფილიპი სრულიად აღტკინებულია ივონას ორიგინალურობით. მას აქამდე ასეთი არაფერი უნახავს. ივონა პრინცში უცნაურ სურვილებს აღძრავს. პრინცი: იცით, როცა გიყურებთ, ერთი სული მაქვს, რამე დაგმართოთ. მაგალითად, ავიღო საბელი და წინ გაგიგდოთ, ან რძე გაზიდვინოთ, ან ქინძისთავით დაგჩხვლიტოთ, ან გამოგაჯავროთ. თქვენი მთელი იერი  მაღიზიანებს, თქვენ წითელი ნაჭერივით იწვევთ ადამიანს.დიახ! არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმისთვის არიან შექმნილნი, რათა სხვები წყობილებიდან გამოიყვანონ, გააღიზიანონ, გააგიჟონ. ასეთი ადამიანები არსებობენ და თითოეული მათთაგანი ერთ კონკრეტულ ადამიანზე ზემოქმედებს. ოჰ, როგორ ზიხართ, როგორ ამოძრავებთ თითებს, როგორ აქანავებთ ფეხს! გაუგონარია! დაუჯერებელია! როგორ ახერხებთ ამას?... , როგორ დუმხართ! როგორ დუმხართ! და ამ დროს რა ნაწყენი სახე გაქვთ! არაჩვეულებრივად გამოიყურებით – შეურაცხყოფილ დედოფალს ჰგავხართ! სავსე ხართ მრისხანებითა და წყენით – ოჰ, რამდენი ღირსების გრძნობა და პრეტენზიაა თქვენში! არა, ნამდვილად ჭკუას მაკარგვინებთ! ყველას ჰყავს თავისი არსება, რომელსაც ის ციებ-ცხელებამდე მიჰყავს, თქვენ სწორედ ასეთი არსება ხართ, ჩემთვის შექმნილი! და თქვენ ჩემი იქნებით!
               უფლისწულ  ფილიპის ეს სასიყვარულო პასაჟი, ფსიქოლოგიური თავალსაზრისით, ძალზე საინტერესო ემოციებსა და ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს შეიცავს. ის აშკარად ეროტიკული ხასიათისაცაა, ივონა ის არსებაა, რომელზედაც მას დომინირების სურვილი გაუჩნდა, სურს, რომ შებორკოს, დაჩხვლიტოს, ტკივილი მიაყენოს, ამასთანავე, ის აღფრთოვანებულია მისი ღირსებით, მისი ინდივიდუალობით, ექსცენტრიულობით, სისაწყლით. ყველაფერი ივონაში აღაგზნებს და აღაფრთოვანებს ფილიპს. შეიძლება ითქვას, რომ პიესის ამ პასაჟში და მთელს პიესაში სისასტიკის ეროტიკული ასპექტიც შემოდის. ივონა აგრესიულ სურვილთა პროექციის ობიექტია. ამ პატარა საწყალ გოგონას საოცარი უნარი შესწევს მის გარემომცველ ადამიანებში ყველაზე ფარული, ბნელი და განდევნილი ზრახვები გააღვიძოს, ამასთან, ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მძაფრ სინდისის ქენჯნასაც იწვევს.
ივონა XX საუკუნის დრამატურგიის ერთ–ერთ უნივერსალურ ნიშან–სიმბოლოდ  მესახება, ის თითქოს არც კი არსებობს პიესის ტექსტში პირდაპირი აღწერისა თუ თანამონაწილეობის სახით, ამასთან, ყველაფერი მის ირგვლივ ბრუნავს. ის თითქოს წინააღმდეგობათა ერთიანობაა, სიმდაბლისა და ამაღლებულის სიმბიოზი, წმინდანი და მსხვერპლი, ეროტიკულ სურვილთა სამიზნე და ადამიანთა ფარული სახის გამომააშკარავებელია.
პრინც ფილიპის ივონათი გატაცება გამომწვევია, პარადოქსული, სპონტანური. ის ერთგვარ პროტესტსაც წარმოადგენს, მიმართულს სამეფო კარის ეტიკეტისა და ქედმაღლობის, მისი მეგობრების სნობიზმის წინააღმდეგ. პიესა ამ სახეთა ამოუწურავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ამიტომაც დღემდე დიდ ინტერესსა და მისი დადგმის სურვილს იწვევს.
     ზემოგანხილული პიესა, ავტორისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, „დაწერილია ყოფის განთავისუფლების შესახებ თეატრალურიბისაგან“, აგრეთვე, პიროვნების ამაო ამბოხზე შემბოჭველი სქემის წინააღმდეგ.
გომბროვიჩის შემოქმედება არის მაგალითი ყოვლისმომცველი გროტესკისა და პაროდიის, მასში მჟღავნდება სიურრეალიზმთან მსგავსება როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში, თუმცა თვითონ მწერალი ყოველთვის დამცინავად ემიჯნებოდა ხელოვნებაში ჯგუფურ აქტიურობას. გომბროვიჩის პოეტური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია ინტელექტუალური პროვოკაცია და სკანდალი, ყოველ მსჯელობას იგი მოსავს წინააღმდეგობებით, ახდენს მაყურებლის მისტიფიცირებას, ფლავს მას აფსურდში, მისი კომპლექსებითა და სტერეოტიპებით დამძიმებული გმირების ფსიქიკა იტოტება და ტრანსფორმირდება[1], სამყარო მათი თვალით ნაჩვენები,კოლაჟივით არის შეწებებული. წერის რეცეპტი გომბროვიჩის მიხედვით ასეთია – „შედი სიზმრის სფეროში“ და მიუშვი ნაწარმოები განვითარდეს „თავისი საკუთარი ლოგიკით. მიჰყვება რა სიზმრის კანონებს, მწერალი მითებსა და „კაცობრიობის ღამეული სიზმრების“ სიმბოლოებში ეძებს ეგზისტენციალური პრობლემების განმარტებას.


[1] Базилевский А. «Дневник» ВитольдаГомбровича: «неслово, аголос»//Привычноеощущениекризиса

Comments

Popular Posts