სტანისლავ ვიტკევიჩი


ჩემი დაინტერესება სტანისლავ ვიტკევიჩის პიროვნებითა და შემოქმედებით გამოიწვია მისმა ნოვატორულმა, დეფორმაციულმა თეორიებმა, ნონკლასიკურმა შემოქმედებამ და, რაც მთავარია, მისი ესთეტიკური კრიტერიუმების ერთგვარმა სიახლოვემ - არტოსა და ვიტრაკის სიურრეალიზმთან. თუმცა მისი თეორიები შეიქმნა და მთავარი თხზულებები დაიწერა მანამდე, ვიდრე სიურრეალიზმი შეიქმნებოდა, როგორც მიმდინარეობა.
ვიტკევიჩ სტანისლავ იგნაც, ავტოპორტრეტი

ვიტკევიჩ სტანისლავ იგნაც (1885-1939) - პოლონელი მწერალი, მხატვარი, ფილოსოფოსი, თეატრის რეფორმატორი; ხელოვნებაში „წმინდა ფორმის“ კონცეფციის შემქმნელი. მან თავისებურად გამოხატა სიურრეალიზმთან სოლიდარულობა. იგი დაიბადა მხატვრისა და კრიტიკოსის სტანისლავ ვიტკევიჩის (1851-1915) ოჯახში. წერა ბავშვობაში დაიწყო. ახალგაზრდობაში ბევრს მოგზაურობდა ევროპაში (რუსეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი), ეცნობოდა რა უახლეს მხატვრულ მიმდინარეობებს. სწავლობდა სახვით ხელოვნებათა კრაკოვის აკადემიაში. 1914 წელს საცოლის თვითმკვლელობის (რაშიც თავს სიკვდილამდე იდანაშაულებდა) შემდეგ, მიემგზავრება ეთნოგრაფიული ექსპედიციით როგორც ფოტოგრაფი, ცეილონსა და ავსტრალიაში. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე იგი რუსეთში აღმოჩნდა და ნებაყოფლობით შევიდა რუსულ ჯარში. დაამთავრა პავლოვის სამხედრო სასწავლებელი, მონაწილეობდა ბრძოლებში გერმანულ ფრონტზე; იყო რევულუციისა და სამოქალაქო ომის მოწმე. როგორც მხატვარი ბევრს მუშაობდა რუსეთში. 1918 წელს პოლონეთში დაბრუნების შემდეგ თანამშრომლობდა ავანგარდის სხვადასხვა მოძრაობებთან, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუერთდა. 1920 წელს ზაკოპანში „ფორმისტული თეატრი“ ჩამოაყალიბა, სადაც რამდენიმე საკუთარი პიესა დადგა. ცხოვრების უკანასკნელი წლებში საკუთარი თავი თითქმის მთლიანად მიუძღვნა ფილოსოფიას. თავი მოიკლა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.
ვიტკევიჩის მემკვიდრეობა მოიცავს მრავალრიცხოვან დრამებს, რომელთა შორისაა: „ტუმორ მოზგოვიჩი“, „ორთავა ხბორის მეტაფიზიკა“, „დიუბალ ვაჰაზარი ანუ აბსურდის უღელტეხილებზე“, „წყლის ქათამი“, „შეშლილი და მონაზონი“, „გადარეული ლოკომოტივი“, „დედა“, „ველზევულის სონატა, ანუ მორდოვარში მომხდარი ამბავი“, „მეხამლეები“ და აგრეთვე რომანები „ბუნგოს 622 დაცემა, ანუ დემონური ქალი“, „შემოდგომასთან დამშვიდობება“, „გაუმაძღრობა“, „ერთადერთი გამოსავალი“. ვიტკევიჩის ნაწარმოებთა უმრავლესობა სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. თანამედროვეები მას იცნობდნენ უფრო როგორც პორტრეტისტს, კრიტიკოს-პოლემისტს, თეორიულ-ესთეტიკური და პუბლიცისტური ნაწარმოებების ავტორს.
დეფორმაციის პრინციპებზე დაყრდნობილი ვიტკევიჩის თეორიები და მხატვრული პრაქტიკა იძლევიან საფუძველს ფუტურიზმთან, ექსპრესიონიზმთან, სიურრეალიზმთან შეპირისპირებისთვის.
ვიტკევიჩი მხარს უჭერდა კანონთაგან თავისუფალ შემოქმედებას, მათ შორის ანტიკანონურსაც. მას არ აინტერესებდა მაპოსტულირებელი ესთეტიკა, მისი თეორიების ხასიათი ზოგადად მეთოდოლოგიურია. თუმცა რამდენჯერმე მას უნებურად წამოსცდენია, რომ მხატვრობის მისი იდეალი დაკავშირებულია განზოგადებულ, ანტინატურალისტურ ჰიპერრეალიზმთან (არა დღევანდელი მნიშვნელობით).
ა.ვატას მკვეთრად პროტოსიურრეალისტური პოემის შესახებ („მე ჩემი მოპსირკინის (მოპსი - ძაღლის ჯიში) ღუმელის ერთსა და მეორე მხარეს“ – 1919) აღნიშნავდა, რომ ეს ტომარაა, სადაც ჩყრილია ფერადი ქვები (თვლები) და ამიტომაც მთლიანის აზრის გამოცნობა შეუძლებელია. თითქოს საყვედურობს ავტორს „ენობრივი უცნაურობების“ გამო. ამასთანავე ვიტკევიჩი მხარს უჭერდა შემოქმედების „ახლებურ ლოგიკას“, რომელიც აღნიშნულ პოეზიაში იყო, მას ეკუთვნოდა ერთადერთი რეცენზია ვატას თხზულებაზე. შემდგომში ვიტკევიჩი ხან აზუსტებდა სიურრეალიზმის ცნებას ხან სერიოზულად აკრიტიკებდა „რეალურ სიურრეალიზმს“, ხან ცხვირს უბზუებდა, დასცინოდა. ვიტკევიჩს სიურრეალისტებთან ანათესავებდა ექსცენტრიკოსის და მისტიფიკატორის რეპუტაცია, ეპატირების ცოდნა, თავის ირგვლივ სკანდალის ატმოსფეროს შექმნა. ვიტკევიჩის ესთეტიკურ-ფილოსოფიურ კონცეფციაში ძირითადი ადგილი უჭირავს ადამიანის არსის ერთეულობას; მის მიერ წვდომილი ყოფიერების საიდუმლო - როგორც დაპირისპირებათა და ურთიერთდამატებათა ერთიანობა - ჰგავს სიურრეალისტების მიერ ძიებულ ზერეალობას. ხელოვნების წმინდა ფორმა მოწოდებულია გამოხატოს მარად მოუხელთებელი და ამოუწურავი „ყოფიერების უცნაურობა“, გააღვიძოს სამყაროს მეტაფიზიკური აღქმა. მხატვრულ მიმართულებაში სიურრეალიზმი წარმოგვიდგება როგორც ფუტურიზმის მიერ დაწყებული უახლესი ფორმალური ტენდენციის საფეხური. სიურრეალიზმი გვიჩვენებს სამყაროს მრავალსახად დეფორმირებულსა და კარიკატურულს, რომელიც თავიდან გაჩნდა, როგორც იმპრესიონიზმის წინააღმდეგ ჯანსაღი რეაქცია.
ვიტკევიჩის თეორიაში დომინანტურია გონებისა და ხედვის შეფარდების სისტემა. მის მხატვრულ პრაქტიკაში მთავარია, უზრუნველყოფილ იქნეს ნაწარმოების შთაგონება და შეიქმნას შეგრძნება კონსტრუქციის აუცილებლობისა, რეალიზებული იყოს ის, რასაც მან ერთხელ უწოდა „უცნაური სიურრეალისტური აუცილებლობა თვითნებობაში“. დარწმუნებული იმაში, რომ „ინტელექტი“ - მხოლოდ მანქანაა, „სამუშაოში ჩაბმული“, იგი სპონტანური ექსპრესიის მომხრეა: მას აღიზიანებს მხატვარი-„ტვინიკოსის“ ტიპი. ვიტკევიჩის მოღვაწეობა შეიძლება შევუპირისპიროთ სიურრეალიზმს - ხატოვანების გარდა ფსიქიკური ავტომატიზმის წყალობით. იგი აღნიშნავდა რომ მისი ნახატები იხატება აბსოლუტურად არაცნობიერ მდგომარეობაში. ამასთან მისი მძვინვარე წარმოსახვა ანალიზით არის დამოწმებული: იგი შეგნებულად აწარმოებს ქვეცნობიერის ნიშანთა კომბინირებას. მაგრამ ადგილ-ადგილ ლიტერატურული ტექსტები თავიანთი დაუხვეწაობით, რასაც ავტორი განზრახ სჩადის, ავტომატურ ჩანაწერს მოგვაგონებენ. სტიქიურ სიურრეალისტს ამხელს ხოლმე სიზმრების ფიქსაციით გატაცება. სიურრეალისტია იგი თავის ფრთხილ დამოკიდებულებაში უსაგნო ვიზუალობის მიმართ: აბსოლუტური ექსპრესია მოითხოვს ფორმებს, რომლებიც აბსტრაქციაზე არ დაიყვანება. ამასთანავე, ვიტკევიჩი წყვეტს კავშირს ცხოვრების ყოველგვარ მიმსგავსებასთან, მიმართავს გაუცხოებას, ცხოვრებისეული მასალის სრულიად თავისუფალ დეფორმაციას. მისი ხელოვნების ქსოვილში სინთეზირებულია დავიწყებული „ყოფილი თვისებები“ და „მოლოდინის თვისებრიობები“. აქ მეფობს ტრაგიკომიკული გროტესკი.
რომანში „გაუმაძღრობა“ ვიტკევიჩმა სპექტაკლი დაახასიათა როგორც სიურრეალისტური, მაგრამ არა იმ აზრით, რომელსაც სიურრეალიზმში დებს პარიზელ მატყუარათა საშინელი ბანდა. ისინი ჯერ კიდევ 1921 წელს შეიცნეს ჩვენებურმა წმინდა ბლეფისტებმა „ლაკმუსის ქაღალდზე“. მისი დროის ხელოვნების, კერძოდ, ფუტურიზმის მიერ „გამოტოვებულ“ ესთეტიკურ შესაძლებლობას ვიტკევიჩმა „ჰიპერრეალიზმი“ უწოდა და განმარტა: „მე ამ ტერმინს არ ვიყენებ ფრანგული ლიტერატურული “surrealisme”-ის მნიშვნელობით, სადაც ძალიან ბევრი „დადაა“ და აბსოლუტურად არ არის არსებითი გამომსახველობა“. მისთვის ცნობილ ჰიპერრეალისტად ვიტკევიჩმა დაასახელა მხატვარი რაფალ მალჩევსკი, ხოლო მეტაფორული ფერწერის სფეროში - მის მიერ ფრიად მოწონებული ბ.ლინკე (პოლონელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე, რომლის მხატვრული ენა საკმაოდ შეიცავს სიურრეალიზმის ნიშნებს. მიუხედავად იმისა რომ ლინკე დაკვირვებით სწავლობდა მსოფლიო ხელოვნების გამოცდილებას, თანამედროვეთა ძიებებს, მისი პლასტიკური პოეზიის ენა თავისებურია, არავისას არა ჰგავს. მისი ნაწარმოებები გამოხატავენ ტანჯული სამყაროს ნამდვილი სიმართლისკენ სწრაფვას. ჰიპნოზურ, მომაჯადოებელ სახეებში - მომავლის ალეგორიებში - აღბეჭდილია ადამიანთა მიერ ჩადენილ ბოროტებაზე დამოკიდებული ბედის ტრაგიზმის შეგრძნება. გროტესკული დეფორმაციაც ცხოვრების სისასტიკის ასახვას ემსახურება. იგი ხელოვანის ჩანაფიქრით ქაოსთან დაპირისპირების ელემენტია. მყიფე, შოკისმომგვრელი მეტაფორები, ისევე, როგორც სიურრეალისტებთან არის ხოლმე, მიღწეულია სარკასტული ასოციაციური მონტაჟით, ჩვეულებრივი ვიზუალური ნიშნების დამახინჯებითა და დანაწევრებით). ვიტკევიჩი მიესალმებოდა ახალი ხელოვნების „ნათელმხილველსა“ და „გენიოსს“, რომელიც ცდილობდა „თავისი შიში და ტკივილი, სისასტიკით გამოწვეული, ჩაენერგა სხვებისთვის“.








Comments

Popular Posts