ფერნანდო არაბალი


დაიბადა 1932 წელს, მადრიდში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. 1945 წლიდან ცხოვრობს პარიზში და პიესებს წერს ფრანგულ ენაზე. მისი სამყარო აბსურდის თეატრია, მისი პერსონაჟები ადამიანის ცხოვრების პირობითობას უყურებენ ბავშვური გულუბრყვილობით და არ ცდილობენ მასში გარკვევას. ბავშვების მსგავსად,  ხანდახან ზედმეტად სასტიკები არიან, რადგან არ ცნობენ მორალის კანონებს. ბავშვურად იტანჯებიან სამყაროს სიმკაცრის გამო და ასევე უაზრო და გაუთავებელი ავადმყოფობებით. ამ მიმართებით, უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ყველაზე ცნობილი პიესა რომლის განხილვითაც დავიწყებ არაბალის შემოქმედების ანალიზს.
„ფანდო და ლისი“                 
პიესაში 5 სცენაა. ფანდოს ინვალიდის ეტლით დაყავს თავისი პარალიზებული შეყვარებული ლისი. ისინი მიდიან ტარში. პიესაში არ კონკრეტდება სად არის ტარი, ან რატომ მიდის იქ ყველა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ტარი, ბეკეტის გოდოს მსგავსად, სიცოცხლის აზრისა დ აბედნიერების მიღწევის სიმბოლოა. ფანდოს მხურვალედ უყვარს ლისი, მაგრამ თვლის, რომ ის მისი სასჯელია. როგორც შეუძლია, ართობს, დოლს უბრახუნებს და იმ ერთადერთ სიმღერას უმღერის, რომელიც იცის - „ჩიტის გალობა“. პიესის დაწყებისთანავე შემოდის სიკვდილის თემა, ისინი მსჯელობენ, თუ როგორი გასვენება ექნება ქალს და როგორ მოვა კაცი მის ლამაზ დაკრძალვაზე, ძაღლით და ყვავილებით ხელში. ნაწარმოების მთავარი თემაა ადამიანთა ერთმანეთზე მიჯაჭვულობა, სიყვარულისა და სიძულვილის ამბივალენტურობა, რომელიც სადომაზოხისტურ ურთიერთობებამდე მიდის. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც პიესის კითხვის დაწყებისთანავე ვაწყდებით. 
ეს ორი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს, ერთი აბსოლუტურად უუნარო ხეიბარ ქალთან არის, ხოლო მეორე უძლებს ძალადობას, რომელიც მიმართულია მის მიმართ. ვერ შორდებიან ერთმანეთს, ერთმანეთის გარეშე  უფუნქციოები ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ კომფორტს ერთმანეთს არ უქმნიან, ცხოველური ცხოვრებით ცხოვრობენ და ინსტინქტებზე აქვთ ყველაფერი აგებული, მაინც არის რაღაც, რაც  ძალას აძლევთ მათ, რომ გაუძლონ ერთმანეთს.
              ქალს, როგორც ყველა მოკვდავს, აინტერესებს, თუ რა იქნება მისი სიკვდილის შემდეგ, აინტერესებს, გული ეტკინება თუ არა ფანდოს, ბევრს იტირებს თუ არა. ეს ის უკვდავი ინტერესია, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია. მომაკვდავს უნდა გაიგოს თუ როგორ გაანადგურებს ადამიანებს მისი გარდაცვალება, ალბათ უნდა მისი წასვლით დიდი ტკივილი დატოვოს და არ გაქრეს. ამ შემთხვევაში, ლისის სურვილი ორმაგად მძაფრია, რადგან მას, ფანდოს გარდა, არავინ ჰყავს და უნდა, ამ უკანასკნელმა დიდი ტკივილი განიცადოს მისი დაკარგვით.
               გზაზე მათ სამი კაცი შეხვდებათ ქოლგებით, ისინიც ტარში მიდიან. ყველამ იცის, რომ ტარში მისვლა თითქმის შეუძლებელია. ყველა ჯერზე, იმის მაგივრად რომ ტარში მოხვდნენ, ისევ ძველ ადგილზე ბრუნდებიან, წრეზე დადიან.
ფანდო აშიშვლებს ლისს და ამაყად აჩვენებს ამ სილამაზეს შემხვედრ კაცებს. მათ ეპატიჟება ლისის საკოცნელად და ისინიც დიდი სიამოვნებით თანხმდებიან. ფანდოს უყვარს ლისი, მაგრამ არ შეუძლია არ იყოს სასტიკი მის მიმართ. მეოთხე სცენაში ჩანს, რომ ლისი გააშიშვლა და მთელი ღამით გზაჯვარედინზე დატოვა. იმ ღამეს ლისი დაავადდა, დავარდნისას ქალი ფანდოს  დასარტყამ ინსტრუმენტს დაუზიანებს, რასაც  მისი სასიკვდილო განაჩენი მოჰყვება - კაცი მას სასტიკად უსწორდება და ცემით კლავს.
ბოლო სცენაში გაოგნებული კაცები მსჯელობენ, თუ როგორ მოხდა ეს უბედურება, ამ დროს ჩნდება ფანდო ყვავილებით და ძაღლით ხელში, როგორც ლისს შეპირდა და მიდის მის საფლავზე, კაცებიც უერთდებიან და ოთხივე კვლავ მიემართება ტარისკენ.
უცნაურმა შერევამ commedia dell’ art და grand guignol [1] შესაძლებელი გახადა ორმაგი სიყვარულის პოეტური განხორციელება: ბავშვიც ასე იქცევა - ხან ეფერება ძაღლს, ხან აწამებს. ბავშვური ემოციების პროეცირებით უფროსებზე, არაბალი აღწევს ტრაგიკომიკურ და დრამატულ ეფექტს, აშიშვლებს რა სიმართლეს, რომელიც იმალება უფროსთა სულიერი განგაშის მიღმა.
არაბაალმა დაამტკიცა, რომ მისი ბოლო პიესები ეწინააღმდეგება ადრე დაწერილ პიესების სულისკვეთებას და ის შეგნებულად არღვევს ნორმებს. მისი ძველი პიესები იკვებებოდა ბავშვური უშუალობის პოზიციიდან ცხოვრების სისასტიკის ხედვით, ხოლო ბოლო პიესები მოკლებულია ამ ხედვას.
„მანქანების სასაფლაო“
არაბალის ყველაზე ნოვატორული პიესა, რომელიც ამ პერიოდში დაიწერა, არის „მანქანების სასაფლაო“; ამ ორმოქმედებიან პიესაში არის მცდელობა ქრისტეს ვნებათა გამოხატვის, რომლებიც დანახულია ბავშვების თვალით, იმ ბავშვების, რომლებიც ცხოვრობენ სისაძაგლეში, მოუვლელი გროტესკული პეიზაჟის სიბინძურეში. სცენა წარმოადგენს ძველი მსუბუქი ავტომობილების სასაფლაოს, რომელიც ფეშენებელური სასტუმროს განკარგულებაშია. მსახური მილოსი ემსახურება ყოველ ბინადარს: საუზმე ლოგინში და მეძავი დილას, კოცნა ძილის წინ. გმირი ემანუ (ემანუელი) - საყვირზე დამკვრელი, მუსიკალური ტრიოს ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაში არის კლარნეტისტი ტოპე და მუნჯი საქსოფონისტი ფოდერი, რომელიც ხარპო მარქსს ბაძავს, ემანუს უნდა სიკეთის ქმნა; ყოველ საღამოს კოლეგებთან ერთად ის უკრავს საცეკვაო მუსიკას ავტომობილთა სასაფლაოს მობინადრეებისთვის, თუმცა სამუსიკო ინსტრუმენტებზე დაკვრა მკაცრად არის აკრძალული პოლიციის მიერ. პიესის მანძილზე, ორი დაუღალავი ათლეტი, მამაკაცი ტიოსიდო და მოხუცი ქალი თამაშობენ გროტესკულ სპორტულ შოუს. მეორე მოქმედებაში ირკვევა, რომ ეს სპორტსმენები პოლიციის აგენტები არიან, რომლებიც უთვალთვალებენ ემანუს. ისინი ფულს აძლევენ ტოპეს ღალატისთვის; როგორც იუდა კოცნის ემანუს (იუდას ამბორი). როცა ეს ხდება, მუნჯი ფოდერი (მსგავსად პეტრესი) ჟესტით უარყოფს თავის კავშირს ემანუსთან. მას ბარბაროსულად უსწორდებიან და მომაკვდავს ველოსიპედის საჭეზე გააკრავენ. ავტომობილთა სასაფლაოს გროტესკულად ინტენსიური ცხოვრება მიემართება თავისი ჯერით.
ემანუს მისწრაფება აკეთოს სიკეთე აღნიშნულია, როგორც რაციონალური წესრიგის ბუნდოვანი სურვილი. ის ქადაგებს მექანიკურად: „სიკეთის ქმნისას სულში უდიდეს სიხარულს, სიმშვიდეს გრძნობ, როცა ხედავ, რომ უახლოვდები იდეალს“. პიესის ფინალში მას ავიწყდება ეს ტექსტი და სიტყვებს ერთმანეთში ურევს. იმავდროულად ის სერიოზულად მსჯელობს მოწაფეებთან, თუ როგორ შეიძლება მეტი იშოვო ქურდობით ან მკვლელობით, მაგრამ უარს ამბობს ამაზე: მათ ეს არ ძალუძთ. როცა დილა განაცხადებს, რომ მასაც უნდა სიკეთის ქმნა, ემანუ უპასუხებს: „შენ ყველას ეთანხმები, არავის უარს ეუბნები შენთან დაწოლაზე“.
თუმცა ემანუსა და ქრისტეს პარალელები, რომლებიც მკრეხელობას უახლოვდება, ნათელია (ის თავლაში დაიბადა, მისი მამა მჭედელია, ის წავიდა 30 წლისა სახლიდან, რათა დაეკრა საყვირზე), პიესა გულუბრყვილოა. სიკეთის ძიებანი წარმოებს ბოგანო და უაზრო სამყაროში, რომელშიც შეუძლებელია ეთიკური ნორმების არსებობა. სიკეთის ქმნის სურვილი იქცევა ტრაგიკულ აბსურდად, ისევე, როგორც პოლიციელთა (სპორტსმენებად რომ გვაჩვენებენ თავს) მეძებარი ძაღლების მიერ მსხვერპლის დევნა.
მოკლედ შევეხებით არაბალის რამდენიმე პიესას, რომლებშიც სისასტიკის თემა ვარიაციების სახით წარმოგვიდგება.
 „პიკნიკი და საზოგადოება“ არაბალის პირველი პიესაა. იგი დაიწერა კორეის ომის შთაბეჭდილებებით, ავტორი მაშინ 20 წლისა იყო. თვითონ სათაურშივე სიტყვების თამაშია -იგი ერთდროულად ნიშნავს როგორც „პიკნიკს მინდორზე“, ისე  „პიკნიკს ომის ველზე“. ჯარისკაცი საპო, ფრონტის ხაზიდან მოშორებით, შეხვდება მშობლებს, ისინიც გადაწყვეტენ ამ სიხარულის გამო პიკნიკი გამართონ ბუნებაში. ქეიფის დროს მათ გადააწყდებათ მტრის ჯარისკაცი სეპო, რომელსაც საპო ტყვედ აიყვანს და პიკნიკზე დაპატიჟებს. პიკნიკი მხიარულად გაგრძელდება, მაგრამ მოულოდნელად ტყვიამფრქვევი ყველა მის მონაწილეს დახოცავს.
ეს კომედიაა „Happy End”-ის გარეშე, რომელიც აერთიანებს ბავშვურ გულუბრყვილობასა და სისასტიკეს. ეს სტილი სწორედ არაბალის ხელწერაა. იგივე თემაა პიესაში „სიტყვა დასაფლავებაზე“. აქ ლილბე და ფიდიო (ბავშვების სახელები) სხედან პატარა ბავშვის ჩასასვენებელთან და ვერ გაურკვევიათ რა არის სიკეთე. მათი აბსურდული დიალოგით ირკვევა, რომ ეს მიცვალებული ბავშვი მათია და მათვე მოკლეს. ისინი მსჯელობენ იესოზე, სიკეთეზე და მიდიან დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. „ორ ჯალათშიც“ იგივე თემაა: ქალი, თავის ბიჭებთან ერთად, მიდის ჯალათებთან და ქმარს აბეზღებს, რათა იგი აწამონ და მოკლან. ცოლის აგრესიის გამო, მეუღლეს კლავენ. ერთ-ერთი შვილი, არცთუ უსამართლოდ, დედას ადანაშაულებს, მაგრამ მალევე უბრუნდება თავის ადრინდელ მდგომარეობას. შვილებს ჩახუტებული დედით მთავრდება სცენა (ეშვება ფარდა).

არაბალს აინტერესებს აბსტრაქტული თეატრი, რომელიც ადამიანის არსს ნათელს ჰფენს. „თეატრალურ ორკესტრირებაში“, რომელიც 1959 წელს დადგეს, სამგანზომილებიანი აბსტრაქტული ფიგურები მოძრაობდნენ - არაბუნებრივი და მექანიკური მოძრაობები არაბალის სტილია. დიდი აღიარების მოპოვების შემდეგ, არაბალმა თავის ძალებში მეტი დაჯერებულობა იგრძნო; მისმა მდიდარმა წარმოსახვამ წარმოშვა მრავალი პიესა, რომლებშიც იგი მუდმივად უბრუნდებოდა ამობრუნებულ რიტუალს, თავისებურ შავ მესას; მისი მკრეხელობისკენ მიდრეკილება შეუერთდა ექსტრემალურ სადომაზოხისტურ ფანტაზიებს. ქაოსურად სტრუქტურისებულ ჭეშმარიტად თეატრალურ პიესათა შორის, მხოლოდ ერთი გამოირჩევა ჩანაფიქრის ეკონომიურობით და კონცეფციის ბრწყინვალე უბრალოებით, რომელსაც აშკარას მსჭვალავს ბაროკოს დეტალებს. ეს არის პიესა „არქიტექტორი და ასირიის იმპერატორი“, რომელსაც ხშირად დგამენ თეატრში და იგი თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ თანამედროვე კლასიკას. პიესის სახელწოდება აღებულია არტოს ნაშრომიდან, სადაც იგი წერს ასირიელ იმპერატორთა სისასტიკეზე, რომლებიც ერთმანეთს უგზავნიან მტრების მოკვეთილ ყურებს და ცხვირებს. ეს პიესა შექსპირის „ქარიშხლის“ თანამედროვე ვარიანტია.  არქიტექტორი შემოქმედებითი, ენერგიული, ბუნებრივი ადამიანი კანიბალია, რომელიც ცხოვრობს უდაბურ კუნძულზე. იგი მუნჯია, მიუხედავად ამისა, მას ემორჩილება ყველა ფრინველი და მხეცი. დიდი აფეთქების შემდეგ, გამოჩნდება ვიღაც თანამედროვე ადამიანი პროსპერო, რომელიც ცოცხალი გადარჩენილა ავიაკატასტროფის ან ატომური აფეთქების შემდეგ. იგი შეპყრობილია ძალაუფლების ჟინით და თავს იმპერატორად წარმოიდგენს ხოლმე, თუმცა მადრიდიდან ჩამოსულ წვრილმან მოხელეს გვაგონებს. ცივილიზებული ადამიანის თავდაჯერებულობით, ის არქიტექტორს ასწავლის საზოგადოებაში მიღებულ ენასა და მანერებს, რის შედეგადაც კარგავს თავის შესანიშნავ ძალას - მისი გრძნეულება ქრება. იმპერატორს ტანჯავს დანაშაულის კომპლექსი: ცდილობდა დედის მოკვლას და ახლა ითხოვს, რომ არქიტექტორმა მოკლას იგი და შეჭამოს. როცა არქიტექტორი მას შეჭამს, იმპერატორად გადაიქცევა. ადამის კოსტიუმით შემოსილი ცხოვრობს კუნძულზე მანამ, სანამ შემდეგი აფეთქება კუნძულზე არ მოიყვანს ადამიანს, რომელიც მიაბრუნებს არქიტექტორს ცივილიზაციისკენ.  კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის ორ მხარეს ვარაუდობს, ერთი კორუმპირებული, დანაშაულის კომპლექსით დამძიმებული ადამიანია, მეორე - საზოგადოება. ეს არის ბუნებისა და ადამიანის ურთიერთმიმართებათა ისტორიის ციკლი და მისი ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება. ავტორი აქაც მიმართავს მისთვის ჩვეულ სიტყვების თამაშს - აერთმნიშვნელიანებს ლექსიკურ ერთეულებს: პანიკა, შიში, განგაში[2];
არაბალი ამბობს: „მე ვოცნებობ თეატრზე, რომელშიც შეერთდებოდა იუმორი და პოეზია. პანიკა და სიყვარული შეირწყმებოდა ერთ მთლიანობაში, თეატრალური რიტუალი ტრანსფორმირდება მუნდის ოპერაში და დონ კიხოტში, ალისას კოშმარებში, ბოდვებში, ჰუმანოიდურ ძილში, მოკლედ,  კომპიუტერის სტილში“.






[1] გრანდ გუგნოლი იყო თეატრი პარიზში, რომელიც 1897 წელს დაარსდა. თეატრმა 1962 წლამდე იარსება. თეატრი საშინელებათა შოუებზე სპეციალიზდებოდა. მისი სახელწოდება ზოგჯერ ამორალური და შიშის მომგვრელი სანახაობის ზოგად არმნიშვნელად გამოიყენება.  

Comments

Popular Posts