კომედიის ფესტივალი 2018




საქართველოში თანდათანობით მატულობს თეატრალური ფესტივალები, რაც თავისთავად აქტიურ შემოქმედებით პროცესთან და მაყურებლის ჩართულობასთან არის კავშირში. 5 წლის წინ რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გადაწყვიტა, რომ ომგამოვლილი ქალაქისთვის გაეკეთებინა დიდი საჩუქარი და დააარსა კომედიის ფესტივალი, იმისთვის რომ ტრაგედია გამოვლილი ხალხისთვის ღიმილი დაებრუნებინა. კომედია ინტელექტუალური დრამის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც მოიცავს ხასიათებს, ზნეობას, ინტრიგას, ბუფონადას, სატირას, ლირიკას, გროტესკს და ა.შ. კომედია ერთგვარი იარაღია, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკობს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ უზნეობაზე. კომედიას, როგორც თეატრალურ ჟანრს, სწორედ მამხილებელმა პათოსმა ჩაუყარა საფუძველი.
ფესტივალი ყოველ ჯერზე ქუჩის კოსტიუმირებული წარმოდგენით, ცეკვა-თამაშით და ცოცხალი მუსიკის თანხლებით იხსნება, კომედიას ხომ პანტომიმიკური საწყისი აქვს. ქუჩის სანახაობა ქალაქის ცენტრალურ უბნებს მოივლის და მთავრდება თეატრის სცენაზე, სადაც ათდღიანი დღესასწაული იწყება.
ფესტივალის დამფუძნებელმა (სოსო ნემსაძე) წელს  სიტყვით გამოსვლის შემდეგ ე.წ. „სელფი“ გადაიღო იმ ადამიანებთან, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში. ამ მონაკვეთმა ძალიან მხიარულად ჩაიარა. „სელფი“ და თაიგული პირველ რიგში დაიმსახურა სოსო ნემსაძის მეუღლემ, რომელიც მთელი 5 წლის მანძილზე კიბიდან უყურებდა სპექტაკლებს. შემდეგ იყო ქალაქის მერი, თეატრმცოდნე. მოკლედ ყველა ის ადამიანი ვინც გვერდით უდგას ფესტივალს. გახსნაზე თეატრალური საზოგადოების ჯილდო, თეატრალური ამაგდარის წოდება, გადაეცა ერისთავის თეატრის უხუცეს მსახიობ ანზორ გვაძაბიას.
დავუბრუნდები ფესტივალის პირველ წელს, როცა ბატონმა სოსომ ჯერ კიდევ ბაკალავრიატის (დამამთავრებელი) სტუდენტებს შემოგვთავაზა თანამშრომლობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თეატრმა ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა თეატრმცოდნეებს. სასიხარულოა, რომ ეს მჭიდრო კავშირი დღემდე გრძელდება და თეატრმცოდნეები აქტიურად არიან ჩაბმული კომედიის ფესტივალში.
ჩემს აღფრთოვანებას პირველ რიგში იმსახურებს გორელი მაყურებელი, რომელიც უფრო და უფრო იზრდება. მაყურებელი, რომელიც ემოციით არის ჩართული ყოველი წარმოდგენის დროს და აკეთებს ადეკვატურ შეფასებებს. გრძნობ როგორი მომზადებულები მოდის თეატრში, წინასწარ ეცნობა ინფორმაციას და არჩევს რეპერტუარს. მოდიან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ხვდები როგორ ელოდებიან ფესტივალის დაწყებას. უნდა აღვნიშნო ერთი განსაკუთრებული ფაქტი, როცა თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „სიზმარი იგი მათრობს და მხიბლავს“, რომელიც არ მომეწონა, მაყურებელმა სულ სხვა ემოციით წაიყვანა, მომნუსხველი იყო სენტიმენტალური მომენტებით აღფრთოვანებული დარბაზი. ასე რომ ჩემივე დაწუნებული სპექტაკლიდან კმაყოფილი გამოვედი.
ფესტივალი ამჯერადაც მარჯანიშვილის თეატრმა გახსნა ლევან წულაძის სპექტაკლით -„როგორც გენებოთ“, რომლის პრემიერაც 2012 წელს ლონდონში, გლობუსის თეატრში შედგა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სცენის ფიცრულზე კომედია დელ’არტეს ელემენტებით გათამაშებული წარმოდგენა ეფექტური და ლამაზია.  სპექტაკლს ანშლაგის გარეშე არც ერისთავის თეატრი დაუტოვებია.
მეორე დღემ ყაზახეთს უმასპინძლა. ჟესტარის თეატრმა წარმოგვიდგინა „ჭირვეულის მორჯულება“. ინტერესი სხვა ქვეყნის მიმართ ყოველთვის უფრო დიდია, თუმცა ამ წარმოდგენას ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა. ბალაგანი, რომელმაც არსებობა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში შეწყვიტა, ყაზახეთმა გააცოცხლა. აკრობატული ილეთები,  ცეკვა, ფრენა, ვარდნა, გარდაქმნა დიდი ოსტატობით იყო შესრულებული თითოეული მსახიობის მიერ. ჩემთვის უფრო საინტერესო იქნებოდა ამ სპექტაკლის ღია ცის ქვეშ ნახვა, რაც უფრო მასშტაბურს და სანახაობრივს გახდიდა.
ძალიან მიჭირს ვისაუბრო ზუგდიდის სპექტაკლზე „ეზოში ავი ძაღლია“. არც ის ვიცი რა მიზნით დაიდგა ეს სპექტაკლი და არც ის, თუ რატომ მოხვდა კომედიის ფესტივალზე. ასე რომ სიამოვნებით გადავალ შემდეგ წარმოდგენაზე.
ტრაგიკომედია  არის ტრაგიკული და კომიკური ეფექტების ერთდროულობა. მასში არ არის გამოკვეთილი რაიმე პოზიცია, სიმპათია ან ანტიპათია პერსონაჟების მიმართ. კომპოზიციის თვალსაზრისით, სიტუაცია მას ნასესხები აქვს კომედიისგან, ფინალი - ტრაგედიისგან, ხოლო პერსონაჟები - დრამისგან. სწორედ ტირილისა და სიცილის  შერწყმაა ფესტივალის ლოზუნგიც - „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.
სამშობლო, თანასწორობა, დემოკრატია, ამ სლოგანებით იწყება ლაშა შეროზიას სპექტაკლი „ღია ზღვაში“. სლავომირ მროჟეკის აბსურდი ერთ მოქმედებად ერისთავის ექსპერიმენტულ სივრცეში დაიდგა. მსახიობები: კახა ბერიძე, ზაზა თედელური და ამირან ქაჩიბაია მთელი ოსტატობით წარმოგვიდგენენ პერსონაჟებს. ტრაგედიას, რომელიც სცენაზე ტრიალებს კომიკური სახე აქვს. სარკასტული სპექტაკლის მთავარი მიზანი არის ბრძოლა გადარჩენისთვის. სასტიკი და ღვარძლით სავსე პერსონაჟები უწყინარი აგრესიით ებრძვიან ერთმანეთს, რაც ბადებს ირონიას. „ლამაზი სიტყვები საჭირო არ არის, მწარე და სასტიკი სიმართლე გვჭირდება, ჩვენ ხომ უბრალო ხალხი ვართ!“- აქ ჩანს რეჟისორის მიმართვა ჩინოვნიკებისა და ძალაუფლება მოწყურებული ადამიანების მიმართ, რომლებიც ცოცხლად ჭამენ ერთმანეთს. სპექტაკლიც ასე იწყება - კუნძულზე მყოფი სამი ადამიანიდან ერთ-ერთი უნდა შეიჭამოს. გადარჩება ის, რომელიც ყველაზე საწყალი და დაჩაგრულია ცხოვრებისგან. სწორედ ასეთი ადამიანია სახიფათო, სიბრალულით ჯერ ტრიბუნაზე რომ აგვყავს, შემდეგ კაბინეტში ვსვამთ და ბოლოს ჩვენივე ხელით ვანადგურებინებთ ყველაფერს. კარგი სანახაობა იქნედობა დედაქალაქში პარლამენტის შენობის წინ პატარა ფიცრულზე ამ წარმოდგენის გათამაშება.
ფოთის თეატრმა წარმოგვიდგინა პაატა ციკოლიას სპექტაკლი „ხრამუნა“. ორი ოჯახის შეხვედრა მოზარდი შვილების უმნიშვნელო ჩხუბის გამო, მშობლების სერიოზულ დაპირისპირებაში იზრდება. მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, გიორგი სურმავა, ჯანო იზორია - ოთხივე ქმნის განსხვავებულ კომიკურ პერსონაჟებს. მსახიობები ბუნებრივად და ჰარმონიულად მუშაობენ სცენაზე, რაც მეტ თავისუფლებას და მომხიბვლელობას სძენს წარმოდგენას. იყო მომენტები, როცა მსახიობები აყვნენ მაყურებლის აჟიტირებას და უფრო გააზვიადეს სცენები, მაგრამ ამით სპექტქკლს არაფერი დაკლებია, ხალხმა დიდი სიამოვნება მიიღო. ფინალური მუსიკა „თხამ ვენახი შეჭამა“ იყო კარგად მიგნებული დასასრული. „ხრამუნა“ ფესტივალის საუკეთესო წარმოდგენა იყო კომედიური ჟანრის თვალსაზრისით.
მეტი რაღა უნდა ითქვას სპექტაკლზე, რომლის პრემიერაც 1995 წელს შედგა და დარბაზი დღემდე ვერ იტევს მაყურებელს. ეს არის თუმანიშვილის თეატრის ლეგენდარული სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟ. გ.მარგველაშვილი). ვოდევილის განსაკუთრებულობა მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებშია - გოგა პიპინაშვილისა და ნინელი ჭანკვეტაძის ტანდემი გარდასახვის, ბუნებრიობის, იმპროვიზაციულობის, იუმორის გრძნობის, გარდაქმნის არაჩვეულებრივი მაგალითია. მსუბუქი კომედიის ჟანრი, რომელშიც დიალოგი და დრამატული მოქმედება აგებულია თავშესაქცევ ინტრიგაზე, ანეკდოტურ სიუჟეტზე, შეხამებულია მუსიკასთან, სიმღერის ტექსტთან  და ცეკვასთან.
ფესტივალმა პატარებზეც იზრუნა და წარმოგვიდგინა მოზარდ მაყურებელთა არაჩვეულებრივი სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ (რეჟ. დ.ხვთისიაშვილი, გ.მარღანია). ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხალხური ზღაპარი რეჟისორებმა ფოლკლორული მუსიკით, სიმღერითა და ცეკვით შემოგვთავაზეს. ვახტანგ ქორიძის მხატვრობა, განათება, მუსიკალური გაფორმება, ძალიან გემოვნებით არის შექმნილი. უსაყვარლესი ბალერინა გოჭები, რომლებსაც გია მარღანია სინქრონში აცეკვებს და მათი ფრანგულენოვანი დედა ღორი რწყილს რკოს მოსატანად მუხასთან უშვებს. კრუხი, რომელიც კარტს შლის და მკითხაობს, თავისი სამყარო აქვს, ფანტაზიებში აცოცხლებს გარდაცვლილ მამალს, რომელიც უმღერის „მხოლოდ შენ ერთს“. ფეტვისთვის მისულ რწყილს ორმოში შალახოს მოცეკვავე წრუწუნა დახვდება, რომელიც სთხოვს დაეხმაროს კატის მოშორებაში, ის მხატვარია და აიძულებს თაგვს პოზირებას. კატა ოსურ სამოსში გამოწყობილი ცეკვით შემოდის სცენაზე და ითხოვს რძეს, რომელსაც მეგრელი ძროხა „დიდოუ ნანას“ მუსიკის თანხლებით იწველება. ეს არი სპექტაკლი, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა ნახოს თავიანთ მშობლებთან ერთად. ეს არის სპექტაკლი, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, როგორც პატარებს, ასევე დიდებს.
მესხეთის თეატრის სპექტაკლი „ქასთინგი“ კომედია კი არა ტრაგედიაა, სადაც მძიმე ბრძოლაა გაჩაღებული მოხუცი კლოუნის პოზიციის დასაკავებლად. საინტერესო პიესა ძალიან უღიმღამო და მოსაწყენი დადგმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ბატუტზე ხტუნაობა მაინც ხო შეიძლება ყოფილიყო ეფექტური...
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ილიაუნის თეატრი, ნინო ბურდულის დადგმით „სიმართლე“, ხოლო დახურვაზე სამეფო უბნის თეატრმა გვაჩვენა „დემონები“. სწორედ ამ სპექტაკლმა განაპირობა ფესტივალის ყველაზე ხმაურიანი დღე. ყოველთვის მოსალოდნელია, განსაკუთრებით კი რეგიონში, რომ ეროტიკულ სცენების  და ბილწსიტყვაობის გამო მაყურებელმა პროტესტის ნიშნად დატოვოს დარბაზი. ეს არ ნიშნავს სპექტაკლის შეუმდგარობას,  ხმაური უფრო მეტ პოპულარობას სძენს წარმოდგენას. მე სხვა პრობლემა დავინახე- ხმა, რომელიც ბუტბუტით აღწევდა პარტერში. მესმის, რომ სცენა სადაც სპექტაკლი დაიდგა, ძალიან პატარაა და სხვანაირი ინტიმური სივრცეა, მაგრამ როცა გასტროლზე გიწევს დიდ სცენაზე გამოსვლა, იქაურობას უნდა მოერგო. ამ მიზეზის გამო თბილისში, ამჯერად უკვე სამეფო უბნის თეატრში მივედი სპექტაკლის სანახავად. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონზე არცერთი წარმოდგენა ასე არ მომწონებია, როგორც „დემონები“. ბრავო რეჟისორს (მიშა ჩარკვიანი) და ბრავო იმ ოთხ არაჩვეულებრივ მსახიობს, რომლებიც სცენაზე იდგნენ (ნატუკა კახიძე, ქეთა შათირიშვილი, კახა კინწურაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი).
 ძალიან კარგია, როცა ადგილობრივი მოსახლეობა თავისსავე თეატრში ნახულობს სხვადასხვა რეგიონის, დედაქალაქის თუ საერთოდ სხვა ქვეყნის სპექტაკლებს, თუმცა უმჯობესია სხვა ჟანრის სპექტაკლებისთვის  შემუშავდეს საფესტივალო პროგრამა, რომელიც არ მოიცავს კომედიური ჟანრის სპექტაკლებს, მაგრამ ფესტივალის ფარგლებში იმართება, როგორც მაგალითად მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი ჩატარდა. ეს ნაკლებ კითხვას გაუჩენს მაყურებელს, რომელსაც კომედიის ნაცვლად სხვა ჟანრის წარმოდგენა ხვდება სცენაზე.
გარისკო და სამაგიდო რეპეტიცია, პერფორმანსად, ჰეფენინგად აქციო დიდი პასუხისმგებლობაა. სოსო ნემსაძემ ფაქტობრივად არ დაინდო თავისი მსახიობები (რუსთავის თეატრის დასი) და საჯარო განხილვისთვის გაიმეტა თითოეული. რეჟისორმა რეპეტიციის წინ  პატარა შესავალი გააკეთა, გაგვაცნო თავისი მსახიობები და გვესაუბრა დადგმის კონცეფციაზე. შემდეგ რამდენიმე ეპიზოდი დაამუშავეს ჩვენთან ერთად. რეჟისორი აქტიურ ჩართულობას ითხოვდა დამსწრე საზოგადოებისგან. ახსნა მოვლენები და მსახიობებს მისცა საშუალება, თვითონვე მისულიყვნენ იქამდე, რაც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩემთვის, როგორც თეატრმცოდნისთვის, რა თქმა უნდა, პირველი არ იყო რეპეტიციის პროცესის ყურება, თუმცა არ მახსენდება ვინმეს გაეკეთებინოს საჯარო სამაგიდო სამუშაო და მოეწვიოს ყველა მსურველი, მოესმინოს მათი აზრი. ეს ძალიან გაბედული და ყველასთვის სასარგებლო ნაბიჯია.
შვიდწლიანი მოღვაწეობის მანძილზე სოსო ნემსაძემ ფეხზე დააყენა გორის ერისთავის თეატრი. შექმნა სრულფასოვანი რეპერტუარი, გაზარდა მაყურებელი, წასახალისებლად დააწესა ერთგული მაყურებლის პრიზი. სამხატვრო ხელმძღვანელი  თეატრისთვის აკეთებდა ყველაფერს. დასისთვის რთული იყო იმ ფაქტთან შეგუება, რომ რეჟისორი წავიდა რუსთავის თეატრში, თუმცა იქაურობას ნამდვილად სჭირდება სოსო ნემსაძის ხელი. დასაფასებელია ფაქტი, რომ მან თავისი დაარსებული ფესტივალი დატოვა გორში, რაც აადვილებს ხელმძღვანელთან განშორებას.





Comments

Popular Posts