ალფრედ ჟარი, უბუს მამილო


ფრანგი მწერალი, სიურრეალიზმის ერთ-ერთი წინამორბედი ალფრედ ჟარი (1873-1907) XIX საუკუნის დასასრულის თეატრის ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა, თეატრალური ავანგარდის საკულტო პერსონაჟი. ლიტერატურის ისტორიაში შევიდა პიესათა ციკლით, რომელსაც მამილო უბუს პერსონაჟი აერთიანებს: პიესების სახელწოდებებია – „მეფე უბუ“ (1896), „მიჯაჭვული უბუ“ (1900), „უბუ გორაკზე“ (1901) და „უბუ-რქებდადგმული“ (1905). ამავე პერსონაჟთან არის დაკავშირებული „მამილო უბუს ალმანახი“ (1891-1901), რომელსაც ჟარი გამოსცემდა. ჟარი უეჭველად არის სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედი. აღარავინ დაობს იმაზე, რომ XX საუკუნის თეატრალური ავანგარდის ისტორია, მათ რიცხვში მისი სიურრეალისტური განშტოებანი, ათვლას  1896 წლის 10 დეკემბრიდან იწყებენ, იმ დღიდან, როცა გაიმართა „მეფე უბუს“ პრემიერა. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი დადგმული იყო სიმბოლისტური თეატრის ცნობილი რეჟისორის ორელიენ ლუნიე-პოს მიერ, რომელმაც შეძლო თვითონ ესწავლებინა თავისი მაყურებლისთვის აბსტრაქტული სიმბოლიკა და ახალი თეატრალური ენა, ჟარის პიესამ შოკური შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. ჟარის „მეფე უბუ“ და მისი წარმოდგენა თანამედროვე თეატრის ისტორიის გარდამტეხ მომენტად არის მიჩნეული. დარბაზში მსხდომები ყველაზე მეტად აღაშფოთა და გააოცა პიესის გამომწვევმა ენამ და გამომსახველობამ, „ალოგიკურმა“ ხასიათმა, ის, რაც სცენაზე ხდებოდა დარბაზში მსხდომთა ერთი ნაწილისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. 


ჟარის სათეატრო რეფორმა რამდენიმე ასპექტს მოიცავდა, დრამატურგი წყვეტდა კავშირს ნატურალისტური თეატრის ილუზიურ ხასიათთან, უარყოფდა დრამის ნარატიულ და ფსიქოლოგიურ ფუნქციას. ჟარის პერსონაჟებს არ ჰქონდათ ქცევის ფსიქოლოგიური მოტივაცია, რასაც დრამატურგი განზრახ არღვევდა. ქმედების ჩვეული ლოგიკა დარღვეული იყო. დრამატურგმა კარნავალისა და პრიმიტივის ესთეტიკა შემოიტანა, კლასიკური ტექსტების თავისუფალი ადაპტაცია მოახდინა. კერძოდ, „მეფე უბუში“ შექსპირის „ზამთრის ზღაპრისა“ და „მაკბეტის“ თავისუფალი გაერთიანება ხდებოდა. ჟარის შეტევა ხორციელდებოდა მის თანამედროვეთა ენობრივ და მორალურ სამყაროზე, ჩვევებზე. 
 „უბუს“ ავტორს არ სურდა მისი პიესა ადვილად გასაგები ყოფილიყო პუბლიკისათვის. მის მიზანს მაყურებლის „შეჯანჯღარება“, მისთვის სილის გაწვნა წარმოადგენდა. მას სურდა იგი ამოეგდო  ჩვეული კომფორტულად მომზირალის პოზიციიდან და უცნობი და ახალი რეალობა ეჩევნებინა მისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჟარისა და ლუნე–პოს „სისასტიკე“ და ძალადობა იყო დამსწრეებზე.  პიესაში ხშირად გამოიყენებოდა უწმაწური ლექსიკა, ნეოლოგიზმები, მათ შორის სალანძღავი, უშვერი სიტყვა merdre-ი, რაც სიტყვა „განავლის“ უხეშ ფორმას წარმოადგენს. მაყურებელი თავისი ნების წინააღმდეგ „მონაწილეობდა“ ჟარის მიერ ვირტუოზულად შექმნილ, ძნელად გასაშიფრ ან სულაც ვერგასაშიფრ შესიტყვებაში. სიტყვების ამ თამაშში იყო ჩადებული ერთი ყველაზე უფრო მდგრადი პრინციპი თეატრალური ავანგარდისა - მუდმივი სწრაფვა გამოეწვია მაყურებელთა გაოგნება. ბუნებრივია, სპექტაკლს, რომელშიც გმირის პირველივე  რეპლიკა იყო ფრანგულ ენაში არსებული, საკმაოდ ენერგიული და უცენზურო არსებითი სახელი merdre, არ შეიძლება რომ ჩვეულებრივ ჩაევლო. შედეგმაც არ დააყოვნა. მაყურებელმა მოაწყო ხმამაღალი ამბოხი მისთვის უხამსი სანახაობის წინააღმდეგ, თუმცა დარბაზში სპექტაკლის მომხრეებიც აღმოჩნდნენ. მათ შორის განხეთქილება ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. 
მაგრამ ამაში მდგომარეობდა ძირითადი ამოცანაც, რომელიც დააყენა ჟარიმ. მისი პასუხი, გაოგნებული მეგობრის მიმართ გახდა XX ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მჭევრმეტყველური ესთეტიკური ლოზუნგი: “...თხრობა გასაგები რამეების შესახებ მხოლოდ ამძიმებს გონებას და აფუჭებს მეხსიერებას, მაშინ როდესაც აბსურდი ავარჯიშებს გონებას და წვრთნის მეხსიერებას“. არ იქნებოდა სწორი გვევარაუდა, რომ ჟარის არ აღელვებდა მაყურებელთა რეაქცია მის ქმნილებაზე. „მერკურის“ 1896 წლის სექტემბრის ნომერში დაბეჭდეს მისი სტატია „თეატრში თეატრის უსარგებლობის შესახებ“. მასში ჟარი, თეატრ „ევრის“ („L’Oeuvre” - “შემოქმედება“, სიმბოლისტური თეატრი, 1893 წელს შექმნილი მსახიობ ლუნე-პოს მიერ, რომელიც ჟარიზე სულ 4 წლით იყო უფროსი), მომავალ თეატრალურ სეზონს წარმოადგენს. მაგრამ მას ყველაზე მეტად აინტერესებს, თეატრი უნდა შეეგუოს მაყურებელს, თუ პირიქით, მაყურებელი - თეატრს. „მეფე უბუს“ პრემიერის წინ ის გამოთქვამდა მტკიცე რწმენას, რომ მაყურებელი მიიღებს თეატრს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სცენაზე იქნებიან პერსონაჟები, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც იგი. კიდევ უფრო ღია ფორმით გამოთქმული გამოწვევა ჟარისა პუბლიკის მიმართ გაისმა სტატიაში, რომელიც თითქმის მაშინვე დაიბეჭდა, „უბუს“ ჩავარდნის შემდეგ, „ლა რევიუ ბლანშში“ („La Revue Blanche”, 1897.) ჟარი გრძნობდა, რომ იგი ბრბოს მიერ უკუგდებულ ხელოვნებას ეკუთვნოდა და ამ ბრბოს ადანაშაულებდა, რადგან ამ ბრბოს აუცილებლად მიაჩნდა ხელოვნების ნაწარმოებიდან განდევნილიყო „შემთხვევითობის ნებისმიერი ელემენტი“, „ყოველივე არსებითი“, მათ შორის „უზენაესის სულიც“, იგი „ხელოვნების დასაჭურვისებას“ ესწრაფოდა. „მამილო  უბუს“ შემქმნელის მიერ ბრბოს გამოწვევას შემდეგში ჟარი შემოსავს საკუთარი ცხოვრების მითოლოგიზაციის ფორმებითა და ავტორის პერსონაჟთან იდენტიფიცირების ხერხებით. თუ სიურრეალისტებმა გადაიღეს რა ეს ხერხი ჟარისგან, ჩაეჭიდნენ რა მსგავსი მისტიფიკაციის პაროდიულ-სათამაშო ხასიათს, თავად ჟარისათვის თვითონ მისივე შექმნილი, მსახიობის მიერ როლთან „შესისხლხორცების ექსპერიმენტი“ არსით სიურრეალისტური, ტრაგიკულად დამთავრდა. თავის ერთ-ერთ  სიკვდილისწინა წერილში იგი თავისი თავის შესახებ წერს: “...ამგვარად, მამილო უბუ, რომელმაც დასვენება დაიმსახურა, ცდილობს დაიძინოს. იგი ვარაუდობს, რომ ტვინი ნგრევის მდგომარეობაშია და ფუნქციონირებს სიკვდილმიღმა.“ მისმა გმირმა კი შემქმნელის სიკვდილის მერე გასაოცარი მეტამორფოზები განიცადა.
ამ პერსონაჟის ბედი პარადოქსულია; ძნელია იპოვო ლიტერატურის ისტორიაში სხვა ისეთი გმირი, რომლის „ბიოგრაფია“ იქნებოდა ამდენად გასაოცარი და ამდენად ცვალებადი საუკუნის მანძილზე. ჟარისა და მისი მეგობარი-მოზარდების მიერ მოგონილი შარჟი-კარიკატურა კოლეჯის საძულველ მასწავლებელზე, განკუთვნილი იყო თოჯინების სპექტაკლისათვის. „მეფე უბუ“ პირველად 1888 წელს  მარიონეტების „მიერ“ იყო ნათამაშები. გმირის ბიოგრაფიის ეს ფაქტი გახდება მნიშვნელოვანი საუკუნეთა საზღვარზე თეატრის მხატვრული ძიებების კონტექსტში: მარიონეტთა თეატრისათვის წერდა პიესებს მეტერლინკი; სცენის დიდი რეფორმატორი გორდონ კრეგი ოცნებობდა მსახიობ-მარიონეტზე.
ბღენძია ტრაბახა-უჯიათის სახე, გატაცებით რომ ამცირებს მასზე სუსტს, მშვენივრად მოერგო საფრანგეთის რეალური მოვლენების ხსოვნას, ხოლო ჟარის მიერ დადგმაზე დამატებული დაზუსტებანი, როგორიცაა, მაგალითად, პრუსიული მარშები, როგორც დომინირებული მელოდიების შეყვანა მუსიკაში, იწვევდა ფრანკო-პრუსიული ომისა და პარიზის კომუნის ტრაგედიის ასოციაციაციებს. უხეშ მსუქანა უბუში, რომელიც სხვათა სიცოცხლეებს შეუბრალებლად განაგებს, ადვილი შესაცნობია ტიერ - მოკლე (ჟარი). ყოველ შემთხვევაში თვითონ ჟარი არ იყო წინააღმდეგი თავისი გმირის შესაბამისობისა რეალურ პერსონაჟთან: მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად სინამდვილის აბსტრაჰირების იდეა, რამდენადაც მისი მოვლენების უნივერსალიზაციისკენ სწრაფვა, რაც დაემართა უბუს XXს-ის მეორე ნახევარში, როცა ცხადი შეიქნა, რომ „მისი სტომაქიდან“ გამოვიდა აბსურდის თეატრის უმეტესი პერსონაჟი. ამგვარად, პერსონაჟი - სკოლის მასწავლებლის პაროდია - შევიდა მსოფლიო თეატრის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ადამიანის არსებობის რეალობასთან დაკავშირებული სახე-სიმბოლო.
შემდგომი თაობების დრამატურგებს ესმოდათ რა მამილო უბუს მნიშვნელობა მსოფლიო თეატრისათვის, ცდილობდნენ ხან ურთიერთშეეფარდებინათ ლიტერატურული პერსონაჟი და ავტორი, ხან ეთამაშათ ჟარის პიესების მოტივებზე. ასე მაგალითად, ჟ.-ლ. ბარომ აიტაცა რა ჟარის ერთი პიესის სახელწოდება, 1968 წელს დადგა დრამა „ჟარი გორაკზე“, სადაც მთავარია მხატვარ-მეამბოხის ტრაგიკული ბედი. ხოლო 1977 წელს პიტერ ბრუკი პიესის „უბუ ბუფში“ (ბუფ დიუ ნორის სცენაზე)  რეჟისორი გახდა. მან შეგნებულად შეიყვანა მასში პირდაპირი ციტატები პიესიდან „უბუ გორაკზე“. ბრუკი ხაზს უსვამდა „მონმარტრულ თავისუფალ აზროვნებას“ და შემოქმედებით ფანტაზიებს, რომლებმაც წარმოშვეს XX საუკუნის ავანგარდულ (სიურრეალისტურ) ხელოვნებაში ყველაფერი უბრწყინვალესი  .
მიუხედავად ჟარის შეუპოვარი მისწრაფებისა თავისი გმირი მოეგლიჯა წინარე ეროვნული ლიტერატურიდან, წარმოედგინა იგი უთვისტომო ბასტარადად (ბასტარადი - 1. ბიოლოგიური ჰიბრიდი ცხოველთა სახეობრიობათაშორის და გვართაშორის შეჯვარების შედეგი. 2. დასავლ. ევროპაში შუა საუკუნეებში - ქორწინების გარეშე მფლობელისგან გაჩენილი ვაჟი, მეფისგან, ჰერცოგისგან), უბუ აღმოჩნდა სავსებით ორგანულად და მტკიცედ დაკავშირებული სწორედ ფრანგულ მხატვრულ ტრადიციასთან, უწინარეს ყოვლისა, მის სიცილის კულტურასთან, ფარსთან, ფაბლიოსთან (შუასაუკუნეობრივი ფრანგული ლიტერატურის ხალხური ჟანრი: ანეკდოტური ამბის მოყოლა პროზით ან ლექსით), რაბლესთან. შეიძლება სწორედ ამიტომ ჟარის პიესები არ აღიქმება როგორც გონებაჭვრეტითი კონსტრუქციები, რომლებიც ესთეტიკური პრინციპების ილუსტრაციას ეწევიან, სწორედ ასეთი აღმოჩნდა მოგვიანებით სიურრეალისტთა დრამატული ნაწარმოებები.

Comments

Popular Posts