შავი კომედია დელ’ არტე - კრიმოვის „უმზითვო“


ფოტო: სალომე გრიგალაშვილი

თანამედროვე თეატრალურ რუსეთს დღეს ჰყავს დიმიტრი კრიმოვი, რომელიც ფაქტობრივად ვასილევის გამგრძელებელია. კრიმოვის ლაბორატორიაში არ ასწავლიან როგორ გაფორმდეს სპექტაკლი, ეს არ არის გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო და არც სცენოგრაფიის სკოლა. დღეისათვის მოსკოვის არცერთ თეატრალურ სასწავლებელში არ არსებობს რეჟისორებისა და მხატვრების მომზადების ასეთი პრაქტიკა. ძირითადი საგნების სწავლების გარდა, როგორიცაა მხატვრობა, კომპოზიცია, მაკეტი, სტუდენტ მხატვრები რეჟისორებთან ერთად მუშაობენ ამონარიდებზე, რომელთა ფორმაც შესაძლოა გამოხატული იყოს პერფორმანსის ინსტალაციის სახით. სწორედ ასეთია სპექტაკლი, რომელზეც ეხლა ვისაუბრებ. 

ყველას, ვინც კრიმოვის სპექტაკლის - „უმზითვოს“ აფიშას ნახავს, სათაურიდანვე ინტრიგა მოიცავს: „Безприданница“- „з“ ასოთი ჩანაცვლებული „c” ორთოგრაფიული შეცდომაა თუ რეჟისორისეული რამე ხრიკი. კრიმოვის აზრით „c” ბგერა არბილებს სათაურის არსს, ხოლო „Безприданница“ გამოითქმის უფრო მკაცრად, როგორც განაჩენი. ამის მსგავსად რეჟისორი საპირფარეშოს კარის წარწერაზე ამოაგდებს ასო „и-ს - сарт(и)р”; მიუხედავად „т“-ს და „р“-ს შორის ჩამატებული „и“-სა, ავტომატურად სარტრის „ცხრა კლიტული“ გვახსენდება. „... ისევ ცელქობა და კრიმოვის მთელი კარნავალი - სარტრიდან ეგზისტენციალიზმამდე“. - ვადიმ რუტკოვსკი. (www.krymov.org - http://www.coolconnections.ru/ru/blog/posts/145a7733-e4cd-466b-823e-8be24bdfe542)
 თანამედროვე რეჟისორები ძალიან ერიდებიან ოსტროვსკის ტექსტის შეცვლას, ეს ტაბუდადებული თემაა. კრიმოვი კი ტექსტს ცვლის უშიშრად, გამაოგნებელი სიმსუბუქით.
 დიმიტრი კრიმოვის სხვა დადგმებისგან განსხვავებით „უმზითვო“ უფრო ახლოს არის დრამატულ თეატრთან, თუმცა სავსეა რეჟისორისთვის დამახასიათებელი ექსპერიმენტებით. კრიმოვი ირჩევს XIX ს-ის ბოლოს დაწერილ ამ პიესას და თამამ ინსცენირებას უკეთებს. კონსერვატორი საზოგადოება, რომელიც მომხრეა კლასიკის ხელშეუხებლობის, ცხადია უკმაყოფილო დატოვებს დარბაზს. სწორედ ასეთი, ძალიან პატარა ჯგუფი გავიდა რუსთაველის თეატრის პარტერიდან, როდესაც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარის (2018წ.) პროგრამის ფარგლებში ვიხილეთ ეს სპექტაკლი. მოგეხსენებათ ამ ფესტივალის მეშვეობით გაიცნო ქართველმა საზოგადოებამ დიმიტრი კრიმოვის შემოქმედება, ეზიარა მის მხატვრულ ხედვას და თეატრ ლაბორატორიას. სწორედ მისი ხშირი ვიზიტით მიღებული შთაბეჭდილებები გახდა ჩემი საკვლევი თემის არჩევის მიზეზი. რეჟისორი საინტერესო და განსხვავებული ფორმებით გვაწვდის სათქმელს, განსაკუთრებით იგრძნობა მისი მხატვრობის მიმართ სიყვარული. დაახლოებით 15 წელია, რაც სცენოგრაფიიდან რეჟისურაში სცადა ბედი და თან ძალიან წარმატებულად.
მიუხედავად პიესის რეჟისორული ვერსიისა, ის არ კარგავს დრამატურგის მთავარ სათქმელს. ახალ სამყაროში, ახალ ფასეულობებთან ერთად ყველა უბედურია. სიყვარულისა და ბედნიერებისთვის ადგილი აღარ რჩება. დიმიტრი კრიმოვმა პირველი მოქმედება ააწყო სასაცილო, ექსცენტრული სცენებით. კომიკური ეფექტის გასამძაფრებლად ხარიტა იგნატიევნა ოგუტოვას როლი კაცს მოარგო (სერგეი მელკონიანი). ეფექტური და სახალისოა  იატაკის ჯოხთან მისი ცეკვის სცენა „I will survive” (გლორია გაინორის შესრულებით) სიმღერის ფონზე, რომელიც 1978 წელს დაიწერა და არატრადციული ორიენტაციის მქონე ადამიანების ჰიმნად იქცა. დიმიტრი კრიმოვი ამ პასაჟს ტექნიკურად იყენებს სპექტაკლში. ლარისას დედა (ხარიტა იგნატიევნა) სიურრეალიზმის განსახიერებაა. რომელი დედა ასწავლის ქალიშვილს დამცირებას? ის ხან მამაკაცური ძალით ესხმის თავს ლარისას სატრფოს, ხან კი ქალური სიუსტით მანიპულირებს. სერგეი მელკონიანი მთელი ოსტატობით ასრულებს ტრანსფორმირებული ქალის როლს, რომელიც არამდგრადი და ჩამოუყალიბებელია, ის თითქოს ქალიშვილის უბედურების ერთ-ერთი მიზეზია. 
კრიმოვის „ხელოვნების სკოლის“ უპირატესობას სცენგრაფია განსაზღვრავს, რაც ბუნებრივია, მისი ხელმძღვანელი ხომ მხატვარია. უნიკალურია ტექნოლოგია, თამაშის ხერხი, კოსტიუმები, მულტიმედია. XIX-XXI საუკუნეების კოსტიუმებით და მიზანსცენებით კრიმოვი ოსტატურად ახერხებს დროში მოგზაურობას, ისე რომ ჰარმონიული ეკლექტიკა სრულებითაც არ არის თვალშისაცემი და გამაღიზიანებელი (სცენოგრაფია - ანა კოსტრიკოვა). რეჟისორი გვეუბნება, რომ ეპოქათა დიდი განსხვავების მიუხედავად ადამიანები და მათი პრობლემები არ იცვლება.
ოსტროვსკის რემარკა - მოქმედება წარმოებს ჩვენს დროს (იგულისხმება ავტორის დრო) დიდ ქალაქ ბრიახიმოვში, ვოლგაზე (ა.ნ. ოსტროვსკი. პიესები. სახელმწიფო გამომცემლობა. თბილისი. 1950.) - რეჟისორმა მარტივად, სცენის სიღრმეში დაკიდებულ დიდ ეკრანზე მოათავსა. იგრძნობა კინემატოგრაფის ელემენტები (ვიდეო დიზაინერი - ელიზავეტა იურევა). ეკრანზე მდინარე ვოლგა ჩანს, რომელიც უძრავად დგას. შორს ჩნდებიან ადამიანთა მცირე ზომის ფიგურები, რომლებიც გვიახლოვდებიან, ზომაში იზრდებიან, აღწევენ სრულ სიმაღლეს და მომენტალურად ქრებიან, თითქოს ეკრანიდან პირდაპირ სცენაზე გადმოდიან გვერდით არსებული კარით. პერიოდუად ისმის გემი „მერცხალის“ ხმა, რომლითაც სერგეი სერგეიჩ პარატოვი მიადგა ნაპირს. ასევე ეკრანის მეშვეობით ვიგებთ თუ როგორ ემზადება ლარისა პარატოვთან ერთად გასაქცევად (ფარულ ჩანაწერში ჩანს წყვილის ალერსი). რუსეთში ძალიან პოპულარულია გადაცემები, სადაც ეჭვიანობის ნიადაგზე წყვილები ქირაობენ დეტექტივებს, რომლებიც უთვალთვალებენ და ფარული კამერით იღებენ ინტიმურ კადრებს. უსიყვარულოდ აგებული ურთიერთობები, უნდობლობისა და ხშირ შემთხვევაში ფატალური დასასრულის მიზეზი ხდება. სპექტაკლის ფინალში კარანდაშევი საკუთარი ხელით კლავს ლარისას : „დაე ნურავისი გახდები“, ქალი მისი მადლიერია, რომ წერტილი დაუსვა უიმედო სიყვარულით გამოწვეულ სასტიკ ტანჯვას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა კლუბში ფეხბურთის ყურებაა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-ჰოლანდიის მატჩს გადმოსცემს, სადაც რუსეთი გავიდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამ თამაშის საყურებლად შეკრებილი პერსონაჟები წამიერად გაიხარებენ გამარჯვებით და უემოციოდ იშლებიან. ეს ის ერთადერთი სიხარულია, რაც ქვეყანამ მოუტანა. იმედგაცრუებულები არიან, ვერ ხვდებიან რა ახარებთ, როცა ასეთი მძიმე ყოფა აქვთ. ეს ეკრანია თითქოს ერთადერთი რაც ამ ხალხს აერთიანებს. აქ არავის არავინ სჭირდება და არც აინტერესებს. ყველა, მიუხედავად იმისა მდიდარია თუ ღარიბი, თავისებურად უბედურია. ეფექტურია სტადიონის განათების გამოყენება, რომელიც პარტერში მყოფ მაყურებელს ისე ჭრის თვალს, თითქოს ჩემპიონატს ესწრებოდეს. კრიმოვს მაქსიმალურად დაჭერილი ჰყავს აუდიტორია და არ აძლევს სცენიდან გამოთიშვის საშუალებას. თუ პიესაში ჩაიხანაა თავშეყრის ადგილი, სპექტაკლში - კლუბი, სადაც ფეხბურთს უყურებენ. ტელევიზია „Первый канал“-თან ინტერვიუში მარია სმოლნიკოვა ამბობს: „როგორც ჩეხოვთან ჩაის სმის დროს წყდება ბედ-იღბალი ასეა აქაც, ფეხბურთის ყურების დროს ხდება საშინელება“ ( youtube - https://www.youtube.com/watch?v=xxCUuR44fO4 ).
იული კაპიტონიჩ კარანდაშევი (მაქსიმ მამინოვი) მოსიარულე საცოდაობაა, რომელსაც მუდმივად ეხსნება ხელსაწყო იარაღებით სავსე ყუთი და მის ალაგებას პატარა ბავშვივით მთელ დროს ანდომებს, ასევე სათითაოდ კიდებს ძირს დაყრილ ქურთუკებს. ის მზად არის შეასრულოს ნებისმიერი დავალება. კარანდაშევი ერთადერთია, ვისაც უმზითვო ლარისას შერთვა სურს, ლამაზი ქალი მისთვის პრესტიჟის საკითხია. როგორც სხვა სატრფოებს, არც მას უყვარს ლარისა, უბრალოდ უნდა ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა, სხვებივით რუტინული ცხოვრება.
მოკი პარმენიჩ კნუროვი (კონსტანტინ მუხანოვი) - უკანასკნელი დროის ფართო გაქანების საქმოსანი. ხანშიშესული, მარჯვე და მოხერხებული კაცი. დიდი ქონების პატრონი - ასე აღწერს პერსონაჟს ოსტროვსკი. კრიმოვს კი სცენაზე შემოჰყავს დაჩაჩანაკებული, წელში მოხრილი მოხუცი, რომელიც კოჭლობით შემზარავად დადის. გრძელი ქურქი, რომელსაც შლეიფივით მიათრევს და ხელზე ასხმული ბეჭდები მის ძლევამოსილებას უსვამს ხაზს. ის უბედურია თავისი უბადრუკი სიბერის გამო. მისთვის ლარისა მხოლოდ საგანია, რომლის ყიდვაც ისე შეუძლია, როგორც სხვა დანარჩენი ნივთის. გამაოგნებელია სცენა, როდესაც კნუროვი „შთანთქავს“ ლარისას - ის გველივით მიიკლაკნება ქალისკენ, დაბალი მოხუცი სატანური ძალისხმევით უცბათ მაღლდება და მის ქურქში ისე ახვევს ლარისას თითქოს ერთ მთლიანობად გარდაისახებიან,  შემდეგ კი უგონოს აგდებს ძირს, როგორც გამოყენებულ, უვარგის ნივთს.
ლარისა დიმიტრიევნა (მარია სმოლნიკოვა) - უბედური, უმზითვო ქალია, რომელსაც თავისი უიღბლო ცხოვების გამო სიმღერა აღარ შეუძლია და კარაოკეში ფონოგრამით მღერის. კომპოზიცია კარგად მოერგო ლარისას სულიერ განცდებს: სულისშემძვრელი „ვარსკვლავი“, ჟანა აგუზაროვას შესრულებით, ტრაგიკული სიმღერაა სანატრელ, მაგრამ ვარსკვლავივით მიუღწეველ თავისუფლებაზე. ნაწარმოები შეურაცხყოფილ სიყვარულს ეხება, რომელიც ვითარდება კაპიტალიზმის დასაწყისში, სადაც ფული მართავს ყველაფერს. სიყვარული  ბედნიერების ნაცვლად, უბედურების მომტანი ხდება.
„კრიმოვს ოსტროვსკი გადაყავს თავის პირად, უნიკალურ სამყაროში, ფარსი, გროტესკული, დამცინავი... მაგრამ ირონიულს ვერ დაარქმევ. განდლევსკის განმარტებით ირონია „იმედგაცრუების მხიარულებაა“, კრიმოვი კი მიუხედავად სპექტაკლის მთელი ტრაგიზმისა (სასტიკი და სისხლიანი ფინალი ხომ სახეზეა) მაინც ინარჩუნებს იდუმალებას - თეატრი, როგორც საოცრების ადგლი, სადაც შეგიძლია შექმნა ყველაფერი და ისიამოვნო ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლებით - ვადიმ რუტკოვსკი (www.krymov.org - http://www.coolconnections.ru/ru/blog/posts/145a7733-e4cd-466b-823e-8be24bdfe542 )
„სპექტაკლი ჩვენს ვნებებზეა, განცდაზე რომელიც გვაშფოთებს და გვმართავს. პიესის გმირები „ფსკერზე“ არიან, სადაც  ერთი გროშის გამოც დაუფიქრებლად დაახრჩობენ ერთამენთს.  და ზუსტად აქ, არც არსაიდან გაჩნდა სიყვარული, რომლის ადგილი არ არსებობს. როგორც პეპელა შეფრინდა მაღაროში. მართალია, ქვანახშირის შახტაში პეპელა,  ბოლომდე პეპელაც არაა და  მან მუტაცია განიცადა, როგორც სხვა ყველაფერმა - სიყვარულიც, ფულიც აქ ჰიპერტროფირებულია, თუმცა ეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.  პიესის ღერძი ადამიანის გრძნობებია, რომლებიც  პრინციპში არავის სჭირდება: მათაც ახურდავებენ, მაგრამ ვიღაცას კვლავაც სჯერა მათი“ - დიმიტრი კრიმოვი

ფოტო: სალომე გრიგალაშვილი




გამოყენებული ლიტერატურა:
·       ა.ნ. ოსტროვსკი, პიესები, სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი, 1950.
·       მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი - 2018 წლის კატალოგი
·       www.coolconnections.ru
·       www.krymov.org
·       www.youtube.com


Comments

Popular Posts