ბაუჰაუსი



1920 წელს გერმანიაში პერფორმანსი ვითარდებოდა ძირითადად ოსკარ შლემერის ნოვატორული შმოქმედებით, რომელიც ბაუჰაუსის სკოლაში მოღვაწეობდა. 1928 წელს ის წერდა „თეატრი ბაუჰაუსში მე უკვე დავასამარე და მასთან ერთად ხვალინდელი საღამოც, რომლისგანაც ბევრს მოველოდი“ ეს სიტყვები გულნატკენი კაცის იუმორი იყო მაშინ, როდესაც მთავრობამ ხალხმრავალი შეკრებები აკრძალა.
ბაუჰაუსის სამხატვრო სასწავლებელი გაიხსნა 1919 წლის აპრილში, როდესაც გერმანიაში სრულიად სხვა ატმოსფერო იყო. ფუტურისტებისა და დადაისტებისაგან განსხვავებით, ვალტერ გროპიუსმა ბაუჰაუსის რომანტიკულ მანიფესტში ხელოვნების ყველა დარგს მოუწოდა „სოციალიზმის ტაძარში“ გაერთიანებისკენ. ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლებმა დაიწყეს გერმანიის ქალაქ ვაიმარში თავმოყრა. დაინიშნენ რა ბაუჰაუსის პედაგოგებად, ასწავლიდნენ ისეთ საგნებს, როგორიცაა სკუპლტურა, ლითონზე მუშაობა, ქსოვის ხელოვნება, ავეჯის წარმოება, კედლების მოხატვა, მხატვრობა, ვიტრაჟების შექმნა და ამ კონსერვატულ ქალაქში შექმნეს თავიანთი ავტონომია.
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სცენური ოსტატობის კლასს. პერფორმანსის კურსს ხელმძღვანელობდა მოწვეული პროფესორი ლოტარ შრეიერი (მხატვარ-ექსპრესიონისტი, დრამატურგი), რომელიც ასწავლიდა სპექტაკლებისთვის ფიგურების გამოძერწვას. მისი პრინციპი იყო: „სცენური მუშაობა - ხელოვნების შექმნა“. მანვე შეიმუშავა მეტყველებისა და ინტონაციების საკმაოდ რთული სქემა, რომელიც თანხვედრაში იყო პლასტიკასთან და ემსახურებოდა ემოციების უკეთ გადმოცემას. პრინციპში აქ ნოვატორული ცოტა რამ თუ იყო, შრეიერის სპექტაკლები ფაქტობრივად ექსპრესიონისტული სტილის გაგრძელებას წარმოადგენდნენ, რომელიც უკვე 5 წელი არსებობდა მიუხენსა და ბერლინში. ეს რელიგიური სულით გამსჭვალული სტილია, სადაც მეტყველება ემოციებითაა გადატვირთული და ენაბორძიკობამდე მიდის, მოძრაობები ემსგავსება ჟესტებს, პანტომიმის მსგავსად, ხოლო ხმა, ფერები და განათება აძლიერებს მელოდრამატულობას. ამის გამო ინფორმაციის გადაცემის ძირითადი თემა გახდა განცდა, ემოცია, ეს კი ეწინააღმდეგებოდა ბაუჰაუსის მიზნებს ხელოვნებისა და ტექნიკის შერწყმის შესახებ. შრეიერის ამ წამოწყებას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით 1923 წელს მოწყბილი გამოფენის შემდეგ, რომელიც “ ბაუჰაუსის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა დევიზით - „ხელოვნება და ტექნიკა - ახალი ერთობა“. დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ იმავე წლის შემოდგომაზე შრეიერმა ბაუჰაუსი დატოვა და ვაიმარიდან გაემგზავრა.
მის ადგილზე მოიწვიეს ოსკარ შლემერი, იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული სპეციალისტი, მან ბევრი რამ შეცვალა ბაუჰაუსის პერფორმანსსა და დემონსტრაციაში. მის პირველ სპექტაკლში „ფიგურალური კაბინეტი I“, პერფორმანსი მეტაფიზიკური აბსტრაქციებით ხასიათდებოდა, გამოიყენებოდა კაბარეს მეთოდები, რაც კარგ პაროდიებს ქმნიდა იმდროისთვის გაბატონებულ შეხედულებებზე „პროგრესის რწმენასთან“ დაკავშირებით. ამ აზრიან და უაზრ აბდაუბდებში მთავარი იყო ფერი, ფორმა, ბუნება და ხელოვნება, ადამიანი და მანქანა, აკუსტიკა და მექანიკა. იწყება სპექტაკლი და უხილავი ხელი სცენაზე უშვებს სხვადასხვა ზომის ფიგურებს, ისინი სხვადასხვა პერსონაჟებს განასახიერებენ. შლემერის თქმით ეს ბაბილონისეული ქაოსია, სადაც სასეიროდ თავისი მეთოდები აქვს ფორმების, ფერებისა და სტილების შერწყმით. ამის კიდევ უფრო ნათელი მაგალითი იყო „ფიგურალური კაბინეტი II”, სადაც ლითონის ფიგურები სცენაზე გაბმულ მავთულზე წინ და უკან მოძრაობდნენ. სპექტაკლს ჰქონდა დიდი წარმატება ზუსტად იმიტომ, რომ გამოყენებული იყო მექანიკური მოწყობილობები და საერთო დიზაინი აღიქმებოდა, როგორც მხატვრული და ტექნიკური პროგრესი. შლემერის ამ პერფორმანსს ბაუჰაუსში დიდად აფასებდნენ, მალე ეს სტილი სკოლის სავიზიტო ბარათად იქცა, შლემერი კი სასცენო განყოფილების უფროსად დაინიშნა.
 სპექტაკლების გარდა გადაწყვიტეს გასართობი ღონისძიებების მოწყობა, რაც ვაიმარს სიცოცხლეს შეჰმატებდა და კულტურულ ცენტრად გადააქცევდა. მართლაც ცოტა ხანში მთელი გერმანიიდან დაიწყეს ჩამოსვლა სრულიად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა. ეწყობოდა თემატური საღამოები: „მეთა“ (სპექტაკლი), წვერის ფესტივალი, ცხვირისა და გულების ფესტივალი, თეთრი ფესტივალი. ამისთვის შლემერი და მისი მოწაფეები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. პერფორანსი „ფიგურული კაბინეტი“ გადაიქცა ერთ-ერთ სადღესასწაულო საღამოდ, ასევე სპექტაკლი „მეთა“, რომელიც სასტუმროში დაიდგა და რეკვიზიტებად გამოიყენებოდა სასტუმროს ინტერიერი. ბაუჰაუსის ორკესტრმაც აქ შეასრულა პირველად თავისი კომპოზიციები. წარმოდგენამ მიიღო კრიტიკის უმაღლესი შეფასება. გაზეთები წერდნენ, რომ მან აჯობა ბერლინის სახელმწიფო თეატრს. ბაუჰაუსის ჯაზ-ბენდმა კომპოზიციებით „ბანანების შიმი“ და „იავანელი გოგონები“ სასიამოვნოდ გააოცა მაყურებელი, პანტომიმებითა და კოსტიუმებით შეუდარებლები იყვნენ.
1929 წლის თებერვალში მოაწყვეს „მეტალის ფესტივალი“, რომლითაც მთელ გერმანიაში გაითქვეს სახელი. მათ ვინც ამ ფესტივალის ორიგინალი მოსაწვევი მიიღო (რკინის ფირფიტაზე დაბეჭდილი), გასასვლელებში მინიატურული ტრანსპორტით დააქროლებდნენ, ეს კორიდორი ბაუჰაუსის ორ კორპუსს აერთიანებდა, რომლის შემდეგაც მთავარ დარბაზში სტუმრებს ხვდებოდნენ ზარების რეკვითა და სასულე ორკესტრის ხმამაღალი ჰიმნებით. შლემერი წერდა: „ბაუჰაუსის პირველივე დღიდან იგრძნობოდა მოთხოვნილება შემოქმედებითი თეატრისა, ჩვენ მუდამ თან გვდევდა „სათამაშო ინსტინქტები“, რომელიც გამოვლინდა ჩვენს ფესტივალში იმპროვიზირებული ნიღბებისა და კოსტიუმების საშუალებით. სატირისა და პაროდიების დაუძლეველი სურვილი საშუალებას გვაძლევდა დაგვეცინა ყველა სერიოზული და ეთიკური თემებისათვის, რაც ალბათ დადაისტებისაგან გადავიღეთ. შედეგად კვლავ აყვავდა გროტესკი, მას აძლიერებდა პაროდიები მოძველებულ-თანამედროვე თეატრზე“.
ძველი თეატრის ასეთი „უპატივცემულობის“ გამო, მსახიობებს არ უყენებდნენ რაიმე მოთხოვნებს, მთავარი იყო ეთამაშათ. შლემერის კლასში ძალიან ცოტა პროფესიონალი მოცეკვავე იყო, თავად შლემერმაც ცეკვა სპექტაკლის კეთების დროს ისწავლა.
შლემერი წერდა დღიურებს, საიდანაც ნათლად ჩანს რამდენს ფიქრობდა და მუშაობდა პერფორმანსის თეორიის შექმნაზე. თავის თეორიას საფუძვლად დაუდო კლასიკური, მითოლოგიური სიუჟეტი აპოლონისა და დიონისეს დაპირისპირების შესახებ. აპოლონი ღმერთია მეცნიერებისა და ხელოვნების, საპირისპიროდ დიონისეს თავაწყვეტილი დროსტარებისა და გართბის. შლემერის თეორიაც ამ ორ ცნებას შორის მერყეობს. ამ ორი მედიუმის სხვადასხვაობის მიუხედავად, შლემერი თვლიდა, რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ. ის წერდა: „ცეკვა აშკარად დიონისეულია, რომელიც მთლიანად გრძნობიდან იბადება, მაგრამ ორ გრძნობას შორის ვიხლიჩები, ერთი მხატვრობაა, ფილოსოფიურ-არტისტული, მეორე თეატრალური, ეთიკური და ესთეტიკური სული“.
შემოქმედებაში, რომელსაც „ჟესტების ცეკვა“ დაარქვა (1926-27), შლემერი შეეცადა ეს კონცეფცია ცეკვით გადმოეცა: სამი ფიგურა, რომელთა კოსტიუმები სამი ძირითადი ფერის იყო (წითელი, ყვითელი, ლურჯი), აკეთებდნენ რთულ, გეომეტრიულ ფიგურებს და გამოხატავდნენ ყოველდღიურობას: აცემინებდნენ, ხარხარებდნენ, ჩუმად უსმენდნენ. ასეთი დემონსტრაციით შლემერი ერთი მედიუმიდან მეორეში გადადიოდა, ორგანზომილებიანი სიბრტყიდან (მხატვრობა, სიმბოლოები) - პლასტიკურში (რელიეფი, სკულპტურა), ხოლო შემდეგ დინამიურ-პლასტიკურ ხელოვნებაში სადაც ადამიანის სხეული მონაწილეობდა. პერფორმანსი შეიცავდა შემდეგ ელემენტებს: ტექსტი ან აბსტრაქტულად დაბეჭდილი ნივთები, დემონსტრაცია, ფიზიკური სახეები სურათების სახით და მათი საშუალებით ხდებოდა გარდაქმნები დროსა და სივრცეში. სივრცის თეორია შლემერის მიხედვით ეფუძვნებოდა სიმბლოებსა და მხატვრობას, მაშინ როდესაც პერფორმანსი რეალურ სივრცეში იყო პრაქტიკა, რომელიც ამ თეორიას ავსებდა.
შლემერის მიხედვით: „სიბრტყეზე გეომეტრიით, სისწორის, დიაგონალურბის, შემოხაზულობისა და სიმრუდისაგან იქმნება სიბრტყის სტერეომეტრია, რომელსაც ამთავრებს ვერტიკალური ხაზი - მოცეკვავე ფიგურა“.
 კონცეფცია „ადამიანი და მანქანა“ ასრულებდა წამყვან როლს ბაუჰაუსის ტექნიკისა და გამოხატულების ფილოსოფიაში. კოსტიუმებიც ისეთი მანერით იკერებოდა, რომ ადამიანი დამსგავსებოდა მანქანას. ცეკვის სტილი მაქსიმალურად უახლოვდებოდა მექანიკური თოჯინების, მარიონეტების მოძრაობას. თითქოს უხილავი ძაფებით აცეკვებდნენ მექანიკურ თოჯინებს. 1926-27 წლებში შლემერმა დადგა სპექტაკლი „ბედის ირონია“. ჩანაფიქრი, როგორც ხშირად ხდებოდა აბსურდული იყო. პანტომიმა თამაშდებოდა კიბეზე და მთავარი გმირი იყო კლოუნი (ჩაცმულობა - მანქანას მიმსგავსებული). არტისტს (ვაინინგერი) მიეცა სრული თავისუფლება მარიონეტის განსახიერებისთვის, თუმცა ბაუჰაუსის წამყვანი მსახიობის ტიტული ენრიკო რასტელიმ მიიღო (ცირკის მსახიობი), რომელიც შლემერმა ბერლინში გაიცნო 1924წელს. ის ოსტატურად ჟანგლიორობდა 9 ბურთით. მალე ეს ვარჯიში ბაუჰაუსის მსახიობებისათვის ყოველდღიური გახდა.
მხატვრობა და პერფორმანსი ბაუჰაუსის მუდმივი ფიქრის საგანი იყო. 1917 წელს პიკასომ თავის ბალეტში „პარადი“ შეიძლება ითქვას, რომ ფიგურები შუაში დაგლიჯა: მათ სხეულს ფარავდა გიგანტური კონსტრუქციები, ხოლო ფეხებს - შარვალი ან საბალეტო კოსტიუმი და ფეხსაცმელი. ეს იდეა პიკასომ თავისი კუბისტური ტილოებიდან აიღო, თუმცა ამას შლემერი ვულგარულად თვლიდა. ამ მხრივ საინტერესოა შლემერის „მაგიდის წევრები“ (1923წ.). ატმოსფეროს ქმნის ცისფერი ჰორიზონტი. ჩაბნელებულ ცენტრში გრძელი მაგიდა დგას, რომელზეც ჭიქები ალაგია, ჰორიზონტზე მოჩანს ვეება ჩრდილი, ადამიანზე სამჯერ მეტი, ის ნელ-ნელა პატარავდება ნორმალურ ზომამდე, შემოდის გროტესკული გარეგნობის ნიღბოსანი და ჯდება მაგიდასთან. ასე გროვდება უცნაური საზოგადოება, სულ 20 პერსონაჟი, ნიღბებით. სამი პერსონაჟი: „უსაშველოდ გრძელი“, „საოცრად მოკლე“ და „არისტოკრატულად ჩაცმული“ სცენის ჭერიდან ეშვებიან, თითქოს არსაიდან და იწყება ძალიან პირქუში ცერემონია. მოქეიფეები სვამენ, თვრებიან, შემდეგ მიდიან მაყურებლისკენ, სცენის კიდემდე. ასეთი გზით შექმნა შლემერმა  სურათის ატმოსფერო მისი უსაზღვრო პერსპექტივით.
1928 წელს ვასილ კანდინსკი სხვა გზით წავიდა, მან სურათები თავად „პერსონაჟებად“ გამოიყენა. ამის მაგალითია სპექტაკლი „სურათები გამოფენიდან“, რომელიც დესაუში დაიდგა.  კანდინსკიმ არჩია მუსორგსკის კომპოზიცია, რომელიც გამოფენის ავტორის ვიქტორ გარტმანის მეგობარი იყო. რეჟისორმა შექმნა მუსორგსკის მუსიკალური ფრაზების ანალოგიები გარდმანის ნახატების მოძრავი ფორმაბითა და სინათლის პროექციებით. ყველა სურათი (სულ თექვსმეტი) აბსტრაქტული იყო გარდა ორისა. მისი ძირითადი საშუალებები იყო თვითონ ფორმა, ფერები, განათება,  მხატვრობაში ჩაღრმავება და მუსიკასთან შერწყმა.
 ბალეტმა "ტრიადა" შლემერს მოუტანა საყოველთაო აღიარება და მის ყველა პერფორმანსთან შედარებით შორს გაუთქვა სახელი. პრემიერა შედგა 1922 წელს შტუდგარდში. წარმოდგენა  ლამის 10 წელი გრძელდებოდა და განასახიერებდა შლემერის ყველა ჩანაფიქრს. რეჟისორი წერდა: „რატომ ტრიადა? იმიტომ რომ სამი მოცეკვავე მონაწილეობს და სიმფონიური არქიტექტონიკის სამი კომპოზიციაა. შერწყმულია კოსტიუმი, ცეკვა, მუსიკა და ბალეტი, რომელიც სამ საათს გრძელდება“. აქაც მაქსიმალური მსგავსება მექანიკასთან, მარიონეტებთან, მუსიკა თითქოს დამატებაა. ბალეტი იყო მეტაფიზიკური დღესასწაული, რომლის დროსაც სამი მოცეკვავე გამოდიოდა 18 კოსტიუმით და ასრულებდნენ 12 ცეკვას. ეს ნაწარმოები იყო საოცარი წონასწორობა აბსტრაქტულ კონცეფციასა და ემოციურ იმპულსებს შორის, კარგად ერწყმოდა ინტერესებს ტექნიკასა და ხელოვნებასთან, რაც ბაუჰაუსს ახასიათებდა. მოწაფეები იმიტომ მიდიოდნენ ბაუჰაუსში, რომ „განკურნებულიყვნენ ექსპრესიონიზმისგან“, სამაგიეროდ სწავლობდნენ „მეტაფიზიკური ცეკვის“ რთულ ფილოსოფიას, ითვისებდნენ ვარიეტეს, იაპონურ თეატრს, თოჯინების თეატრს და საცირკო ხელოვნებას.
სანამ ბაუჰაუსი ვაიმარში მოღვაწეობდა არ ჰქონდათ თეატრის შენობა და რეპეტიციები პირდაპირ სახელოსნოებში მიმდინარეობდა. 1925 წელს გადავიდნენ ქალაქ დესაუში, სადაც ხელისუფლებამ საკუთარი თეატრი აუშენა. ამ დღიდან შეიქმნა თეატრალური ოსტატობის სკოლა. მართალია თეატრის შენობა იყო უბრალო და რაციონალური, მაგრამ კრეატიული იდეების წყალობით მაინც ახერხებდნენ ჩანაფიქრის განხორციელებას. შმიდტმა დაამონტაჟა მექანიკური სცენა, რაც ბევრ საშუალებას იძლეოდა. თავად თეატრის შენობა სფერული ფორმის იყო, სპეციალურად გათვლილი მექანიკურ პიესებზე. მექანიკური სცენა ისე იყო მოწყობილი, რომ ყველა ტექნიკური მოწყობილობა, რომელთაც სხვა თეატრები მაყურებლისგან საგულდაგულოდ მალავენ, წინა პლანზე იყო წარმოჩენილი. ამით ხაზს უსვამდნენ, რომ ტექნიკური პერსონალი მსახიობებზე არაფრით იყო ნაკლები, ამავდროულად ითვალისწინებდნენ მაყურებლის დიდ ინტერესს კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესებისა.
აღსანიშნავია კისლერის ნოვატორული იდეა - კინოფირის გამოყენება სპექტაკლის დროს. წარმოდგენის მსვლელობისას ირთვებოდა ფირი, მაგალითად როგორ მუშაობენ ფაბრიკაში მუშები, სცენის სიღრმეში გაკეთებული პროექცია იძლეოდა რეალობის ილუზიას, თითქოს მსახიობებიც ფაბრიკაში იყვნენ. კურიოზი ის არის, რომ პოლიცია მუდამ შიშობდა, რომ ეს პროექცია როცა იქნებოდა ხანძარს გააჩენდა და ყოველ სპექტაკლზე ჩაირთვებოდა თუ არა პროექტორი სახანძრო მანქანები მოდიოდნენ სირენით. კისლერს ეს სირენები ძალიან მოსწონდა და ოსტატურად შეუთავსა სპექტაკლის მსვლელობას.
დესაუში ბაუჰაუსის პერფორმანსი უკვე საყოველთაოდ ცნობილი იყო. 1927 წელს შლემერი ლექციებზე იმეორებდა: „ჩვენი მიზანია გადავიქცეთ მოხეტიალე დასად. მივიდეთ ყველგან და ვაჩვენოთ ჩვენი შემოქმედება ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს“. მსურველი კი ყველგან იყო და ასე დაიწყო ტურნე მთელს ევროპაში. პერფორმანსი შედგებოდა რამდენიმე განყოფილებისგან:
 „მეტალისებური ცეკვა“- ფარდა იხსნება, ყველაფერი ჩაბნელებულია, სცენის სიღრმეში ნათდება გამოქვაბულის შესასვლელი, საიდანაც გამოდის თეთრებში შემოსილი ქალი, ბრჭყვიალა ბურთებით, ისმის მეტალისებური მუსიკა და მსახიობი ასრულებს მექანიკურ ცეკვას. ის ისევე უცებ ქრება, როგორც გამოჩნდა.
„სივრცის ცეკვა“ - დიდი შავი სცენა დახაზულია კვადრატებითა და დიაგონალებით, გამოდის ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი, უცნაური მრგვალი ნიღბით და ხაზებზე იწყებს ხტუნვას. მეორეც ასეთივე ნიღაბშია, ოღონდ სულ წითელი, მოძრაობს იგივე ხაზებზე, ოღონდ დიდი ნაბიჯებით. მესამე ლურჯი კოსტიუმით არის, არ აქცევს ყურადღებას სცენის ნახაზებს და თავისუფლად დასეირნობს. შლემერის ეს ლტოლვა ციფრი სამისკენ ამჯერად მიგვანიშნებს ფერებით ფორმების განსხვავებაზე: „ყვითელი - მკვეთრი ნახტომები“, „წითელი - ფართო ნაბიჯები“ და „ლურჯი - წყნარი სიარული“.
„თამაში კუბიკებით“ - ეს მერვე ცეკვაა ამ რეტროსპექტულ პერფორმანსში. სცენაზე კუბიკების კედელია, საიდანაც სამი ფიგურა მოძვრება. ისინი დაშლიან კუბიკების კედელს და თავიდან აწყობენ სცენის შუაში, შემდეგ ცეკვავენ მის ირგვლივ.
„კულისების ცეკვა“ - ერთმანეთზე დალაგებული დაბრკოლებები, რომელთა შორისაც რითმულად და სწრაფად ჩნდებიან ხელები, ფეხები, თავები, ტანი. გაოცებული კრიტიკა საქებ სიტყვებს არ იშურებდა „აქ ყველაფერია, მაგრამ ნურაფერს ეძებთ, ვერ იპოვით“, „აქ არ არის რაიმე შეგრძნება, რაც შენ გაქვს იმას აძლიერებენ“ და ა.შ.  ასეთი რეცენზიებით ფრთაშესხმულები 1932 წელს წავიდნენ გასტროლებზე პარიზში „ბალეტის ტრიადით“. სამწუხაროდ ეს გასტროლი უკანასკნელი გამოდგა, გერმანიაში ფაშიზმი მოდიოდა, მკაცრმა ცენზურამ დაამსხვრია შლემერის გეგმები და ბაუჰაუსი დაიშალა.


გამოყენებული ლიტერატურა:
«Искусство перформанса. От футуризма до наших дней»
Год издания:   2015 Издательство:     
Ад Маргинем Серия:  Совместная издательская программа с МСИ «Гараж»


ნუცა კობაიძე

Comments

Popular Posts