კაწია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია...


           
„ქალი, ეს არის დამტვრეული თოჯინა კაცების ხელში, მუდმივი სევდა, შებღალული და ფეხქვშ გათელილი სიყვარული...“
ეს სპექტაკლი გახლავთ პირველი იმ ოთხიდან რაც წარმოგვიდგინა რეჟისორმა დიმიტრი კრიმოვმა, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში (16,17 ოქტომბერი). სწორედ ამ წარმოდგენით  „კაწია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია...“ გაიცნო ქართველმა საზოგადოებამ კრიმოვი და მისი დასი, თუმცა ანშლაგი მიუთითებდა იმაზეც, რომ მაყურებლის ნაწილმა ძალიან კარგად იცოდა რაზეც მოდიოდა - არაჩვეულებრივ, საინტერესო და ავანგარდულ პერფორმანსზე.
 სიყვარული დამანგრეველია ქალისათვის, მისი ბედისთვის. შვიდი, შავ ფრაკში გამოწყობილი, „ჯელტმენი“ ხალისით ყვება თავის დამოკიდებულებას საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ, მშვიდად და აუღელვებლად ეწევიან სიგარეტს, თითქოს მათი ცხოვრება უპრობლემო და ჰარმონიულია. ქალები კი ამ დროს წარმოდგენილები არიან, როგორც თოჯინები, სათამაშოები, რომლებსაც ცოტა ხნის ხმარების შემდეგ, როგორც წესი, ყველა ყრის ან ისეთ ადგილს უძებნის საიდანაც აღარასდროს იღებენ.
სამი თოჯინა, სამივე სასაჩუქრე ყოთიდან ევლინება მაყურებელს. ერთ-ერთს შემთხვევით მოახრჩობენ, მეორეს წელს აგლეჯენ, მესამესაც აძინებენ სამუდამოდ, მათ სიცოცხლე დიდხანს არ უწერიათ მამაკაცების ხელში. ისინი მარიონეტებად არიან ქცეულები, რომლებმაც სიამოვნება უნდა მიანიჭოს გარშემომყოფებს და შემდეგ დაიღუპონ. სწორედ ასე იღუპება პოლია, რომელიც გამოძვრება თუ არა თავისი ყუთიდან უკვე განწირულია, ის კაცის ალერსის დროს იძინებს და ქვავდება სამუდამოდ, გაშეშებულ გოგონას ისევ ყუთში სვამენ და აღარასდროს იხსენებენ.
სცენაზე შემოაქვთ თეატრალური მაკეტი - შემოდგომა, რუსეთის პროვინციული ქალაქი, ბუხრიანი სახლი, ლამაზი ბაღით, ცაზე ვარსკვლავები, ბაღში სკამზე მჯდომი მშვენიერი ქალბატონი და იქვე მამაკაცი, წარმოდგენილია ოცნება და წარსული, რომელიც აღარ აპირებს განმეორებას. კრიმოვი არაჩვეულებრივად ახერხებს სცენური ნივთებით თამაშს: ყუთები, კვამლი, ცეცხლი, განათება - ეს ყველაფერი მოწოდებულია ბუნებრივად და უფრო ალამაზებს წარმოდგენას.
ფინალში ვხედავთ მუზეუმს და გიდს, რომელიც ცდილობს მოსული ტურისტები დააინტერესოს იმ ისტორიით რამაც ჩვენ თვალწინ გაიარა სპექტაკლის დროს, ტურისტებს ასახიერებს  შვიდი, ფრაკში გამოწყობილი, მამაკაცი; მათ სრულებით არ აინტერესებთ მონაყოლი, რაც საღეჭი რეზინების ბერვით და აგდებული დამოკიდებულებით გამოიხატება. მათი წასვლის შემდეგ სცენაზე რჩება პატარა სათამაშო რობოტი, რომელიც როგორც ბავშვი ისე მოძრაობს და ეძებს გასასვლელს სივრციდან.
                                                      
       

Comments

Popular Posts