ჟირაფის სიკვდილი


                     
დიმიტრი კრიმოვის მორიგი წარმატებული სპექტაკლი აღმოჩნდა „ჟირაფის სიკვდილი“, რომელიც ჩატარდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში.
სპექტაკლის დაწყებას ჩაიდნის დუღილის ხმა გვამცნობს. ოთხი მუშა შემოდის და იწყებს ჩაის სმას. ყველა სხვადასხვანაირად მიირთმევს, თითქოს ჩვეულებრივი ყოფითი სცენაა, მაგრამ ეს ხომ თეატრია, ისმის დოლის ხმა, მსახიობები ამთავრებენ ჩაის სმას და იწყება საცირკო ნომერი - სხვადასხვა ფერადი კუბიკების საშუალებით პერსონაჟები უგრძელებენ მაგიდას ფეხებს, ბოლოს იმ სიმაღლეზე აყავთ, რომ წარმოუდგენელი ხდება მიწვდე ფინჯანს (თითქოს სიმბოლო იმის თუ როგორ იკარგება ნელ-ნელა კულტურა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩაის სმის და იკარგება ის მყუდრო გარემო რაც თან ახლავს მას), შემდეგ მაგიდის ერთ ბოლოში ძლივს დებენ გრძელ ჭრელ მილს, თავზე ბუშტით და მეორე ბოლოში კიდებენ თოკს - აი თქვენი ჟირაფი. ესეც არაჩვეულებრივი წარმოდგენა, თუ როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი მაგიდა ავანგარდულ ჟირაფად. სცენაზე გამოყავთ სათამაშო ვეფხვი, მოცეკვავე დათვი ველოსიპედზე - რა საკვირველია ეს ნამდვილი ცირკი არ არის,  საშუალება რომ იყოს ცოცხალი ცხოველების გამოყვანის, მაგრამ ამას, რომ თავი დავანებოთ  რეჟისორს თავისი სათქმელი აქვს ამ მიზანსცენით, ფორმებით თამაში და მარიონეტებად ქცეული ცხოველები ხაზს უსვამს ადამიანის უკიდეგანო ძალაუფლებას. და ბოლოს სასიკვდილო ნომერი - ჟირაფის საპირისპირო მხარეს დგება მამაკაცი, მას მხრებზე ადგება ქალი, რომელიც ბრუნით ხტება ძირს და ჩვენი ჟირაფიც იღუპება - იმსხვრევა კონსტრუქცია.

იწყება სპექტაკლის ძირითადი ნაწილი, კერძოდ ჟირაფის პანაშვიდი. ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, სრულიად უცხო ადამიანებიც კი პანაშვიდზე სათითაოდ იწყებენ საუბარს საკუთარ თავზე. პირველი ალაპარაკდება ჟირაფის დედა, რომელიც ინვალიდის ეტლში ზის და რომელსაც ამ ცხოველის ფორმა აცვია, ის მაყურებელში იწვევს სიცილს (ალბათ ვიზუალის გამო), საუბრობს თავის დამოკიდებულებაზე ვაშლის და თევზის მიმართ. ერთმანეთის მიყოლებით ისმის აბსურდული, ლირიკული მონოლოგები, რომლებიც ძალიან პირადულია თან სახალისოს და ამავდროულად მელანქოლიურსა და გულახდილს ხდის ცერემონიალს. შემდეგ საუბარს იწყებს გარდაცვლილის ვაჟი, რომელიც გამოირჩევა ორიგინალური კოსტიუმით (მაისურზე მიხატული ჟირაფის ყელი და თეთრი საღებავით დაპატარავებული შავი პიჯაკი, რომელიც ცხოველის ილუზიას ქმნის), ჟირაფის ცოლი, სხვა გასვენებიდან მოსული  მუსლიმი ქალი (რომელიც იცინის „ხმელ სუნელზე“, საუბრობს რუსულად, ინგლისურად, ქართულად, მღერის ფრანგულად, იქცევა თავისუფლად და არის დამოუკიდებელი მყარი ადამიანი), კლოუნი - კოლეგა და მეგობარი მიცვალებულის და ბოლოს ფრანგი ქალი, რომელიც უშუალოდ ესაუბრება მაყურებელს.
ასე მთავრდება ჟირაფის დასაფლავება და ამდენი საუბრის მერეც კი ჩვენ მაინც ვერაფერს ვიგებთ გარდაცვლილის შესახებ, გარდა იმისა, თუ როგორ დაიბადა იგი ჩვენს თვალწინ სპექტაკლის დასაწყისში, არადა თითქოს მასზე უნდა ყოფილიყო გაკეთებული აქცენტი. პანაშვიდზე მოსული ხალხი აღარ ფიქრობდა ჟირაფზე, თავის პრობლემებზე წუწუნებდა, ვინ ესვენა მის წინ სულ არ აინტერესებდა. გარდაცვლილი გაფრინდა საიქიოში, როგორც ეკრანზე გამოსახული თევზი და ფლამინგო.
ჟირაფის სიკვდილი მთავრდება, ავანსცენიდან ისევ ვბრუნდებით ცირკის არენაზე სადაც „ხიდზე გადასული“ პატარა ბავშვი, სინათლის ბილიკით, ოთხით გადის სცენიდან - შეიძლება ის აღვიქვათ როგორც ჟირაფის სული ან როგორც ადამიანი, რომელიც ცხოველის შემდეგ აგრძელებს მოღვაწეობას ცირკში.

                                                                                      

Comments

Popular Posts